დავით კლდიაშვილი - სამანიშვილის დედინაცვალი - I ბეკინა სამანიშვილი, რასაკვირველია, ღარიბი აზნაური იყო, გვარიანი ღარიბიც. აბა, რა სიმდიდრეს მოასწავებდა ის ოცდაათი ურემი სიმინდი, ორმოცი ჩაფი ღვინო და ათიოდე ბათმანი ლობიო, მის მამულს რომ შემოჰქონდა და რითაც თავს ირჩენდა წლიდან-წლამდის ბეკინას ოჯახი. მაგრამ ბეკინას კი თავისი თავი მდიდრებში მოჰქონდა და ვინ იქნებოდა, რომ თავის სიღარიბეზე ერთი სიტყვა წამოეცდევინებინა ბეკინასთვის? როგორც იმერეთში ამბობენ, ერთობ გადაპრანჭული იყო ჩვენი ბეკინა.
როცა შინაურობაშიაც ლაპარაკს გააბამდა ბეკინა თავის გამოულეველ სარჩოზე, ღონიერ ლუკმაზე, მისი ერთადერთი ცოლშვილიანი ვაჟიშვილი პლატონი, თუმცა ტრაბახობად მიაჩნდა მოხუცებული მამის ასეთი სიტყვა, მაინც არას ეუბნებოდა საწინააღმდეგოს და მხოლოდ პირჯვრის გამოსახვით იტყოდა ხოლმე:
ამაზედაც გმადლობ, უფალო! ამაზედაც გმადლობ, უფალო!
ამ წამოძახილით პლატონი თავის გულითად მადლობას უცხადებდა ზეციერ მამას, რომ შემცილებელი არავინ გაუჩინა მას ღარიბ ლუკმაში. თავის ცოტაზედაც კმაყოფილი, ამ თავის მცირედითაც ბედნიერი, იგი გულმოდგინებით ურტყამდა თოხს მიწას და ოჯახში სრული კმაყოფილება სუფევდა.
თუ რამ საწყენად ჰქონდა ამ ოჯახს, ეს იყო პლატონის ცოლის მელანოს ხშირი შვილოსნობა. ყოველ საოჯახო საქმეში მარჯვე მელანომ შვილოსნობაშიაც არ დააგდო თავისი სიმარჯვე და სულ მოკლე ხანში ოთხი შვილი შესძინა ოჯახს. ხშირად უხუმრია ამაზე რძლისათვის ბეკინას და უთქვამს ღიმილით:
- შე ქალო, ზოგ საქმეში სიმარჯვე მარგებელი კი არა, მავნებელიცაა... ე შენი ქმარი შეიბრალე, შე კარგო ქალო! - და ამასთან ბეკინა გულიანად გადიხარხარებდა ხოლმე.
- არაფერია... შიშს გულში ნუ შოუშობ... ღმერთი მოწყალეა, თავის გაჩენილს უმოწყალოდ არ დააგდებს, ვენაცვალე მის ძლიერებას, ყორიფელი მისი ნებაა. ალბათ, სურს, რომ სამანიშვილები მოამრავლოს. მასაც ქვეყნად მხოლოდ რჩეულები უნდა რომ ჰყავდეს! ხა, ხა, ხა!..
არც პლატონს ჰქონდა სასიამოვნოდ, რასაკვირველია, ბევრი შვილი, მაგრამ რას იზამდა, მხოლოდ თავს გააქნევდა, როცა მათ თვალს გადაავლებდა ხოლმე.
ამ გარემოების გარდა სხვებრ სწორედ ბედნიერად სთვლიდნენ სამანიშვილები თავიანთ თავს. დროებამ ისე მოიტანა, რომ მათი მცირე ქონებაც კი სიმდიდრედ ითვლებოდა, და მის მქონებელს არა თუ აკმაყოფილებდა, არამედ ბედნიერად აგრძნობინებდა თავისთავს და მადლობას წარმოათქმევინებდა უფლისადმი.
