*** მომქანცველი დღეების შემდეგ ჭიქა ხელში დაატრიალა და სულის შებერვით გაანახევრა მინის წახნაგებს დაფენილი მტვრის მბზინავი ფენა.
სულის შებერვის ძალა კი დაიბრუნა, რადგან მემკვიდრეობაზე სამდღიანი ფიქრით შრომისგან გათავისუფლდა, საკუთრებას დანიშნულება უპოვა და გაიხარა. იონა ერქვა.
სარკმელს ჩრდილი მოაწვა.
ჭრიალით გაღებულ კარში ახმახი დადგა. ხელში გამჭვირვალე საკარაქე ეჭირა.
- ჩემით ამოვიღე
- მაჩვენეთ - სარდაფს ხორცივით შეზრდილი სქელი ჰაერი შეისრუტა - არ უნდა გეჩქარათ. გულის ნაწილი ისევ იქაა.
- ეს საშიშია?
- შეიძლება ისევ გაიზარდოს.
- დავწვები.
ორიოდ საათში სრულიად უგულო წავიდა.
***
- რა მოგიპოვებია?
- განა, რა?
- ზედვე გეტყობა, თვალები კვესს აბნევს.
- ცრუობს ოდითგან. არ დაეჯერება.
- მაშ კარგი, ჩუმად იმხიარულე.
მამხილებელს კარგა მანძილზე გამოსცდა, თუმცა კეფა მაინც უხურდა. თითქოს ცეცხლმა იქ მოირთხა რვავე ფეხი და ფშვინვით განსცხრებოდა.
პეშვებით გამოჰჯგლიჯა მიწას შავ-მწვანე ნაკვთები და მუყაოს ქაღალდში გამოხვეული თვალ-მარგალიტი მასვე შეაძლია. მიწა დუმდა, წარბიც არ შეუხრია და სუნთქვის ხმა და გულმკერდის აღმა-ჩაღმა მოძრაობა არ უგრძნობებია. თუმცა, განძი მიიღო, მიითვალა, დაჰფლა კანქვეშ და სახიჩარ ბელტებად, დაკემსილ საბნად მიიფარა საკუთარი სხეულის ნაწილები.
ის პირველი უგულო კი წამოდგა. ველს მიმოავლო ეჭვით სავსე, წვრილი თვალები და ქცევას ჩაუფიქრდა. თუმცა კი, გულში ჩახედვა ვეღარ შესძლო, ვეღარ მიაგნო, რადგან საგულე დაცარიელდა.
ვეღარც სევდა განიცადა და ვერც სინანული, მხოლოდ სიცარიელე, ქარის ქროლვა და ოდენ სიმჩატე.
***
გათენდა. თოვდა.
საკაცეზე წამომჯდარი კაცი ფეხებს იქნევდა. საგულეში ხელი იდაყვამდე ჩაიყო და უკან ამოღებულს მხოლოდ წითელი წვეთებით დაწინწკლული მტევანი ამოჰყვა.
სანაცვლო ფურცელს ელოდა და მიიღო კიდეც, იონასაგან. რვაკუთხედი ასგზის დაატრიალა. შესასვლელ-გასასვლელი რომ მოუძებნა, მასპინძელს გაუღიმა და სახლისკენ გაემართა. დასაფვლელი ნივთები ვერცხლისფერ ქაღალდში გამოახვია.
- სალამი
- დილით უკვე გითხარი
- ჰო. თითქოს დილა არც ჰქონია ამ დღეს, მომიტევე.
- ნუ შეწუხდები.
- სხვა რამემ შემაწუხა. ფოლემონი ხომ გახსოვს. ორიოდ თვის წინ ოჯახი რომ მიატოვა. უკან დაბრუნება გადაუწყვეტია და გზად შემთხვევა მოსვლია - მომკვდარა გუშინ საღამოს. მკერდზე მიკრული სათამაშოებით და ხელში ჩაბღუჯული ყვავილებით უპოვიათ.
მსმენელი მთხრობელისაკენ ზურგით დადგა. ხელის სწრაფი მოძრაობით თვალში სითხე ჩაიწვეთა და რომ მოტრიალდა, ღაწვებზე ცრემლი უგორავდა.
***
უგულოთა რიცხვი დღითიდღე იზრდებოდა, სამემკვიდრეო მიწა კი ამის დარად ივსებოდა ოქროთი და ვერცხლით.
მფლობელს კი არც მიწა ანაღვლებდა და არც წინაპრები. გულების შეგროვება მათში ჩაბუდებული განზრახვების ამოსაკითხად დასჭირვებოდა.
აჰა, გაჭრა იმ პირველის და მწვანეს შავი სჭარბობდა. მწვანე ასოებით სიყვარულის და ალერსის სიტყვები იყო გამოყვანილი. შავით კი ლანძღვისა და ცილისწამებისა.
***
კვამლის ზოლი კიდით-კიდემდე მისწვდა ქალაქის საზღვრებს.
მორებით სავსე საზიდარს მხრებით ექაჩებოდა და ლანჩშემორღვეული ჩექმიდან გადმოყრილი ფეხის თითები, ლაფის სიღრმეში ფსკერს წვალებით ეძებდა, პოულობდა და ეჭიდებოდა, რომ მტკაველით გაეწია საზიდრის სიმძიმე.
გულმშვიდად იყო, რადგან სინდისის ხმა არასოდეს გაუგია. არ იცნობდა და არაფერი გაეგებოდა ქენჯნით გამოწვეული წუხილისა. გულლაღი და სულმშვიდი იყო, ბედნიერი.
სახლთან მისულმა საზიდარი მუხის ქვეშ მოასვენა, ფანჩატურში მცოხნავ გიშერა კუროს ცხვირ-პირიდან წვინტლი მოსწმინდა, თვალზე აკოცა და თავად ბაგაში მიწვა.
ჩალაზე მწოლიარემ, ბაგის მუქ, შავ ფიცრულ ჭერზე მიბმული მსხვილად ნაგრეხი სელი გემის საყვირივის თოკივით ჩამოსწია და მის ლურჯ თვალებს, ცის მონათესავე ფერი დაეფინა.
სახეს ვარდისწყლის სურნელი მოეპკურა და სხეული სიზმრად ექცა.
თავისი დარგული ატმის თეთრ-ალმურიანი ყვავილები, ღეროებზე ვარსკვლავმომარჯვებულნი ეფრქვეოდა დაბამბულ თმებს და ბაგე განზე გასწია ღიმილის ნიშნად.
სიამე იგრძნო, ამიტომ აფარებს თავს ბაგას და უბრალოებას.
გულაღმა ფრენდა - აღმაფრენის წესებით, სივრცეებს მოჭიდებული გულით, ფერებითა და თამაშით.
ყველა მუსიკალური ბგერის ჟღერადობა სხეულს უბუჟებს, სასმენელს უთრობს, შუბლს უმაღლებს, მხრებს მთებად გარდაუსახავს.
წუთიც და წვიმამ სი ბემოლი დაჰკრა ცის კიდეს. წვეთმა კვლავ ბაგას მიართვა მისი სხეული.
შმორის სუნი და გამომპალი ფიცრის ცა დაეკიდა უსანთლო ქოხში.
წამოჯდა, სველ კედელს გვერდულად მიეყრდნო და ამოიოხრა. პამფილე ერქვა.
***
ქალაქში ორი ფერი იდგა - მწვანე და ნაცრისფერი. ალაგ-ალაგ და ხალებად ედგა უბნებსა და ქუჩა-შესახვევებს.