გიორგი ლეონიძე - ნატვრის ხე
დედას
დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ია ამოდისო!.. - ასე იტყოდნენ ჩემს ყრმობაში.
ჩემი სოფლის ტყისპირებში ყოველ გაზაფხულზე ია ბღუჯეულად ამოდიოდა, არემარე სულ ლურჯად გადაიბურებოდა ხოლმე.
მეგონა, მთელი ქვეყნის დედებს აქ ეტირნათ, იმდენი ია ამოსულიყო ჩემი სოფლის მშვენიერ მიდამოებში.
ძალზე მიკვირდა და თან სათუთად ვკრეფდი იებს, მე ხომ თვითეული ია დედის ცრემლი მეგონა!
-უჰ რამდენი უტირნია დედაჩემს! - ქვრივი დედა მყავდა, შავკაბიანი.
იის სიყვარული დედამ შთამაგონა, იასავით სპეტაკი ადამიანი იყო.
თვითონაც ხომ პირველი იების მოსვლის დღეებში გაგვშორდა...
ეს პატარა წიგნი გამთბარია იმ პირველ იების სურნელით და ცხოვრების იმ შეგნებით, რომ ია მხოლოდ დედის ცრემლის ნაწვეთალზე ამოდის.
ამ წიგნს ვუძღვნი ძვირფას დედას, რომელმაც მასწავლა იების სისპეტაკისა და მშობლიური მიწის სიყვარული.
მშობლიურ ხეთა ჩრდილებში
ეს პატარა წიგნი, - ჩემი ყრმობის მოგონებანია. მაშინდელი განცდილი, დანახული ქართულ სოფელში.
მინდა მკითხველს გავუწოდო, როგორც სახილე ტაბაკი თუ ხახალი და მით ჩემი ბავშვობის მოგონებათა ხილი მივუწილადო.
კი არ უნდა ვწერდე, ყვავილებით უნდა ვწნავდე, ჩემი სოფლის ყვავილებით უნდა ვქსოვდე ამ წიგნს კაბადონებს. შიგ ჩემი ცისა და მიწის ღიმილია ჩართული, შიგ ჩემი ყრმობისსუნთქვაა!
რა ტკბილი იყო შუქელვარა დილა პატარძეულში!ოქროვანი ხმით მოწკრიალე გაზაფხულის დღეები, როცა ჩვენც ნუშებივით ვყვაოდით, როცა ფეხქვეშ მიწა გრიალებდა, გული გვედგაოქროს ბურთისა და თავს ოქროს წვიმა გვაწვიმდა.
ეს ჩემი სიტყვაც იმ გაზაფხულის დილიდან არის გამონაწური, იმ წყაროებიდან გამონაჟონი, რომელთა თავზე მდგარ ნიგვზნართა ხეივანში გულყვითელა "ბიჭო გოგიას" მომძახოდა,როგორც თანამოსახელესა და მეგობარს...
ეს სიტყვები იმ ლურჯთვალა იებში მიპოვნია, ჩვენს მიდამოებში რომ
ვკრეფდი, იმ ყაყაჩოგარეულ ჯეჯილებში, მზით ამოვსებულ თავთავებში,
შეთქვირებულ ყანებში რომ დგანან სხივმოსილი სიტკბოებითა და იდუმალებით.
ვერცხლულა იორი მიმღერდა ამ სიტყვას, ვენახებიანი, ხილნარიანი,
ბარდნარ - ჭალებიანი, ჯალჯიან - შამბნარიანი.
ივრის თვალსამოთხე ნაპირები - ალაგ ქვიშრობში გამონაჟური
ფშებით, სველი ღვინჭრობებით, ხასხასა მდელოთი, იყო ჩემი ყრმობის ემბაზი, ჩემი პირველი პოეტური საასპარეზო.
იქ ივრის წნორებს ვუკითხავდი ჩემს პირველ ლექსებს.
იქ რიყიანი და ხმიანი იორი მასწავლიდა ქართულ ლექსის მუსიკას!
