შესავალი
1967 წელი
ქვით ნაგებ სოფელ კასტელამარე დელ გოლფოში, ხმელთაშუა ზღვის მუქ წყლებს რომ გადაჰყურებდა, მაფიის ერთი დიდი დონი კვდებოდა. ვინჩენცო ზენო ღირსეული კაცი გახლდათ, მთელი ცხოვრების მანძილზე მიუკერძოებელი განსჯითა და სამართლიანობით იყო ცნობილი, ასევე იმით, რომ განსაცდელში მყოფთ მუდამ ეხმარებოდა, ურჩებს კი სჯიდა.
ამ წუთებში მის სარეცელთან იყო სამი მისი მიმდევარი, რომლებსაც თავ-თავიანთი ძალაუფლება და დიდება უკვე მოეხვეჭათ: რაიმონდე აპრილე ნიუ-იორკიდან, ოკტავიუს ბიანკო პალერმოდან და ბენიტო კრაქსი ჩიკაგოდან. სამივენი დონის წინაშე უკანასკნელი ვალის მოსახდელად ჩამოსულიყვნენ.
დონ ზენო ძველი ყაიდის უკანასკნელი მაფიოზი იყო და მუდამ სათუთად იცავდა ძველ ტრადიციებს. ყოველგვარ ბიზნესს აკონტროლებდა, გარდა ნარკოტიკებით ვაჭრობისა და პროსტიტუციისა. არასოდეს მომხდარა, ღარიბი კაცი მის კარს რომ მისდგომოდა და უკან ხელცარიელი გაბრუნებულიყო. კანონის უსამართლობას აწონასწორებდა: რა განაჩენიც უნდა გამოეტანა უზენაეს სასამართლოს, თუკი ის ზნეობრივად უსამართლო იყო, დონ ზენო მას თავისი ნებითა და ძალით აუქმებდა.
ვერც ერთი მექალთანე ყმაწვილი ვერ შეაცდენდა გაჭირვებული გლეხის ქალიშვილს, რომ დონ ზენოს ზეწოლის ქვეშ, ბოლოს და ბოლოს, იძულებული არ გამხდარიყო, მასზე ჯვარი დაეწერა. ვერც ერთი ბანკი ვერ გააკოტრებდა გლეხს ისე, რომ დონ ზენო არ ჩარეულიყო და სამართალი არ აღედგინა. თუკი რომელიმე ახალგაზრდა უნივერსიტეტში სწავლის გულისთვის შიმშილობდა და ყველაფერს იკლებდა, დონ ზენო მას ყოველმხრივ უწყობდა ხელს. ხოლო ვინც მისი „კოსჩას“, ანუ მისი კლანის წევრი იყო, ყველა ოცნება უსრულდებოდა. რომის მიერ დაწესებული კანონი სიცილიაზე არასოდეს მოქმედებდა; ყოველ შემთხვევაში, დონ ზენო მუდამ პოულობდა მისთვის თავის არიდების საშუალებას.
უკანასკნელ წლებში მისმა ძალაუფლებამ იკლო, თანაც სისუსტემ სძლია და ცოლად ულამაზესი ქალიშვილი შეირთო, რომელმაც ვაჟი გაუჩინა, თვითონ კი მშობიარობას გადაჰყვა. ბავშვი ახლა ორი წლის იყო. მაფიის უფროსმა იცოდა, რომ მის გარეშე მის „კოსჩას“ სხვა, უფრო ძლიერი კლანები, კორლეონესა და კლერიკუციოს ოჯახები გააცამტვერებდნენ, ამიტომაც ვაჟის მომავალი აფიქრებდა.
სამი მეგობარი თავის სარეცელთან მნიშვნელოვანი საქმისათვის მოიხმო, მაგრამ პირველ რიგში მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ პატივი დასდეს და მის გამო შორი მანძილი გადმოლახეს. ამის შემდეგ დონმა აუხსნა, რომ სურდა, მისი მცირეწლოვანი ვაჟი ასტორე უსაფრთხო ადგილას წაეყვანათ და სულ სხვა ვითარებაში გაეზარდათ. ძალიან უნდოდა, მისი შვილი „ღირსეული კაცი“ დამდგარიყო.
