მიმართვა მკითხველს
მკითხველს თუ მყიდველს? - შეიძლება სამართლიანად მოინდომოს დაზუსტება რომელიმე კარგმა მკითხველმა.
არცთუ ისე დიდი ხნის წინ ამგვარი დაზუსტების მცდელობაც კი აბსურდი იქნებოდა, მაგრამ დღეს წინდახედული ავტორები იძულებულნი არიან ამავე სათაურით მკითხველს კი არა, სინამდვილეში, მყიდველს მიმართონ ხოლმე.
ვინც წიგნის მკითხველსა და მყიდველს შორის განსხვავებას ვერ ხედავს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ბოლო ოცი წელიწადია ამ საკითხზე არ დაფიქრებულა: მკითხველი გუშინაც და დღესაც, ჩვეულებრივ, მყიდველიც იყო და არის ახლაც, მაგრამ მყიდველი თითქმის არასოდეს იყო მკითხველი, და არ არის არც დღეს.
განსაკუთრებით დღეს აღარ არის.
თუმცა მთავარი განსხვავება მაინც რაოდენობაშია. დღეს მკითხველთა ისედაც ყოველთვის მეჩხერი რიგები სულ უფრო და უფრო მეტად მეჩხერდება, ხოლო ისედაც ყოველთვის მრავალრიცხოვან მყიდველთა არმია სულ უფრო იზრდება და ძალას იკრებს. იმ დროს, როცა მყიდველს არტისტული დაუდევრობით გადამკითხველს ვუწოდებდით, რაოდენობას მნიშვნელობა არ ჰქონდა. მაგრამ დღეს, როცა კოტირებისას ყურადღება ექცევა არა ჭეშმარიტების წვდომის მცდელობას, არამედ გაცვლით ღირებულებას, მყიდველთა არმია ჭირვეულ ღმერთად იქცა: მას შეუძლია გაცოცხლოთ ან შიმშილით მოგკლათ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, და თან ისე, რომ თვითონ ვერც კი გააცნობიეროს ეს. დღეს წიგნიც საქონლად იქცა და მარკეტინგის რკინის კანონებს დაემორჩილა.
ამიტომ მიჭირს იმ ავტორების გამტყუნება ამ ჭირვეული ღმერთის გულის მოსაგებად კანიდან რომ ძვრებიან, თუმცა მე მაინც მკითხველს მივმართავ.
რატომ?
არა იმიტომ, რომ წინდახედულება მაკლია ან ჩვენებური მეცენატებისა და მათი მრჩევლების კეთილგანწყობით ვსარგებლობ.
ღმერთო დიდებულო!..
მიზეზი გაცილებით პროზაულია. უბრალოდ, მარკეტინგზე მაშინ უნდა მეფიქრა, როცა დიდი ხნის განმავლობაში ლოგინიდან უთენია წამომდგარს ხელნაწერისკენ ისე რომ მიმიწევდა გული, თითქოს საყვარელ ქალს უნდა შევხვედროდი.
მაშინ არ ვიფიქრე.
და კვლავ და კვლავ არა იმიტომ, რომ ზემოხსენებულ ჭირვეულ ღმერთსა და მისი ცდუნების ხერხებზე არაფერი მსმენია. პირიქით: მკითხველს შეუძლია დარწმუნდეს, რომ ეს წიგნი სწორედ ამ ჭირვეული კერპისა და მასთან დაკავშირებული მრავალი ისეთი ფენომენის შინაგანი მექანიზმის გააზრების მცდელობაცაა, რომელთა ახლებური კომბინაციები დღეს უზარმაზარ ზეგავლენას ახდენენ ჩვენს ცხოვრებაზე. მაგრამ ეს ის თემებია, რითაც მყიდველის ცდუნება შეუძლებელია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ გასართობი არ არის. ანუ მარკეტინგზე მოფიქრალი მწერალი ასეთ წიგნზე ერთ წუთსაც არ დახარჯავდა. მაგრამ რაკი თქვენმა მონა-მორჩილმა წინამდებარე წიგნს სიჯიუტისა თუ სხვა რამ უფრო ბნელით მოცული მიზეზების გამო ერთ წუთზე უსასრულოდ ბევრი წუთი დავახარჯე, მაშინ მითხარით, თუ ღმერთი გწამთ, რაღა აზრი აქვს ჭირვეულის გულის მოგებასა და მის ცდუნებაზე დაგვიანებულ და ამაო ფიქრებს?
