ქართული პოსტმოდერნიზმი თავიდან ორიოდე სიტყვა თვითონ ტერმინ პოსტმოდერნიზმის გამო. ზოგჯერ მის ნაცვლად პოსტავანგარდიზმსაც იყენებენ, რაც, ჩემი აზრით, უფრო სწორია, რადგან აქედან კარგად ჩანს, რომ ეს მიმდინარეობა ავანგარდიზმის შემდეგ გაჩნდა („პოსტ“ – „შემდეგ“ ლათინურად), ამდენად იგი, გარკვეული აზრით, ავანგარდიზმის უარყოფაც არის. ვინც ტერმინ „პოსტავანგარდიზმს“ ხმარობს, მისთვის მოდერნიზმი და ავანგარდიზმი სხვადასხვა რამეა. მოდერნიზმად ისინი იმ მიმდინარეობებს მიიჩნევენ, რეალიზმსა და ნატურალიზმს რომ მოჰყვა, ესენია – იმპრესიონიზმი, სიმბოლიზმი, აკმეიზმი, რომლებიც მიმეტური, ანუ არისტოტელური ხელოვნების ფარგლებში თავსდებიან. ავანგარდისტული მიმდინარეობები კი (პირველი მათგანი, როგორც ცნობილია, ფუტურიზმი იყო) ანტიმიმეტური, არაარისტოტელური გამოსახვის მანერას მიმართავენ, უარს ამბობენ სინამდვილის სინამდვილისეული ფორმებით ასახვაზე; სხვა სიტყვებით, სინამდვილისეულ მოვლენათა დეფორმირებას ახდენენ (რა მიზნით აკეთებენ ამას, ახლა ამის შესახებ სიტყვას არ გავაგრძელებ).
მაგრამ რაკი ტერმინი პოსტმოდერნიზმი უფრო გავრცელებულია, ვიდრე პოსტავანგარდიზმი, ჩვენც ეს ვიხმაროთ, ოღონდ გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ იგი ქრონოლოგიურად ავანგარდიზმს მოსდევს და, ბუნებრივია, უპირისპირდება კიდეც მას. ზემოთ დასახელებული ფუტურიზმის გარდა, ავანგარდიზმს განეკუთვნებიან აგრეთვე დადაიზმი, სიურრეალიზმი, ექსპრესიონიზმი, აბსურდის ხელოვნება, კონსტრუქტივიზმი, კონკრეტული პოეზია... თუკი ავანგარდიზმმა ზურგი აქცია წარსულს, აითვალწუნა ყოველივე, რაც ადრე იყო (თვით ენაც კი, და ახალი ენის შექმნას მიჰყო ხელი), თუ მან მთლიანად „უწარსულო“ მომავლისკენ მიაპყრო მზერა (გავიხსენოთ, რომ „ფუტურიზმი“, სანახევროდ თუ გადმოვაქართულებთ, „მომავლიზმია“ – „ფუტურუმ“ ლათინურად მომავალია), მისგან განსხვავებით პოსტმოდერნიზმი დიდი ინტერესით მიუბრუნდა წარსულს. ყოველ შემთხვევაში, თუკი ავანგარდიზმი ყოველივე ძველთან ერთად ძველ ტექსტებსაც უარყოფდა, პოსტმოდერნიზმი განსაკუთრებული ყურადღებით ეპყრობა ნებისმიერი ისტორიული ეპოქის ტექსტს, აღიარებს მის „ავტორიტეტს“, რამდენადაც ტექსტი პოსტმოდერნისტთათვის წარმოადგენს „ერთადერთ კონკრეტულ მოცემულობას, რომელთანაც ისინი მზად არიან საქმე იქონიონ“ („თანამედროვე საზღვარგარეთული ლიტერატურათმცოდნეობა. ენციკლოპედიური ცნობარი“ [შემდგომ – თსლ]. მოსკოვი: 1996: 226. რუსულ ენაზე). აქედან – ციტატების, ალუზიების, რემინისცენციების, ძველი ტექსტების არანჟირებით თუ პაროდირებით შესრულებული პასაჟების სიუხვე პოსტმოდერნისტულ ოპუსებში.
ციტირებული შეიძლება იყოს ნებისმიერი ტექსტი – მხატვრულიც, მეცნიერულიც, იურიდიულიც, პოლიტიკურიც, საცნობაროც, საკანცელარიოც. ამას ინტერტექსტუალობას უწოდებენ.
