წინასიტყვაობა წინამდებარე შრომა იბეჭდებოდა 1849 წლის 4 აპრილიდან ახალ რაინის გაზეთში[1] მთელი რიგი მოწინავე სტატიების სახით. მას საფუძვლად უდევს ის ლექციები, რომლებიც მ ა რ ქ ს მ ა 1847 წელს ბრიუსელის გერმანელ მუშათა კავშირში წაიკითხა. მისი ბეჭდვა არ დამთავრებულა; გაზეთის # 269-ში სტატიის დასასრულს ეწერა: „ შემდეგი იქნებაო “ , მაგრამ ეს შეუსრულებელი დარჩა სწრაფად განვითარებული ამბების გამო: უნგრეთში რუსები შეიჭრნენ, დრეზდენსა, იზერლონსა, ელბერფელდსა, პფალცსა და ბადენში აჯანყება მოხდა; ამ ამბებმა თვით გაზეთის დახურვაც გამოიწვია (1849 წლის 19 მაისს). მარქსის მიერ დატოვებულ მემკვიდრეობაში ამ გაგრძელების ხელნაწერი არ აღმოჩნდა.
„ დაქირავებული შრომა და კაპიტალი “ რამდენიმეჯერ გამოიცა ცალკე ანაბეჭდად, ბროშურის სახით, უკანასკნელად - 1884 წ., ჰეტინგენ-ციურიხს, „ შვეიცარიის კოოპერატიულ სტამბაში “ . ეს წინანდელი გამოცემები იძლეოდა ორიგინალის ზედმიწევნით სწორ ტექსტს. წინამდებარე ახალი გამოცემა, როგორც პროპაგანდისტული შრომა, უნდა გავრცელდეს არანაკლებ ათი ათასი ცალისა, და აი აქ ჩემს წინაშე დგება საკითხი, ცნობდა თუ არა თვით მარქსი მიზანშეწონილად ასეთ პირობებში ტექსტის უცვლელად გადმოღებას.
ორმოციან წლებში მარქსს ჯერ კიდევ არ ჰქონია დამთავრებული თავისი კრიტიკა პოლიტიკური ეკონომიისა. ეს მხოლოდ ორმოცდაათიან წლების ბოლოში მოხდა. ამიტომ ის ნაწერები, რომლებიც მისი შრომის „ პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკისათვის “ პირველი რვეულის გამოსვლამდე (1859 წ.) დაიბეჭდა, ცალკეულ პუნქტებში განსხვავდება იმ ნაწერებისაგან, რომლებიც 1859 წ. შემდეგ გამოქვეყნდა, და ამასთანავე ისეთ გამოთქმებსა და მთელ წინადადებებს შეიცავს, რომლებიც ახლა მრუდედ და შემცდარადაც გვეჩვენება. თავისთავად იგულისხმება, რომ ჩვეულებრივს, ფართო მკითხველ საზოგადოებისათვის დანიშნულ გამოცემებში ამ წინანდელ თვალსაზრისს, რომელიც ავტორის გონებრივი განვითარების ერთ-ერთ საფეხურს წარმოადგენს, თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს, რომ როგორც ავტორს, ისე საზოგადოებას აუცილებლად უფლება აქვთ ამ ძველი ნაწერების უცვლელი გამოცემა იხილონ. მე სიზმარშიც არ მომივიდოდა აზრად, რომ ასეთ გამოცემისას აქ თუნდაც ერთი სიტყვა შემეცვალა.
სულ სხვაა, როცა ახალი გამოცემა მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდის მიზნებს უნდა ემსახუროს მუშათა წრეებში. ასეთ შემთხვევაში თვით მარქსი 1849 წელში დაბეჭდილ შრომას უსათუოდ თავის ახალ თვალსაზრისს შეუთანხმებდა. და მე დარწმუნებული ვარ, რომ მისი სურვილის მიხედვით ვმოქმედებ, რომ ამ გ ა მ ო ც ე მ ა შ ი ცოტაოდენი ცვლილებები და დამატებები შემაქვს, რომლებიც აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად ყველა არსებით მუხლში. ამიტომ მკითხველს წინდაწინვე ვეუბნები: ეს ბროშურა არაა სავსებით ისეთი, როგორიც მარქსმა 1849 წელს დაწერა, არამედ ისეთია, როგორსაც იგი დაახლოებით 1891 წ. დაწერდა. ამას გარდა ნამდვილი დედანი იმდენ ეგზემპლარად გავრცელდა, რომ ის სრულიად საკმაოა, სანამ შესაძლებლობა მექნება მომავალ სრულ გამოცემაში მას კიდევ უცვლელად დავბეჭდავდე.
ჩემ მიერ შეტანილი ყველა ცვლილება ერთიდაიმავე მუხლის გარშემო ტრიალებს. დედნის მიხედვით მუშა ჰყიდის კაპიტალისტზე თავის შ რ ო მ ა ს და მის ნაცვლად ღებულობს ხელფასს. ახლანდელი ტექსტის მიხედვით კი ის ჰყიდის თავის ს ა მ უ შ ა ო ძალას. მე ვალდებული ვარ ეს ცვლილება განვმარტო. უნდა განვუმარტო ეს მუშებს, რათა მათ დაინახონ, რომ აქ სიტყვის უბრალო თამაში კი არ არის, არამედ საქმე შეეხება მთელი პოლიტიკური ეკონომიის ერთ უმნიშვნელოვანეს მუხლს. განმარტება უნდა მივცე ბურჟუებს, რათა ისინი დარწმუნდნენ, რომ გაუნათლებელი მუშები, რომელთათვისაც შეიძლება ძალიან ადვილად გასაგები გახადო უძნელესი ეკონომიური საკითხები, შეუდარებლად სჯობნიან ჩვენს კადნიერ „ განათლებულებს “ , რომელთათვის ეს რთული საკითხები მთელ სიცოცხლეში აუხსნელი რჩება.
კლასიკურმა პოლიტიკურმა ეკონომიამ[2] სამრეწველო პრაქტიკიდან შეითვისა ფაბრიკანტის ზერელე წარმოდგენა, თითქო ის თავის მუშებისაგან ყიდულობდეს შ რ ო მ ა ს. ეს წარმოდგენა სრულიად საკმაო იყო ფაბრიკანტის წარმოების საჭიროებისათვის, ბუხჰალტერიისა და ფასების კალკულაციისათვის. მაგრამ, როცა ის გულუბრყვილოდ პოლიტიკურ ეკონომიაში გადაიტანეს, იქ უცნაური არევ-დარევა და შეცდომები გამოიწვია.
პოლიტიკურმა ეკონომიამ უპირველეს ყოვლისა შეამჩნია ის ფაქტი, რომ ყველა საქონლის ფასი და მათ შორის იმ საქონლის ფასიც, რომელსაც იგი „ შრომას “ უწოდებს, შეუჩერებლივ იცვლება. ფასები იზრდებიან და ეცემიან მრავალი გარემოების გამო, რომელსაც თვით საქონლის წარმოებასთან ხშირად არავითარი კავშირი არ აქვს, და ისინი ჩვეულებრივად თითქო წმინდა შემთხვევაზე არიან დამოკიდებული. როგორც კი ეკონომია მეცნიერებად[3] გადაიქცა, მისი უპირველესი ამოცანა გახდა გამონახვა იმ კანონისა, რომელიც ერთი შეხედვით თითქო იმალებოდა საქონლის ფასებზე გაბატონებული შემთხვევის უკან, ხოლო ნამდვილად კი თვით ამ შემთხვევას განაგებს. საქონლის