რა შესაშურებელი უნდა ყოფილიყო ასე ცოტაზე დამყარებული კმაყოფილება და ბედნიერება?! რა სახარბიელო უნდა ყოფილიყო კაცის მოუთხოვნელობით მოპოვებული გულის სიმშვიდე?! მაგრამ ბედნიერება, რაგვარიც უნდა იყოს, ვის შერჩენია ბოლომდის, რომ სამანიშვილისას ფეხი მოედგა მჭიდროდ? ან კი რა საფიქრებელი იყო, რომ ასე ცოტათი შემოტყუებული ბედნიერება ისევ ცოტა მიზეზითვე ხელიდან არ გამოეცლებოდათ, სუსტ საფუძველზე დამყარებული კმაყოფილება არ მოესპობოდათ!.. უბედურების დასაწყისად ბედმა მოუსპო დღე საწყალ მარიკას, ბეკინას ცოლს.
დედის სიკვდილი თავისთავადაც მწარე იყო შვილისათვის, რომ სხვაფრივაც სამწუხარო არ ყოფილიყო. ბეკინა მეტად ჭარმაგი მოხუცებული იყო და ამის გამო საშიშარი იყო, უცნაური სურვილი მეორე ცოლის შერთვისა გულში არ გავლებოდა. დედინაცვლის დანახვის შიში და დედინაცვალთან "თან-მომყოლისა" თავზარსა სცემდა აქამდის გულდამშვიდებით მცხოვრებელ აზნაურს. აი, მაშინ იქნებოდა სწორედ "ძმა ძმისთვისო - შავი დღისთვისო".
ცოლმაც და ქმარმაც გააორკეცეს მოხუცებული მამის პატივისცემა და მოვლა; ორივენი გაფაციცებით თავს დასტრიალებდნენ დაქვრივებულ ბეკინას და თავგამოდებით ემსახურებოდნენ, თვალში შეჰყურებდნენ, რომ ყოველ მის სურვილსა და საწადელს მისგან გამოთქმამდის მიმხვდარიყვნენ და იმწამსვე აესრულებინათ. ერთი სიტყვით, პლატონიც და მელანოც დღედაღამ იმის მეცადინეობაში იყვნენ, რომ მოხუცებულის გული მოეგოთ და თავიანთი თავი შეეყვარებინათ, რაც შეიძლებოდა, მეტად. ამაში კიდევაც მიაღწიეს თავის წადილს. ბეკინა დიდად აფასებდა რძალ-შვილისაგან ყურადღებას, მეტად მადლიერი იყო მათი და გულაჩვილებული, კიდევაც იტყოდა ხოლმე მათთანაც და სხვებთანაც:
- ეჰ, ერთი ჩემს მარიკასაც დასცლოდა ამისთანა ყოფნა, ამათთანა ღვთისნიერი შვილების მზერა! ჰეი, ჰეი! - თან ამოიოხრებდა ხოლმე ამ სიტყვებთან ერთად ბეკინა.
ამის გამგონ ცოლ-ქმარს იმედი ეძლეოდა, რომ ბეკინა მეტად დაშორებული უნდა ყოფილიყო რაიმე მათ საწყენ საქციელს და ბოლოს კიდეც სრულიად გული დაიმშვიდეს. მაგრამ ბეკინას ამ კმაყოფილებასა და განცხრომაში, შვილების სიყვარულთან ერთად, სხვადასხვანაირი ნატვრაც გულში ეპარებოდა და დროთა განმავლობაში ეჯინებოდა... იმ სასიამოვნო მდგომარეობაში, მას რომ ეღირსა, უფრო სიამოვნებით, უფრო ტკბილად იგრძნობდა თავისთავს, თავისი შესაფერისი ამხანაგიც რომ ჰყოლოდა ვინმე... ასე ფიქრობდა გუნებაში ბეკინა და ეს აზრი, შემდეგ სურვილად გადაქცეული, ბოლოს აუცილებელ წადილად გადაექცა; მის გუნებაში, ასე რომ მოაგვაროს, ბედნიერთა უბედნიერესი კაცი იქნებოდა. მისი აზრით ეგ მისი წადილი მის მოსიყვარულე შვილებს არც კი უნდა სწყენოდათ.
- განა ჩემს კარგად ყოფნაზე არ მეცადინეობენ?!. რასაკვირველია, არ ეწყინებათ! - აჯერებდა თავისთავს ბეკინა. - ან კი რაზე უნდა ეწყინოთ?..