რელიგიის სასარგებლო წვლილი ცივილიზაციის განვითარებაში? რელიგიის შესახებ ჩემი შეხედულება ლუკრეციუსისას თანხვდება. მე მას დაავადებად მივიჩნევ, რომელიც შიშიდან წარმოიშვა და კაცობრიობისთვის ენით აუწერელი ტანჯვის წყაროს წარმოადგენს. მეორეს მხრივ, მე არ შემიძლია უარვყო, რომ მას გარკვეული წვლილი აქვს შეტანილი ცივილიზაციის განვითარებაში. მისი დახმარებით მოხდა ადრეულ ხანაში კალენდრის მოსწორება და მანვე უბიძგა ეგვიპტელ მღვდლებს ეწარმოებინათ მზის დაბნელებათა აღნუსხვა, იმგვარად, რომ მცირე ხანში მათ უკვე ამ მოვლენის წინასწარმეტყველება შეეძლოთ. მზად ვარ ვაღიარო ქრისტიანობის ეს ორი დამსახურება. სხვათა შესახებ არაფერი მსმენია.
სიტყვა „ რელიგია “ დღეს ფრიად ბუნდოვანი მნიშვნელობით გამოიყენება. ზოგი ადამიანი, უკიდურესი პროტესტანტობის გავლენის ქვეშ, ცნებას იყენებს სამყაროს ბუნებასა ან ზნეობასთან დაკავშირებით ნებისმიერი საკუთარი სერიოზული შეხედულების აღნიშვნისთვის. სიტყვის ამ მნიშვნელობით გამოყენება ფრიად არაისტორიულია. რელიგია უმთავრესად სოციალური ფენომენია. ეკლესიები შესაძლოა საკუთარ წარმომავლობას იმ მოძღვრებს უმადლოდნენ, რომლებსაც ძლიერი ინდივიდუალური მრწამსი გააჩნდათ, მაგრამ ამ მოძღვრებს იშვიათად ჰქონდათ დიდი გავლენა მათ მიერ დაფუძნებულ ეკლესიებზე, როდესაც ეკლესიები უსაზღვრო გავლენით სარგებლობდნენ იმ საზოგადოებებზე, რომლებშიც ისინი იფურჩქნებოდნენ. განვიხილოთ დასავლური ცივილიზაციის დიდი ნაწილისთვის საინტერესო მაგალითი: ქრისტეს მოძღვრებას, როგორც იგი სახარებებშია გადმოცემული, უჩვეულოდ მცირე საერთო აქვს ქრისტიანთა ეთიკასთან. ის, რითიც ქრისტიანობა ყველაზე მეტად არის მნიშვნელოვანი, სოციალური და ისტორიული თვალსაზრისით, არის არა ქრისტე, არამედ ეკლესია, ხოლო თუ ჩვენ ქრისტიანობის სოციალური ეფექტის შეფასება გვსურს, მასალისთვის სახარებებს არ უნდა მივმართოთ. ქრისტე ასწავლიდა, რომ ქონება ღატაკებს უნდა გადასცე, რომ არ უნდა იბრძოლო, არ უნდა იარო ეკლესიაში და არ უნდა დასაჯო მოღალატე. ზემოაღნიშნულ ასპექტში არც კათოლიკეებსა და არც პროტესტანტებში შეიმჩნევა მისი მოძღვრების გაზიარების დიდი სურვილი. ისიც მართალია, რომ ზოგი ფრანცისკანელი ცდილობდა აპოსტოლური სიღატაკის დოქტრინის ქადაგებას, მაგრამ პაპმა დაგმო ისინი, მათი დოქტრინა კი ერეტიულად გამოცხადდა. ან კიდევ, გაითვალისწინეთ სიტყვები „ ნუ განსჯით, რათა არ განისაჯოთ “ და საკუთარ თავს ჰკითხეთ, რა ზემოქმედება იქონია ამ სიტყვებმა ინკვიზიციასა და კუ კლუქს კლანზე.
ის, რაც სამართლიანია ქრისტიანობისთვის, თანაბრად სამართლიანია ბუდიზმთან მიმართებით. ბუდა გასხივოსნებული და კეთილგანწყობილი იყო; სასიკვდილო სარეცელზე იგი მოწაფეებს უღიმოდა, რადგან მათ მოძღვარი უკვდავი ეგონათ. მაგრამ ბუდისტური სამღვდელოება, იმ ფორმით, როგორითაც ის დღეს არსებობს, მაგალითად, ტიბეტში, იყო ბნელი, ტირანული და უკიდურესად სასტიკი.
