არსებობს თუ არა ღმერთი? კითხვას იმის შესახებ, არსებობს თუ არა ღმერთი, სხვადასხვა საზოგადოებები და პიროვნებები სხვადასხვაგვარად პასუხობენ. კაცობრიობის უდიდესი უმრავლესობა მისი საზოგადოების გაბატონებულ აზრს იზიარებს. იმ უძველეს დროს, რომლის ისტორია დაზუსტებით ვიცით, ადამიანებს მრავალი ღმერთი სწამდათ. ერთი ღმერთი პირველად ებრაელებმა ირწმუნეს. პირველი მცნების დაცვა, როდესაც ის ჯერ კიდევ ახალი იყო, ძალიან რთული გახლდათ, რადგან ებრაელებს სწამდათ, რომ ბაალი, აშთორეტი, დაგონი, მოლოქი და სხვა ღმერთები რეალურად არსებობდნენ, მაგრამ ბიწიერები იყვნენ, რადგან ებრაელთა მტრებს ეხმარებოდნენ. ნაბიჯი ამ ღმერთების ბიწიერებიდან მათ არარსებობამდე საკმაოდ რთული აღმოჩნდა. იყო დრო, კერძოდ კი ანტიოქე IV-ის ეპოქაში, როდესაც ებრაელთა ელინიზების ენერგიულ მცდელობას მიმართეს. ანტიოქემ ბრძანა, რომ მათ ღორის ხორცი ეჭამათ, უარი ეთქვათ წინადაცვეთაზე და მიეღოთ აბაზანები. იერუსალიმის ებრაელთა უმეტესობა ბრძანებას დაემორჩილა, მაგრამ სოფლად წინააღმდეგობა უფრო ძლიერი იყო და მაკაბელთა ხელმძღვანელობით ებრაელებმა საბოლოოდ მოიპოვეს საკუთარი დოგმებისა და ადათების დაცვის უფლება. მონოთეიზმი, რომელიც ანტიოქეს მიერ დევნის დასაწყისში ერთი მცირე ერის მხოლოდ ნაწილის რწმენას წარმოადგენდა, ქრისტიანობისა და, მოგვიანებით, ისლამის მიერ იქნა მიღებული და ამგვარად იქცა დომინირებად შეხედულებად მთელს დედამიწაზე ინდოეთის დასავლეთით. ინდოეთიდან აღმოსავლეთით მას არანაირი წარმატება არ ჰქონია: ინდუიზმი მრავალ ღმერთს ცნობს; ბუდიზმი, მისი პრიმიტიული ფორმით - არც ერთს; არც კონფუციანობა ცნობს ღმერთს მეთერთმეტე საუკუნიდან დაწყებული. მაგრამ, თუ რელიგიის მართებულობა მისი მსოფლიო წარმატებით უნდა იქნას შეფასებული, მაშინ მონოთეიზმის სასარგებლო არგუმენტი ფრიად ძლიერია, რადგან სადაც მონოთეიზმია, იქ ფლობენ ყველაზე მრავალრიცხოვან ჯარებსა და ფლოტებს, და სიმდიდრეც ყველაზე მეტად იქ არის აკუმულირებული. დღევანდელ დღეს ეს არგუმენტი თანდათან კარგავს მნიშვნელობას. სიმართლეს შეესაბამება ის, რომ იაპონიის არაქრისტიანული საფრთხე აღგვილ იქნა, მაგრამ ქრისტიანი ახლა რუსული ათეისტური ურდოების საფრთხის წინაშე დგას და არც ისე ერთმნიშვნელოვანია, როგორც ამას მავანი ისურვებდა, ის, რომ ატომური ბომბი შესაძლოა გადამწყვეტი არგუმენტი აღმოჩნდეს თეიზმის მხარეს.
