წინასიტყვაობა პრუდონის საუბედუროდ, ევროპაში უცნაურად ყალბი აზრი აქვთ მის შესახებ. საფრანგეთში მას აქვს უფლება იყოს ცუდი ეკონომისტი, რადგანაც იქ იგი კარგ გერმანელ ფილოსოფოსად ითვლება; გერმანიაში, პირიქით, მას აქვს უფლება იყოს ცუდი ფილოსოფოსი, რადგანაც მას იქ საფრანგეთის ძლიერ ეკონომისტად სთვლიან. ჩვენ, როგორც გერმანელს და ეკონომისტს ერთსა და იმავე დროს, გვინდა პროტესტი განვაცხადოთ ამ ორმაგი შეცდომის წინააღმდეგ.
მკითხველი მიხვდება, რომ ამ უმადურ შრომაში ჩვენ ხშირად დაგვჭირდა ბ-ნი პრუდონის კრიტიკის მიტოვება, რათა გაგვეწია გერმანული ფილოსოფიის კრიტიკა და იმავე დროს გვეწარმოებია კრიტიკული შენიშვნები პოლიტიკური ეკონომიის შესახებ.
კარლ მარქსი, ბრიუსელი, 1847 წ. ივნისის 15.
ბ-ნი პრუდონის ნაწარმოები არაა უბრალო ტრაქტატი პოლიტიკური ეკონომიისა, არაა ჩვეულებრივი წიგნი, - იგი მთელი ბიბლიაა; იქაა - „ საიდუმლოებანი “ , „ ღვთის წიაღიდან ამოგლეჯილი იდუმალებანი “ , „ გამოცხადებანი “ , - ყველაფერი უკლებლივ. მაგრამ რადგან ამ ჩვენს დროში წინასწარმეტყველებს უფრო სასტიკ კრიტიკას უწევენ, ვიდრე ჩვეულებრივ ავტორებს, ამიტომ მკითხველი უნდა აღიჭურვოს მოთმინებით და ჩვენთან ერთად განვლოს მშრალი და ბუნდოვანი ერუდიცია წიგნისა „ დაბადებისა “ , რათა შემდგომ ბ-ნ პრუდონთან ერთად აღვიდეს სუპრა-სოციალიზმის ეთეროვანსა და ნაყოფიერს სფეროსა შინა (იხ. პრუდონის „ Philosophie de la Misere", Prologue, p. III ligne. 20).