*** ადამიანური ბედნიერება დღეს მდგომარეობს - "გართობაში".
გართობა - ნივთების, სანახაობის, საკვების, სასმელის, სიგარეტის, ადამიანების, ლექციების, წიგნების, ფილმებისა და სხვათა შთანთქმაში.
ყველაფერი შთაინთქმება, იყლაპება! სამყარო ჩვენთვის ერთი დიდი მადისაღმძვრელი ობიექტია."
გასული საუკუნის 50-იან წლებში, მაშინ როცა ერიხ ფრომი ამ სიტყვებს წერდა და აქვეყნებდა, მსოფლიოში ბევრი საინტერესო რამ მოხდა.
მაგალითად, საბჭოთა კავშირმა წყალქვეშა ნავებზე ბირთვული რაკეტების განთავსება დაიწყო;
ხოლო ვისკონსინელი სენატორი ჯოზეფ მაკარტი, პრეზიდენტ ტრუმენს კომუნისტების თეთრ სახლში განთავსება-შეღწევაზე აფრთხილებს და დევნისა და "შავი სიების" რამდენიმეწლიან კამპანიასაც უდებს სათავეს;
შტატებსა და ევროპაში სახეზეა ომის შემდგომი "Baby Boom" - შობადობის არნახული ზრდა. 50-იან წლებში მხოლოდ ამერიკაში 29 მილიონი ბავშვი დაიბადა;
ელისაბედ II-მ დედოფლის ტახტი დაიკავა;
მკვიდრდება ტერმინი "როკ-ენ-როლი";
მილიონობით ამერიკელი უკვე საკუთარ ტელევიზორს ფლობს და იქ CBS-ის მიერ ტრანსლირებულ პირველ ფერად ტელე-პროგრამას უცქერს;
გერმანია და ისრაელი, მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ ებრაელებისადმი მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე თანხმდებიან;
ცხადდება აღმოჩენა იმის შესახებ, რომ სიგარეტი ფილტვების კიბოს იწვევს;
პირველად იპყრობენ ევერესტსს და Sony ამზადებს პირველ ჯიბის რადიოს;
როზა პარკსს კი იმისთვის აპატიმრებენ, რომ მან უარი თქვა ავტობუსში საკუთარი ადგილი თეთრკანიანისათვის დაეთმო. ეს ფაქტი სამოქალაქო უფლებებისათვის ხანგრძლივი ბრძოლის საფუძველი ხდება;
ნიკიტა ხრუშოვმა "დესტალინიზაციის" პროცესის დაწყება გამოაცხადა, ხოლო პარალელურად სტალინივით მოიქცა და უნგრეთში სისხლიანი რეპრესიები წამოიწყო;
ელვის პრესლიმ პირველი ალბომი გამოსცა; გრეის კელი კი მონაკოს პრინცის მეუღლე გახდა;
ბრიტანელებმა სწორედ აი ამ პერიოდში აღიარეს ქალთა მიერ ლორდთა პალატის სავარძლების დაკავების უფლება;
XEROX-ი პირველ ასლგადამღებ აპარატს უშვებს ბაზარზე;
საბჭოთა კავშირის უპილოტო რაკეტა "Луна-2" მთვარემდე აღწევს, ხოლო ამერიკელები "Little Joe 2"-ით მაიმუნ სემის გზავნიან მთვარეზე - ალბათ ბევრს ექნება ნანახი მისი ფოტო - მაკაკა სკაფანდრით და სამხედრო სალმის იმიტაციით.
ხოლო, ალბერტ საბინი შეიმუშავებს ვაქცინას პოლიომელიტის წინააღმდეგ, რომელიც უზრუნველყოფს უფრო ხანგრძლივ იმუნიტეტს, ვიდრე მისი წინამორბედი.