მრავალრიცხოვანი და ვრცელი ციტატები არათუ მხატვრული ტექსტის, არამედ მეცნიერული გამოკვლევის ნაკლადაც კი მიიჩნეოდა და ახლაც მიიჩნევა. იმის მიზეზი, თუ რატომ არ აღიქმება ეს ნაკლად პოსტმოდერნისტულ მხატვრულ ნაწარმოებში, გახლავთ ე. წ. ორმაგი (ან მრავალგზისი) კოდირება, რაზედაც ქვემოთ გვექნება საუბარი.
მეორე უმთავრესი ნიშანი პოსტმოდერნიზმისა ის არის, რომ ტექსტშივეა მოცემული რეფლექსია თვითონ ტექსტზე, ავტორს თავის შემოქმედებით ლაბორატორიაში შევყავართ, მხატვრული ტექსტის ნაწილი ხდება ის, რაც ადრე, ჩვეულებრივ, ტექსტს მიღმა რჩებოდა. ტრადიციულად ავტორები თავიანთი შემოქმედებითი, ასე ვთქვათ, ტანჯვის რეზულტატს გვთავაზობდნენ, აქ კი ეს „ტანჯვაც“ ტექსტის ორგანული ნაწილია. ასე რომ, მხატვრულ ტექსტში ფართოდ იჭრება ესეისტურ-თეორიული ნაკადი, რაც მეტატექსტად იწოდება. „ასეთი სიმბიოზი ლიტერატურათმცოდნეობითი თეორეტიზებისა და მხატვრული გამონაგონისა შეიძლება წმინდა პრაქტიკული საჭიროებითაც აიხსნას, რადგან მწერლები იძულებულნი არიან განუმარტონ რეალისტური ხელოვნების ტრადიციაზე აღზრდილ მკითხველს, რატომ მიმართავენ თხრობის მისთვის უჩვეულო ფორმას. მაგრამ ამ პრობლემას უფრო ღრმა ფესვები აქვს, ვინაიდან თხრობის ესეისტურობა (...) საერთოდ დროების დამახასიათებელ ნიშნად იქცა“ (თსლ, გვ. 262).
ეს ორი ნიშანი – 1. ინტერტექსტუალობა, რაც უხვად ციტირების, ალუზიის, რემინისცენციის, მიბაძვის, პაროდიის სახით ვლინდება, და 2. მეტატექსტი, რაც ნაწარმოებში თვით ამ ნაწარმოებზე ან მისი შექმნის პროცესზე რეფლექსიაში იჩენს თავს, პოსტმოდერნისტული თხზულების უმთავრესი ამოსაცნობი ნიშნები გახლავთ. სხვა ნიშნები, რომლებსაც გზადაგზა შევეხებით, ამ ორი თავისებურებიდან გამომდინარეობს.
ზემოთქმულიდან შეიძლება იმასაც მივხვდეთ, რომ პოსტმოდერნიზმი ვერ იქნება „წუნია“ მხატვრული გამომსახველობის ამა თუ იმ ფორმის მიმართ. რას ვგულისხმობთ ამ „წუნიაობაში“? ყოველი მიმდინარეობა გულდასმით ადგენს მისთვის შესაფერის, მისთვის მისაღებ მხატვრულ ხერხთა და ფორმათა არსენალს. პოსტმოდერნიზმის სტილური თავისებურება კი ის გახლავთ, რომ იგი „ფორმალური თვალსაზრისით წარმოადგენს ხელოვნებას, რომელიც შეგნებულად უკუაგდებს ყველა წესსა და შეზღუდვას, წინამავალი კულტურული ტრადიცია რომ გამოიმუშავებს“ (თსლ, გვ. 204). პოსტმოდერნისტულ ოპუსში გვერდიგვერდ შეგხვდებათ სრულიად განსხვავებული მანერით შესრულებული პასაჟები, სხვადასხვა ლიტერატურული მიმდინარეობისათვის დამახასიათებელი მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები, და ბევრი ისეთიც, მანამდე რომ არსად შეგვხვედრია. აქედან – პოსტმოდერნისტული თხზულების გამიზნული ეკლექტიკურობა. ამ განურჩევლობას მხატვრული გამოსახვის საშუალებათა და ასახვის ობიექტთა მიმართ ნონსელექციას უწოდებენ (ნონსელექცია – შერჩევაზე უარის თქმა).
ამ პრინციპით შესრულებული ნაწარმოები ერთი შეხედვით ქაოტური ჩანს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან მხატვრულ ნაწარმოებში გამოყენებული ნონსელექცია სინამდვილეში ფსევდო- ანუ კვაზინონსელექციაა, „რამდენადაც ხელოვანი (ცხადია, პოსტმოდერნისტი ხელოვანი იგულისხმება. – ლ. ბ.) აუცილებლად გადაარჩევს მასალას და არ კმაყოფილდება მის თვალსაწიერში მოხვედრილი ფაქტების მექანიკური რეგისტრირებით“