მაგრამ მოდით უარი ვთქვათ რელიგიათა განხილვის ამ პოლიტიკურ და გეოგრაფიულ გზაზე, რასაც მოაზროვნე ადამიანები ანტიკურ ბერძენთა დროიდან მოყოლებული სულ უფრო მეტად უარყოფდნენ. მას შემდეგ სამყარომ შვა ადამიანები, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ მეზობელთა რელიგიური შეხედულებების პასიურად მიღებას და ცდილობდნენ ის გაეთვალისწინებინათ, რასაც გონება და ფილოსოფია ამბობდა საკითხის შესახებ. იონიის კომერციულ ქალაქებში, სადაც ფილოსოფიას ჩაეყარა საფუძველი, ჩვ. წ.ა. მეექვსე საუკუნეში უკვე არსებობდნენ თავისუფლად მოაზროვნენი. დღევანდელ თავისუფლად მოაზროვნეებთან შედარებით მათი ამოცანა გაცილებით იოლი იყო, რადგან ოლიმპოელი ღმერთები, მიუხედავად პოეტური ფანტაზიისათვის მომხიბვლელობისა, რთულად თუ იყვნენ ისეთები, ვისი დაცვაც სუფთა გონების მეტაფიზიკური გამოყენებით შეიძლებოდა. ხალხში ისინი ორფიზმს წააწყდნენ (ვისიც ქრისტიანობას მრავალი მართებს), ხოლო ფილოსოფიაში - პლატონს, საიდანაც ბერძნებმა ფილოსოფიური მონოთეიზმი შექმნეს, ძირეულად განსხვავებული ებრაელთა პოლიტიკური და ნაციონალური ერთღმერთიანობისგან. როდესაც ბერძნული სამყარო ქრისტიანულად მოექცა, მან ახალი რწმენა პლატონურ მეტაფიზიკას შეურწყა და ამგვარად თეოლოგია იშვა. კათოლიკე თეოლოგებს წმინდა ავგუსტინეს დროიდან დღევანდელ დღემდე სწამდათ, რომ ერთი ღმერთის არსებობის დამტკიცება სუფთა გონებით შეიძლებოდა. მათ არგუმენტებს საბოლოო ფორმა წმინდა თომა აქვინელმა მიანიჭა მეცამეტე საუკუნეში, ხოლო როდესაც მეჩვიდმეტე ასწლეულში თანამედროვე ფილოსოფიას ჩაეყარა საფუძველი, დეკარტემ და ლაიბნიცმა ძველი არგუმენტები აიღეს, რამდენადმე შეალამაზეს და, უმთავრესად მათი ძალისხმევის წყალობით, ღვთისმოსაობამ ინტელექტუალური რესპექტაბელურობა შეინარჩუნა. მაგრამ ლოკემ, მიუხედავად იმისა, რომ თავად სრულიად შეგნებული ქრისტიანი იყო, ძირი გამოუთხარა ძველი არგუმენტების თეორიულ საფუძველს და მისი მრავალი მიმდევარი, განსაკუთრებით კი საფრანგეთში, ათეისტი გახდა. მე არ ვეცდები ღმერთის არსებობის ფილოსოფიური არგუმენტების ჩამოყალიბებას მათთვის დამახასიათებელი მთელი ოსტატობით. ჩემი აზრით, დარჩენილია მხოლოდ ერთი, რომელსაც ფილოსოფოსთათვის წონა გააჩნია. ეს პირველმიზეზის არგუმენტია. იგი იმაში მდგომარეობს, რომ ვინაიდან ყველაფერს, რაც ხდება, მიზეზი აქვს, უნდა არსებობდეს პირველმიზეზი, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. მიუხედავად ამისა, მას იგივე ხარვეზი გააჩნია, რაც სპილოსა და კუს არგუმენტს. გადმოგვცემენ (არ ვიცი, ჭეშმარიტების რა ხარისხით), რომ ჰინდუ მოაზროვნეს სწამდა, თითქოს დედამიწა სპილოზე იდგა. როდესაც ჰკითხეს, თუ რაზე იდგა სპილო, მან თქვა, რომ ის იდგა კუზე. როდესაც ჰკითხეს, თუ რაზე იდგა კუ, მან თქვა: „ დავიღალე. იქნებ საუბრის თემა შეგვეცვალა. “ აღნიშნული გვიჩვენებს პირველმიზეზის არგუმენტის არასაკმარის ხასიათს. მიუხედავად ამისა, თქვენ შეხვდებით მას ფიზიკის შესახებ ზეთანამედროვე ტრაქტატებში, რომლებიც ამტკიცებენ, რომ, დროში უკან გადატანილი ფიზიკური პროცესები გვიჩვენებს, თითქოს არსებობდა მყისიერი დასაწყისი და მისი ღვთიური ჩარევით ხდომილებას ასკვნიან. ისინი სიფრთხილით იკავებენ თავს იმის ჩვენების მცდელობისგან, რომ ასეთი ჰიპოთეზა მოვლენებს მეტად