თუმცა, იმის მიუხედავად, რომ მაშინდელი სამყარო არნახული სისწრაფით გადადის გართობისა და დასვენების შესაძლებლობების ზრდის ახალ ეტაპზე, როცა პოპ-კულტურა ფრომისეული ყველა კატეგორიით სულ უფრო მეტად იმკვიდრებს ადგილს ყოველდღიურ ცხოვრებაში, როცა კულტურა პოსტმოდერნისტულ შესაძლებლობებს იძენს, მისი იდეები და პერსპექტივები კი საოცარი ძალით მსჭვალავს სამყაროს ბინადართ, ერიხ ფრომი, ალბათ ვერ წარმოიდგენდა, რომ დადგებოდა დრო, როცა ფრაზა - "ადამიანური ბედნიერება დღეს მდგომარეობს - "გართობაში" – "...წიგნების, ფილმებისა და სხვათა შთანთქმაში ” - ასეთი აქტუალური ოდესმე ისე გახდებოდა, როგორიც ის დღეს არის.
ვერც იმას, რომ ადამიანი მათში ასეთი ძალით იპოვიდა ცხოვრების აზრს და ახალი მომაკვდინებელი ვირუსით წარმოქმნილი პრობლემებით გამოწვეულ ტკივილს, სწორედ ამ საშუალებებით გაიყუჩებდა.
ალბათ ფრომი ვერც იმაზე იქონიებდა წარმოდგენას, რომ არტურ შოპენჰაუერის ცნობილი მოსაზრება "ნივთები რომლებიც გარს გვარტყია აზროვნებენ ჩვენი აზროვნებისაგან დამოუკიდებლად" ასე ადვილად განიცდიდა დევალვირებას და დაპატარვდებოდა მისი პრაქტიკული მნიშვნელობაც, რადგან ნივთებმა დღეს ყველაზე უფრო მეტად შეიძინეს უკიდურესად სამომხმარებლო თვისება, რომელიც ხშირ შემთხვევაში მათ მიმართ სასიცოცხლო დამოკიდებულებაშიც კი ვლინდება.
და გამოვიდა, რომ ნივთები და მით უფრო, წიგნი, „ გარეთ “ მიმდინარე სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის პარალელურად - რომლის არენა მთელ პლანეტაზე გადაიშალა - გახდა შესაძლებლობა, უკიდურესად ექსკლუზიური და სასიცოცხლოდ საჭირო სამყაროს, „ შიგნით “ , ჩვენშივე შექმნისთვის და ამით საზრდოობისთვის.
ამ თვალსაზრისით, ის ახლა ყველაზე უფრო მეტად დაექვემდებარა ჩვენი აზროვნების, აღქმების, წარმოდგენების სფეროს და ის ყველაზე უფრო უკეთ მოექცა ჩვენი გამოცდილების სფეროში - რადგან ნივთები, საჭიროებას, ფუნქციას, მნიშვნელობას და ღირებულებასაც კი იძენენ ჩვენი გამოცდილების შედეგად, იმ ხარისხითა და ინტენსივობით, რა სახის სიგნალსაც ჩვენი ცნობიერება ნივთების მიმართ გზავნის.
და დიახ, ისინი სწორედ ჩვენს ცნობიერებაზე არიან დამოკიდებულნი, ჩვენი შინაგანი მოვლენებისა და გარეგნული პირობების აღქმა აძლევს მათ დანიშნულებასა და მნიშვნელობას, რადგან ამ ნივთებმა ამ ვითარებაში ფორმირებული აზროვნების წესის შესაბამისად დაიწყო აზროვნება და ეს პირველ რიგში ეხება წიგნებს, ეხება მწერლობას.
საოცარია, ამ ბრწყინვალე სამყაროში, რადაც წიგნს და მწერლობას სამართლიანად აღვიქვამთ, ყველას ჩვენი ადგილი გვაქვს - მკითხველებსაც და ავტორებსაც და თან არაჩვეულებრივი პატიოსნებით ვთანამშრომლობთ ერთმანეთთან.
მკითხველი საკუთარ თავს ეძებს