არაფერია შემთხვევითი ეკლესიასა და მის დამფუძნებელს შორის არსებულ სხვაობაში. როგორც კი ჩაითვლება, რომ კონკრეტული ადამიანის სიტყვები აბსოლუტურ ჭეშმარიტებას შეიცავს, უმალ გამოჩნდებიან ამ სიტყვების განმმარტებელი ექსპერტები, რომლებიც უდაო ძალაუფლებას იხვეჭენ, რადგან მათ გააჩნიათ ჭეშმარიტების გასაღები. როგორც ყველა სხვა პრივილეგირებული კასტა, ძალაუფლებას ისინიც საკუთარი სარგებლისთვის იყენებენ, თუმცა, ერთმხრივ, სხვა პრივილეგირებულ კასტაზე უარესები არიან, რადგან მათი ვალდებულებაა მარადი ჭეშმარიტების განმარტება, რომელიც ერთხელ გაუცხადდა ყველას სისრულით და ამგვარად ისინი ყველა სახის ინტელექტუალური და ზნეობრივი პროგრესის გარდუვალ ოპონენტებად იქცევიან. ეკლესია უპირისპირდებოდა გალილეოსა და დარვინს; დღეს იგი ფროიდს უპირისპირდება. მისი ზეობის დღეებში იგი კიდევ უფრო შორს მიდიოდა ინტელექტუალური ცხოვრების წინააღმდეგობის გზაზე. პაპმა გრიგოლმა ერთ-ერთ ეპისკოპოსს წერილი მისწერა, რომელიც ასე იწყებოდა: „ ჩვენამდე მოაღწია ხმებმა, რომლებიც ჩვენ სირცხვილის განცდის გარეშე არ შეგვიძლია ვახსენოთ, კერძოდ კი ის, რომ თქვენ გრამატიკა განუმარტეთ თქვენს მეგობრებს. “ პონტიფიკურმა ძალაუფლებამ ეპისკოპოსს ხელი ააღებინა საქმიანობაზე, ხოლო ლათინიზმი აღორძინების ხანამდე აღარ მოსულიერებულა. რელიგია არა მხოლოდ ინტელექტუალური, არამედ ზნეობრივი თვალსაზრისითაც მავნებლობს. მე იმას ვგულისხმობ, რომ იგი ქადაგებს ზნეობრივ კოდექსს, რომელიც ადამიანთა ბედნიერებას ხელს არ უწყობს. როდესაც რამდენიმე წლის წინ გერმანიაში პლებისციტი ჩატარდა იმის გასარკვევად, ტახტიდან ჩამოგდებულ სამეფო ოჯახებს უნდა შეძლებოდათ თუ არა საკუთარი უძრავი ქონების გამოყენება, გერმანიის ეკლესიებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ მათთვის ასეთი უფლების ჩამორთმევა ქრისტიანული მოძღვრების საწინააღმდეგო იქნებოდა. ყველასათვის კარგად არის ცნობილი, რომ ეკლესიები მანამ ეწინააღმდეგებოდნენ მონობის გაუქმებას, სანამ შეეძლოთ, დღეს კი, რამდენიმე კარგად რეკლამირებული გამონაკლისის გარდა, ისინი ეწინააღმდეგებიან ყველა ნაბიჯს ეკონომიკური სამართლიანობის მიმართულებით. პაპმა ოფიციალურად დაგმო სოციალიზმი.
ქრისტიანობა და სექსი
ქრისტიანობის ყველაზე ნეგატიური მახასიათებელი სექსის მიმართ მისი დამოკიდებულებაა - დამოკიდებულება იმდენად არაბუნებრივი და პათოლოგიური, რომ მისი გაგება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მას რომის იმპერიის დაკნინების ეპოქაში ცივილიზებული სამყაროს ავადმყოფობასთან კავშირში განვიხილავთ. ჩვენ დროდადრო გვესმის საუბარი იმის შესახებ, რომ ქრისტიანობამ ქალების სტატუსი გააუმჯობესა. ეს გახლავთ ისტორიის უდიდესი დამახინჯება მათ შორის, რაც კი შეიძლება მოხდეს. ქალებს არ შეუძლიათ შემწყნარებლური მდგომარეობით სარგებლობა საზოგადოებაში,