დღესაც იქით არის ჩემი მუდმივი მისახედავი, იქიდან ველოდები ჩემი სიმღერის ხმებს.
ისევ იქა დგას ჩემი მშობელი დედა ვაზებით გარმოდგმული, ქართულკაბიანი, იქიდან მეღიმილება!
დილის სხივთა სიმღერაში ფუტკრის ზუზუნი მიყვარდა!
რა კარგი იყო ჩვენი წყნარი საფუტკრე! - აპრილის დილით რომ შევიდოდი, ატმის ქვეშ ვარდისფერი თოვლი რომ იდო!ნიავს თუ გაევლო წუხელ ჩვენს საფუტკრეში!ნეტავ კიდევგამარბენინა ჩვენი იასამნის ქვეშ!
... ჩვენი დაბადაგებული ცაცხვები, ზედ შესეული ფუტკარი... ჩემი შრომის მაგალითი ჯერ ფუტკარი იყო, მერე დედაჩემი და სოფლის ხალხი!
ამ წუთშიც ისევ მომესმის ჩვენი კალოს სევდიანი ოროველა, საწნახლის სამაჭრე ღარის შხრიალი, ჩვენი ბოსტნის მწვანილეულის ფშვინვარება.
ისევ მეზმანებიან ჩემი ალ - ავარდნილი ვარდები, სამასწლოვანი ფშატი, რთვილივით რომ ჩამოჰყრიდა ყვითელ ყვავილს... ყრმობისას დაკმეული მისი სურნელი დღესაც გულზეტკბილად მომებოლება. ჩვენი რქაგალაღებული ვაზები, თავთავდაწმენდილი, აყრილი ყანები!
ეს სიტყვები იქა მაქვს აკრეფილი, იქ მაქვს ნაპოვნი - იმ მოოქროვილ დღეთა ყვავილსურნელება ახლაც ისევ მესალბუნება!
და ისევ... დაყანებული, ყვავილოვანი მინდვრები... ტყეების ბურვილი თავგუმბათი... ნუშის, ატმის და ვაშლის, ტყემლის გამოფეთქილი ნამქერი, - ბუნების მადლიანი, შეუზომელისილამაზე!
... ისევ იორის ლაჟვარდული ჩაღიმილება, მისი სადაფური აელვარება, ქვიშასა და კენჭებზე გადამავალი ტბორი ფაშაწყაროსი, უწმინდესი კამკამა ჭავლებით.
ჩემი მეორე მშობელი – იორია!
როგორ მიყვარდა ივრის ბროლნამსხვრევი, დაიისფერებული ზვირთები, მუდამ მჩქროლავი, მთრთოლავი ტოროლას ფრთებივით, მხიარული, მოსიყვარულე!
ახლაც ისე ვერ შევხედავ იორს, რომ გული არ ამიჩქროლდეს!
ისევ ჩემი სამწყურვალოა იორი!
მთელი ჩემი ბავშვობა მის ერთ ციმციმა ზვირთზე იყო აკიდებული და იმ ზვირთმა დიდი ხანია ჩაიქროლა, ჩაიგრიალა!
რა კარგი იყო ივრის მურწა, ნაფოტა, ჭანარი! მიყვარდა ჩანგლის ჩაყრა დილით, ბადის მოსმა, ხოლიხი, ივრის ტოტის დაწურვა, დაწყვეტა, მერე ქვებში ხელაობა.
ხან მორევში ჩახერგილ კამეჩის გახრეშილ ქედზე ყინჩად ჯდომა. ხან მორევის ძირში ყურყუმელაობა. დავრბოდით, დავკუნტრუშობდით ბასრი ეკლით მოკირწყლული ტერფებითჭყანტობ - ჭაობნარში. ეჰ, ვინ იცის რამდენჯერ შემჭრია ფეხისგული ფესვის ამონახეთქზე? ვინ ჰგრძნობდა ტკივილს?
ლურჯად ციმციმებდა იორის თვალი. საამო იყო ცვართა გადაშხეფება, ნიავზე