სულხან-საბა ორბელიანი სახელდება, სახელის დარქმევა უმნიშვნელოვანესი ადამიანური და ლინგვისტური პროცესია.
ენის, ყოფიერების სახლში, მხოლოდ ის ნივთები, ცნებები, ცხოველები, ფრინველები - მოკლედ, ის მატერია არსებობს, რასაც ენაში სახელი აქვს. ეს ბიბლიური პირველქმნადობის თანამდევი მოქმედებაა - შვიდ დღეში შექმნილ სამყაროს ადამმა სახელი უწოდა და დაეპატრონა. აქედან გამომდინარე, ქაოსი მხოლოდ სახელდების პროცესის შემდეგ ხდება წესრიგი.
ქართულ ენობრივ სივრცეში სახელების დამრქმევის თუ უკვე არსებული სიტყვების შემგროვებლის, დამხარისხებელისა და შემნახველის ფუნქცია სულხან საბა ორბელიანს ერგო, მწერალს, მოგზაურს, საზოგადო მოღვაწეს, სახელმწიფო და საეკლესიო მოღვაწეს, მეფის გამზრდელს, ენათმეცნიერსა და ლექსიკოგრაფს - ვისაც ერთი ევროპელი მოგზაურის თქმით, ქართველები "ერის მამას" ეძახდნენ.
სულხან-საბა ორბელიანი 1658 წელს ქვემო ქართლის სოფელ ტანძიაში დაიბადა, მამა, ვახტანგი, ქართლის სამეფოს მდივანბეგი იყო; დედა, თამარი, - ზაალ არაგვის ერისთავის ასული. ს. ს. ორბელიანს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა თავის მამიდაშვილებთან - ვახტანგ V და ქართლის მეფე გიორგი XI შვილებთან.
რთულ პერიოდში მოუხდა მოღვაწეობა სულხანს. 1688 წელს ირანის შაჰმა ქართლიდან გიორგი მეთერთმეტე გააძევა და მის ნაცვლად გამაჰმადიანებული ერეკლე (ნაზარალიხანი) გაამეფა, მეფესთან ერთად ქართლი სულხანმაც დატოვა.
1698 წელს დავით გარეჯის უდაბნოს იონა ნათლისმცემლის მონასტერში ბერად აღიკვეცა და ეწოდა საბა.
1703 წელს, ქართლის ტახტი ვახტანგ მეექვსემ დაიბრუნა, სულხანი კვლავ პოლიტიკურ ასპარეზზეა. განსაკუთრებით ნაყოფიერია მისი დიპლომატიური მოღვაწეობა.
სულხან-საბას დიპლომატიური რუკა საკმაოდ ვრცელია.
1710-12 წლებში ორჯერ მიემგზავრება სპარსეთში, 1713 წელს - ევროპაში.1714 წელს ვერსალში საბა მიიღო ლუდოვიკო მეთოთხმეტემ, ხოლო იმავე წლის ივლისსში ორჯერ მიიღო რომის პაპმა კლიმენტოს მეთერთმეტემ.
სამწუხაროდ, საბას დიპლომატიურ მისიას საქართველოსათვის პრაქტიკული ნაყოფი არ გამოუღია.
1716 წელს საბა ქართლში დაბრუნდა და დიდი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა. ჯერ იყო და კათოლიკობის გამო ქართული ეკლესიის რისხვა დაატყდა თავს, მერე კი ქართლის აწეწილმა ვითარებამ ვახტანგ მეექვსესთან ერთად რუსეთში გადახიზნა.
1715 წლის 26 იანვარს მოსკოვში გარდაიცვალა. დაკრძალეს მოსკოვის მახლობლად ვსეხსვიატსკოეს ტაძარში.
* * *
სულხან-საბა ორბელიანის პირველი ლიტერატურული თხზულებაა "სიბრძნე-სიცრუისა". ამ ძეგლის ხელნაწერებზე დასაწყისშივე აღნიშნულია:" ნათქვამი სულხან ორბელიანისა ჟამსა სიჭაბუკისა თვისისა". იგავ-არაკები, ანეკდოტები, ნოველები, აპოლოგები, ზღაპრები თუ თაღლითური რომანის დამახასიათებელი სათავგადასავლო პასაჟები ერთი ამბის ჩარჩოს გარშემო არის დაჯგუფებული, რაც ნაწარმოების ძალიან საინტერესო კომპოზიციას იძლევა.
ნაწარმოები თარგმნილია რუსულ (1878); ფრანგულ (1888); ინგლისურ (1895); გერმანულ (1933) და სხვა ენებზე.
ქართული დოკუმენტური პროზის ერთ-ერთი პირველი და უნიკალური ნიმუშია ს. ს. ორბელიანის "მოგზაურობა ევროპაში", რომელიც დღიურების ფორმითაა დაწერილი. შემორჩენილია მხოლოდ საფრანგეთის, თურქეთისა და იტალიის ქალაქთა აღწერილობა.
ს. ს. ორბელიანმა დიდი წვლილი შეიტანა ქართული სასულიერო მწერლობის განვითარებაშიც. ქრისტიანული მოძღვრების ძირითადი დოგმებია გადმოცემული მის სასწავლო-აღმზრდელობითი დანიშნულების თხზულებაში "სამოთხის კარი". განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორბელიანის ქადაგების კრებულს, ე. წ. "სწავლანს", რომელიც გარკვეულ იდეურ კავშირს ამჟღავნებს იგავ-არაკთა კრებულთან, კერძოდ, "სიბრძნე სიცრუისა"-სთან. მასვე ეკუთვნის ჰიმნოგრაფიული თხზულებანი; დიდი წვლილი მიუძღვის ბიბლიის შესწავლა-რედაქტირებაში. ამ მხრივ აღსანიშნავია "ქილილა და დამანა". მანვე გალექსა ამ კრებულში ვახტანგ VI მიერ პწკარედის სახით გადმოღებული სპარსული ლექსები. იგი ქართული ლექსის ნოვატორადაც მოგვევლინა და ერთმა პირველთაგანმა სათავე დაუდო ქართული ლექსის რეფორმაციას.
ენციკლოპედიურ ელემენტებს შეიცავს მისი "ქართული ლექსიკონი" ("სიტყვის კონა", 1685 - 1716), რომელიც იმ დროისათვის მოწინავე მეთოდოლოგიით გამოირჩევა. მასში ასახულია ქართული სალიტერატურო ენის, კერძოდ, ლექსიკის განვითარების ძირითადი ეტაპები, გაბედულად შემოაქვს ცოცხალ, სასაუბრო მეტყველებაში დადასტურებული ენობრივი ფაქტები.
გარდა ამისა, სულხან-საბა ავტორია შემდეგი თხზულებებისა: "აღთქმა ქრისტიანეთა, რომელთა ენებოს სწავლებად კეთილისა გზისა ჟამსა სიკვდილისასა", "შენდობისა წიგნი წმიდისა პაპისა რომაელისა მიტევებისათვის ცოდვილთა მონანულისა", "ცოლ-ქმართ ნათესავნი ქმრისა და ცოლის ხორც-ერთობისა და მათგან ნათესავთა ერთობისათვის" და "წამება წმიდისა ფლავიოს კლემენტოსისა".
* * *
საინტერესოა ცნობა სულხან-საბას ფარული კათოლიკობის შესახებ, 1687 წლიდან, მიხეილ თამარაშვილის ცნობით, იგი კათოლიკეა, ევროპისკენ მიმავალი საბა 1713 წელს კონსტანტინოპოლში წმინდა ბასილის ორდენის მიმდევარი გახდა.