ქართ-ველური ამბავი
ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, ჩემო ოქროს წყალში ამოვლებულო სპილენძებო, ჩემო სუფრის პატრიოტებო, ჩემო ნაციონალურად გამსჭვალულებო, ჩემო გაკერილებო, ჩემო ძალად მორწმუნეებო, ჩემო ორშაბათიდან დიეტაზე მყოფებო, ჩემო ნიჭიერო, მაგრამ ზარმაცებო, ჩემო ღიპიანებო, ჯიპიანებო და ღიპზე ღვედგადაჭერილებო, ჩეეემოო შარავანნდედიანებო!
ნუ განრისხდებით, როდესაც სარკეში დაინახავთ, რომ ტალახცხებულნი ხართ და ნუ დაამსხვრევთ მას, არამედ მოიშველიეთ კეთილგონიერება და, რაღა თქმა უნდა, თქვენი ქაარრრრრთველური ნიჭიერება და თავად დარწმუნდებით, რომ მართლაც, „გაკერილები“ ბრძანდებით.
თუკი უკვე მოიშველიეთ „ქართველური ნიჭიერება“, ალბათ მიხვდებოდით, რომ მკითხავი არ დამხმარებია იმის გამოცნობაში, თუ რას იტყვით ჩემზე - ნამდვილად იმას, რომ ქართველთმოძულეა, რადგან ის „სიავეს ჩვენსას ამბობსო“. გაგიკვირდებათ და არც გამიკვირდება, დიდ ილიაზეც ხომ ასე თქვით ერთ დროს?! ვიცი, არანაირი მორალური უფლება არ მაქვს, რამე გთხოვოთ, ამიტომ მოვითხოვ, ნურც წიწამურთან მომკლავთ და ნურც სიკვდილის შემდეგ განმადიდებთ, როგორც გჩვევიათ!
ერთხელ უფალმა მოავლინა წერო ფრთიანი
მან გაამრავლა ზარმაცი, ქართველი ადამიანი!
სევდიანი და მრავლისმთქმელი თვალებით გამოვიდა მღვდელი საკურთხევლიდან. ხელში სქელტანიანი წიგნი ეჭირა, რომელსაც დიდი და ლამაზფოჩებიანი სანიშნი ამშვენებდა, ხავერდის ყდაზე კი ოქროსფერი, პრიალა ჯვარი იყო გამოსახული, რომელზეც დროდადრო სარკმელიდან შემოსული მზის სხივი ეცემოდა და იქ მყოფთ თვალსა სჭრიდა. მამა ზენონმა მრევლს დინჯად გადახედა, თითქოს ვიღაცას ეძებდა, პირჯარი გადასახა, წიგნი გადაშალა და წარმოსთქვა:
- გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი.
მერე კი წიგნში ჩაუხედავად განაგრძო სიტყვა.
ტაძარში, სადაც მამა ზენონი მსახურობდა, მრევლის სიმრავლე არავის უკვირდა, თუმცა იმ დღეს ერთ-ერთი საუფლო დღესასწაული იყო და ამიტომ განსაკუთრებით ბევრი ხალხი ესწრებოდა წირვას. იმდენად ბევრიც კი, რომ ბიზნესის ჩავარდნით შეშინებულ ეშმაკს ლამის დაელუქა ჯოჯოხეთი. ერთი ახალგაზრდა სტიქაროსანი წინ და უკან დარბოდა დაბნეული - ქრისტეს სისხლსა და ხორცს ამზადებდა ზიარებისთვის. სტიქარი ახალი ჩაცმული ჰქონდა და კარგად ვერ ერკვეოდა ეკლესიის შინაგანაწესში, ამიტომ ეშინოდა, რამე შეცდომით არ გაეკეთებინა - ახალი ცოცხი კარგად ჰგვის!
