*** მუშათა უბნის აფთიაქის კარს ზურგით მიაწვა და წამლის კოლოფებით გადავსებულ სტელაჟებს შორის სუნთქვაშეკრულმა და თვალებდახუჭულმა წონასწორობა გაჭირვებით შეინარჩუნა. თვალები რომ გაახილა დახლისკენ ხელებგაწვდილი გადაეშვა. მოზრიალე ყურმილს, ჰაერში რომ ხტოდა, ჰაერშივე დასწვდა და ლოყასა და მარჯვენა მხარს შორის მოიგდო.
- მოიცა, მოიცა, მოიცა, აქ ხარ? ფუ, ფუ, გესმის ჩემი?
სახე დაუმშვიდდა, აუვარდისფერდა და გაიღიმა.
მე იქვე, სალაროსთან ვიდექი აბების მოლოდინში.
სახლში არავინ მიცდიდა, ამიტომ სავარაუდო მასპინძლის შემოვარდნის სცენას თვალს მოთმინებით ვადევნებდი.
ჩქარობდა, თითქოს სათქმელის მოსწრებას ცდილობდა.
აქოშინებულმა ფარმაცევტმა - ჩანდა, ეს ახალგაზრდა კაცი აფთიაქში სწორედ ამ მისიას ასრულებდა, რადგან თეთრ ხალათს, რომელიც შუასაკუნეების ჰუპელანდივით მხრებზე მოესხა, გულის მხარეს ოქროსფერი ფირფიტა ამის მაუწყებელი წარწერით უბზინავდა - სატელეფონო წიგნი - წამოიძახა - იქნებ იქ ვიპოვო. როგორც ჩანს, ამაზე თანამოსაუბრემ სიცილი დააყარა, რადგან ფარმაცევტმა დაიმორცხვა და თავი იმართლა - ხომ შეიძლება ჩვენს დროშიც გამოსადეგი ყოფილიყოო.
არა, მართლა, ხომ შეიძლება?!
სახლში დავბრუნდი. ცა ნარინჯისფერდება. ხვალ გარეთ ვერ გავალ, რადგან ქარიან ამინდში ჩემგან დამოუკიდებლად თვალები ცრემლით მევსება და ფანჯრის მინის მიღმა უხმოდ და უსურვილოდ ვტირი.
***
ცა მოქუფრულია, დარაბები დახურული, ფარდულები გამოკეტილი. მხოლოდ ჩემი თმებისა და ყურების გავლით მქროლავი ნიავი მარწმუნებს რომ ნახატს არ ვუცქერ. პატრონის ნებართვით, უბნის მთავარი სკვერისთვის სამი წრის დასარტყმელად გარეთ გამოშვებულ ირლანდიურ წითელ სეტერს ჰგავს, კარგად გაწვრთნილ და დამბლადაცემული პატრონის პატივისმცემელს - უკან, ფიზიკის კანონების მიხედვით და ჰაერის წინაღობის გადალახვით, მოლივლივე ნაკადებში რთული მრუდით და პირუეტით, კარგად გათვლილ, დათქმულ და წინასწარ განზარხულ დროს რომ ბრუნდება, როგორც ბუმერანგი.
კარგია ცქერა ზღვიდან ამოსული ლამაზი სხეულის...
დათოვლილი სახურავების...
ნიავი აღარ იყო, ის უკვე ქარივით ქროდა და მეც ფანჯარას ამოვეფარე. ძაღლი მინის მიღმა მხედავს და მაინც მამჩნევს - უცხოთა მიმართაც როგორი ერთგული ყოფილა.
ამ საყოველთაო მოწყენილობაში, როცა ხანდახან ისიც კი მავიწყდება რატომ ვარ აქ, ამ ბინაში, როცა კიდევ უფრო რთულია პასუხის პოვნა შეკითხვაზე, თუ რატომ ვარ ამ სამყაროში (არადა ეს სავალდებულოა - ამაზე რაიმე სახის პასუხი საჭიროა) დროა გამოსავალი მოიძებნოს, რომელიც წარსულთან დაბრუნებაშიც კი შეიძლება მდგომარეობდეს.
