ფ. ენგელსის წინასიტყვაობა აქ დაბეჭდილი ხელნაწერი - პროგრამის პროექტის კრიტიკა თანდართული წერილით ბრაკესადმი, - 1875 წელს, გოთას გამაერთიანებელი ყრილობის წინ[2], გაეგზავნა ბრაკეს თხოვნით, გაეცნო ის გაიბის, აუერის, ბებელისა და ლიბკნეხტისათვის, ხოლო შემდეგ უკანვე დაებრუნებინა მარქსისთვის. ვინაიდან ჰალეს პარტიულმა ყრილობამ დღის წესრიგში შეიტანა დისკუსია გოთას პროგრამის გამო, ვფიქრობ, დანაშაულს ჩავიდენდი, თუ ამ დისკუსიისათვის ასეთი მნიშვნელოვანი - ან იქნებ უმნიშვნელოვანესი - საბუთის გამოქვეყნებას კიდევ დავაყოვნებდი.
მაგრამ ამ ხელნაწერს სხვა, კიდევ უფრო ფართო მნიშვნელობაც აქვს. აქ პირველად არის ნათლად და მკაფიოდ ნაჩვენები მარქსის დამოკიდებულება ლასალის იმ მიმართულებისადმი, რომელიც მან აირჩია სააგიტაციო საქმიანობის დაწყებიდან, თანაც დამოკიდებულება, როგორც ლასალის ეკონომიური პრინციპებისადმი, ასევე მისი ტაქტიკისადმი.
დაუნდობელი სიმკაცრე, რომლითაც მარქსს პროგრამის პროექტი აქვს განხილული, პირდაპირობა, რომლითაც იგი დასკვნებს აკეთებს და პროექტის სუსტ ადგილებს ააშკარავებს, - ყოველივე ეს ახლა, თხუთმეტი წლის შემდეგ, უკვე აღარ შეიძლება ვინმესათვის შეურაცხმყოფი იყოს. სპეციფიკურ ლასალელთაგან მხოლოდ ცალკეული ნამსხვრევები დარჩა უცხოეთში, ხოლო გოთას პროგრამაზე, როგორც სრულიად არადამაკმაყოფილებელზე, ჰალეში ხელი აიღეს თვით მისმა შემქმნელებმა[3].
მიუხედავად ამისა, ზოგიერთი პირადი ხასიათის მკაცრი გამოთქმა და მსჯავრი, სადაც ამას საქმისათვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, გამოვტოვე და წერტილებით შევცვალე. მარქსი თვით მოიქცეოდა ასე, მას რომ ეს ხელნაწერი ახლა გამოექვეყნებინა. მისი ადგილ-ადგილ მკვახე კილო ორი გარემოებით იყო გამოწვეული. ჯერ ერთი, მარქსი და მე გერმანულ მოძრაობას უფრო მჭიდროდ შევეზარდეთ, ვიდრე რომელიმე სხვას; ამიტომ გადამწყვეტ უკუსვლას, რაც ამ პროგრამის პროექტში გამოჩნდა, ჩვენ განსაკუთრებით ძლიერ უნდა ავეღელვებინეთ. მეორეც, მაშინ (თითქმის ორი წელიწადი არც კი იყო გასული ინტერნაციონალის ჰააგის კონგრესს შემდეგ[4]) ჩვენ ცხარედ ვებრძოდით ბაკუნინსა და მის ანარქისტებს, რომელნიც ჩვენ ყოველივე იმის პასუხისმგებლად გვთვლიდნენ, რაც გერმანიის მუშათა მოძრაობაში ხდებოდა: მაშასადამე. იმის მოლოდინიც უნდა გვქონოდა, რომ ამ პროგრამის საიდუმლო მამობასაც ჩვენ მოგვაწერდნენ. ეს მოსაზრებანი ახლა უკვე აღარ არსებობენ, მათთან ერთად აღარ არსებობს სათანადო ადგილების საჭიროებაც.
ცენზურულ მოსაზრებათა გამოც ზოგიერთი წინადადების ნაცვლად წერტილებია დასმული. სადაც მე შერბილებული გამოთქმა ვარჩიე, იქ ეს სწორ ფრჩხილებში მაქვს ჩასმული. სხვა მხრივ ხელნაწერი სიტყვასიტყვით არის გადმობეჭდილი.
ლონდონი, 1891 წ. 6 იანვარი.
დაწერილია ფ. ენგელსის მიერ
დაბეჭდილია ჟურნალში „ Neue Zeit “ 1891 წ.
იბეჭდება ჟურნალის ტექსტის მიხედვით
თარგმანი გერმანულიდან