მას ჯერ კიდევ უამრავ შეკითხვაზე სურდა პასუხის მიღება ღმერთისგან და რაკი უფალი უშუალოდ არ იბარებდა მისგან ახსნა-განმარტებას, ახალგაზრდა მოძღვარს აოგნებდა კითხვებით - იქამდე ლაპარაკობდა, სანამ ამაოდმეტყველებისთვის არ დაისჯებოდა ხოლმე. იმ დღეს პირველად მოხდა, რომ ლაყბობით კი არა, საქმით დაიღალა და თავისი მოვალეობა ხუთიანზე შეასრულა. ვინაიდან, ახალი თაობის ენით ათიანი ნიშნავს ხუთიანს, საგანგებოდ მათ პატივსაცემად ვთქვათ, რომ სტიქაროსანმა თავისი საქმე ათიანზე შეასრულა. თუმცა, ძველი თაობაც რომ არ დაგვეჩაგროს და დაგვებნეს, ვალდებულნი ვართ ავუხსნათ, რომ ქართულ სკოლებშიც და პოლიტიკაშიც ათიანი იგივე ხუთიანია!!!
ზიარებაც მალევე დაიწყო. სირბილით დაღლილი იოანე დროებით კარისკაცად დააყენეს, რომ ხალხით სავსე ტაძარში აღარავინ შეეშვა, ჭყლეტვა რომ არ მომხდარიყო. ისიც მორჩილად დადგა დედა ეკლესიის კართან და მედგრად შეუდგა მის დაცვას. თუმცა, მშიერ-მწყურვალი და გამოუძინებელი სტიქაროსანი მალე დაიღალა, სარკმლიდან შემოსულ სინათლეს შეხედა და მაშინვე თვალი გაუშტერდა. ერთმა მოხუცმა ქალმა კი, რომელსაც აგერ უკვე რამდენი ხანია მიქელგაბრიელი ინკასატორივით ამაოდ უკაკუნებდა კარზე („არა ვართ სახლში არაააააა!!!“), მისი დაღლილობით ისარგებლა და ტაძარში შეიპარა.
ფიქრებში გართული იოანე უცებ შეკრთა, როდესაც მხარზე ფსკვნილშემოხვეულმა ხელმა მოუღიტინა.
- უი, მათე, შენა ხარ? როგორ შემაშინე. დამაცადე ღვთისმსახურება, ადამიანო!
- დააცადე ღვთის მსახურება, ადამიანოო... - სიცილით გაიმეორა მათემ და ტაძარში შეპარულ მოხუცზე მიანიშნა, რომელიც ხალხის ზღვას ისე მიარღვევდა, გეგონებოდათ, ეს-ესაა ენერგეტიკული სასმელი დალიაო. სმენის დაქვეითების დღიდან ქალბატონს ეგონა, რომ დანარჩენი მსოფლიოც მასთან ერთად დაყრუვდა სოლიდარობის ნიშნად. ამიტომ, ტაძრის შუაგულში გაჭედილი, მთელი ძალით გაჰკიოდა, გამიშვით, გამატარეთ, ავად ვარ და მალე უნდა ვეზიაროო.
- კი მაგრამ, რა ჭირს იმ ქალს, პირველად არის ტაძარში? - გაოგნებული შესცქეროდა ახალბედა იოანე მოხუც ქალს.
- რა, პირველად, - გაეცინა მათეს, - მგონი, თვით იესოც არ იყო დაბადებული, მაგან ეკლესიაში რომ დაიწყო სიარული.
-აბა, რა დაემართა ამხელა ქალს, რანაირად იქცევა, ტაძარშია თუ ოლიმპიადაზე?
- ეჰ, რა ქნას, დაბერდა და აერია კანტაქტები, - უპასუხა მათემ და ორივემ გულიანად გაიცინა.
- უკან დაიხიეთ ერთი ორი ნაბიჯით! - მოუწოდებდა მღვდელი ხალხს. მოხუცი ქალბატონი ჯიქურ მიიწევდა წინ, რამდენიმე წამის შემდეგ კი პირდაპირ მოძღვრის წინ ამოყვინთა და ყველაზე პირველიც ეზიარა.
თქვენ, ისხედით ეგრე!
რაღა თქმა უნდა, ბატონი ჯონი ქართველიშვილიც ტაძარში იყო იმ დღეს. მაცხოვრის ხატის