მთელი დღის მანძილზე ფარმაცევტის სიტყვები ტრიალებს ჩემს ირგვლივ - იქნებ სატელეფონო ცნობარში ვიპოვოო. ჩვენც გვქონდა სახლში ასეთი წიგნი და მგონი ვხვდები სად შეიძლება შენახული იყოს.
ხელებს ვიქნევ რომ წინ წავიწიო - ყოველთვის მაინტერესებდა რა შეგრძნება ახლავს ეტლით გადაადგილებას. და ეს სურვილი ავისრულე, მეზობელმა მათხოვა, აღარ სჭირდება და დროდადრო, ოთახიდან ოთახში ასე დავდივარ.
ნათხოვარი ეტლით ახლა წიგნების თაროსკენ მივიწევ. ლატუნის სახელურებიან კარადაში ძველი და უსარგებლო მაკულატურა დევს. საოცარი სუნი გამოვარდება სიძველეთა ამ ქულბაქიდან, წარსულის მოტკბო-მომწარო და იდუმალი სურნელი.
და აი ისიც, დიდი ფორმატის წიგნი, ყდაზე ლურჯი წარწერებით და ქარვისფერ ფურცლებზე წვრილად ნაწერი აურაცხელი სატელეფონო ნომრით.
ნეტავ სად არიან ის ადამიანები, რომლებიც ოდესღაც ამ რიცხვების უკან მოიაზრებოდნენ. მათი ხმები, მათი ფიქრები, მათ ქცევები რისი განმაპირობებელი გახდა, რა მოუპოვეს საკუთარ თავს და სხვებს?
არშიებზე ხელით მინაწერია - კერძების რეცეპტები მოუნიშნავს ვიღაცას საკუთარი ლამაზი ხელრთვით. აქ კი არც მეტი და არც ნაკლები, მწნილის ჩადების წესი წერია - საოცარია. ვშლი ფურცლებს და მთელი იმჟამინდელი ცხოვრების მსვლელობა და ხასიათი იშლება თვალწინ - ღირსახსოვარი თარიღები ნათესავების ცხოვრებიდან, ბავშვის პედიატრის მისამართი, ლექსები, ერთგან მუსიკალური ნოტებიც გამოუყვანია ვიღაცას ფანქრით. ფეხბურთის და ოპერის გაყვითლებული ბილეთები, რამდენიმე გვირილა, კვლავ თავმომწონე... და ფოტო-სურათი. დედაჩემისაა. ცრემლი მერევა...
ამოვიღე და ჩემს წინ, ყვავილების ლარნაკთან დავდე. მიღიმის...
ახლა, მოდი ვცადოთ და წიგნს და ამ ცნობარს თავისი ფუნქცია დავუბრუნოთ.
ფრთხილად ვიღებ ბებიისეულ, ძველ, ანტიკვარულ, თუმცა ჯერ ისევ მუშა ტელეფონს და სადაფისფერ, დასვრეტილ რგოლს ვატრიალებ.
ზარი გავიდა. ტანთ გამაჟრჟოლა...
სადაც ახლა დავრეკე, იმ სახლის ოთახები, გუბურაში მცურავი დუმფარების თეთრ-ვარდისფერში გადაეწყვიტათ. ალბათ ახლა, დროთა მსვლელობის კვალდაკვალ, იმავე მცენარის მუქი მწვანე ფოთლების ფერად გარდაიქმნებოდა და ის სითეთრე და სივარდისფრე მხოლოდ გარდამავალ ტონებად თუ შემორჩებოდა შინაურულ პანოს. კედელი კი, სირბილით დაღლილი ძაღლის ენასავით გადმოჰკიდებდა შპალერის ნაგლეჯს და ბზარებსაც დაიმჩნევდა, როგორც ხანდაზმული, სიყვითლეშპარეული სხეული მუქ კაპილარებს.
ჩემი ტელეფონის ზარი დაკარგულის მაძიებელი