ამიტომ მივმართავ მაინცდამაინც მკითხველს.
***
მაშ ასე, ძვირფასო მკითხველო, იდეა, რომლის სრულფასოვან დემონსტრირების ცდასაც წინამდებარე წიგნის დაწერა დასჭირდა, შეიძლება ძალიან მოკლედ, ერთი-ორი ფრაზითაც გამოითქვას: არსებობს გასაოცარი მსგავსება დასავლური კულტურის ელინისტურ ხანასა და თანამედროვე პოსტმოდერნისტულ ეპოქას შორის. ელინისტურ ხანაში ვგულისხმობ დროის მონაკვეთს, რომელიც გავიდა ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალებიდან რომის იმპერიის დაცემასა და შუა საუკუნეების დადგომამდე.
ეს მსგავსება იმიტომაა გასაოცარი, რომ იგი არ ამოიწურება მეორე-მესამეხარისხოვანი დეტალებისა თუ ნიუანსების შემთხვევითი ან არაარსებითი დამთხვევით და ორი ეპოქის გაცილებით სერიოზული, ფუნდამენტური ხასიათის მსგავსებად გვევლინება. დროში ერთნახევარი-ორი ათასწლეულით დაცილებული ორი დიდი ეპოქის ამ უცნაური, არსობრივი მსგავსების მიზეზების დანახვის სურვილმა, ფაქტობრივად, მთელი დასავლური ცივილიზაციის ზოგადი სტრუქტურის რეკონსტრუქციის აუცილებლობა განაპირობა.
მაგრამ რატომ ზოგადი?
„ზოგადობა“ ასეთ შემთხვევებში გარდაუვალია ხოლმე, რადგან, კაცმა რომ თქვას, როგორც წარსულში, ისე აწმყოში და მომავალშიც ერთადერთი, რაც აზროვნებით შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს, ეს სწორედ ამა თუ იმ მოვლენისა თუ ფენომენის ზოგადი სტრუქტურაა.
მეორე მხრივ, დასახული მიზნის მიღწევის მცდელობის პროცესში თავისთავად შეიქმნა გარკვეული სააზროვნო ველი, რომლის ფონზეც ქართული კულტურის ბოლო ორსაუკუნოვანი პერიოდის ზოგიერთი მნიშვნელოვანი ტენდენცია, დღემდე (ძირითადად გაუცნობიერებლად) დიდ ზეგავლენას რომ ახდენს ჩვენს ყოფა-ცხოვრებაზე, თითქმის ავტომატურად, ფესვებამდე გაშიშვლდა.
საბჭოთა პერიოდში ჩვენებური მწერლისთვის ამგვარი სამუშაოს შესრულება შეუძლებელი იყო. და არა მარტო იმიტომ, რომ ჩვენში არსებობდა როგორც საბჭოთა, ასევე ეროვნული ცენზურა და ამ მიმართულებით აზროვნებას ორივე კრძალავდა. მიზეზი გაცილებით ფუნდამენტური იყო. მართალია, ამგვარი წიგნის დაწერა შესაძლებელი გახდა მხოლოდ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, როცა ყველა შესაძლო თვალსაზრისით რეგლამენტირებული და ჩაკეტილი საბჭოთა კავშირი თავის ცენზორ-ცერბერებიანად დაინგრა, ხოლო ეროვნულმა ცენზურამ ძალა დაკარგა, მაგრამ მთავარი მაინც ის იყო, რომ ყოველივე ამასთან ერთად მოულოდნელად ჩვენს თვალწინ, ასე ვთქვათ, რეალური დასავლეთი გადაიშალა.
მხოლოდ