- სუფთა სინდისით შევხვდები სიკვდილს, - წარმოთქვა სნეულმა, თუმცა მისმა მეგობრებმა კარგად იცოდნენ, რომ მის სინდისზე ასობით ადამიანის სიკვდილი იყო, - თუკი მეცოდინება, რომ ჩემი შვილი უსაფრთხოდაა. თან ამ ორი წლის ბავშვში უკვე ვხედავ ნამდვილი მაფიოზის უიშვიათეს თვისებებს.
შემდეგ უთხრა, რომ მათგან ერთ-ერთს აირჩევდა შვილის აღმზრდელად და ამ მოვალეობის შესრულებას შესაბამისადაც აუნაზღაურებდა.
- უცნაურია, - დაბინდული თვალებით ახედა დონმა მეგობრებს, - ტრადიციის თანახმად, ნამდვილი მაფიოზი უფროსი ვაჟი უნდა გამოდგეს, მაგრამ მე ამ ბედნიერებას მხოლოდ ოთხმოცი წლის ასაკში მოვესწარი. ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ ამ ბავშვს რომ ვუყურებ, ასე მგონია, ის თვით სიცილიის ნიადაგმა შვა. თვალები ისეთი მწვანე აქვს, როგორიც ჩემს საუკეთესო ხეებზე მოწეული ზეთისხილის ნაყოფია, ხასიათიც ჭეშმარიტად სიცილიური აქვს: რომანტიკული, მგრძნობიარე, მუსიკალური, მაგრამ თუ ვინმემ განარისხა, წყენას იოლად არ ივიწყებს, თუმცა ჯერ ძალიან პატარაა. მიუხედავად ამისა, მაინც კარგი წვრთნა სჭირდება.
- მაშ, რას ითხოვთ ჩვენგან, დონ ზენო? - იკითხა დონ კრაქსიმ, - მე დიდი სიხარულით ვიშვილებ თქვენს ვაჟს და, როგორც საკუთარს, ისე გავზრდი.
ბიანკომ წყენით შეხედა კრაქსის.
- ბავშვს დაბადებიდან ვიცნობ და მეც მსურს, ისე გავზარდო, თითქოს ჩემი ვაჟი ყოფილიყოს.
რაიმონდე აპრილემ მდუმარედ შეხედა დონ ზენოს.
- შენ რაღას იტყვი, რაიმონდე? - ჰკითხა დონ ზენომ.
- თუკი არჩევანი ჩემზე შეაჩერეთ, თქვენი ვაჟი ჩემი ვაჟი გახდება.
დონი დაფიქრდა. სამივე სანდო იყო. კრაქსის ყველაზე უფრო გონიერად თვლიდა. ბიანკო სხვებზე უფრო ამბიციური და ძლიერი იყო, მაგრამ აპრილე სხვებზე უფრო ახლობლად მიაჩნდა, თავშეკავებული იყო, მაგრამ უმოწყალო.
მომაკვდავმა იცოდა, რომ ბავშვი ყველაზე მეტად რაიმონდე აპრილეს გაახარებდა, მისგან მთელ შესაძლო სიყვარულსა და მზრუნველობას მიიღებდა და ამ ვერაგ სამყაროში თავის გატანასაც ისწავლიდა.
დონ ზენო დადუმდა, ბოლოს კი განაცხადა:
- რაიმონდე, მისი მამა შენ იქნები. მე კი მშვიდად მივიძინებ.
დონს იმპერატორის საკადრისი დაკრძალვა გაუმართეს, რომელსაც „კოსჩას“ მთელი სიცილიიდან ჩამოსული უფროსების გარდა რომის მინისტრთა კაბინეტის წევრები, მსხვილი მემამულეები და მისი მაფიოზური იმპერიის ურიცხვი ქვეშევრდომი დაესწრო.
შავცხენებიან კატაფალკაზე ორი წლის ასტორე