„...და ვინ ხარ შენ?“
1.
„მთვრალი კი არა, ეგოისტი ვარ მე!“
აგული ერისთავი
„...და ვინ ხარ შენ?“ _ მეკითხება ტელევიზორიდან რომელიღაც მსახიობის დაყენებული ხმა. ცხადია, სინამდვილეში არ აინტერესებს, მაგრამ მაინც დაჟინებით, დღეში რამდენჯერმე მეკითხება. ტელევიზორს სად გაექცევი?
ნახევარი ცხოვრება ისე გავიდა, ამაზე არ დავფიქრებულვარ.
და ვინ ვარ მე?
ცხადია, არა „სპრაიტით“ ეგზალტირებული თინეიჯერი, რომელიც მართლაც გასაოცარი სარეკლამო თავხედობით ზედიზედ იპყრობს ყოველგვარ წარმოდგენილ თუ წარმოუდგენელ სიმაღლეებსა და მწვერვალებს.
რა თქმა უნდა, არც ამ მაჟორული ინტონაციის მქონე სარეკლამო ტექსტის ავტორი.
იქნებ რაღაც კარგის ამაო მოლოდინში თითქმის უკვე შუახანს მიღწეული, მაგრამ გულით მაინც ჯეელი, ასე ვთქვათ, მარადმწვანე კალმოსანი, ვისი მსჯელობანიც რამდენიმე კაცის ყურადღებას მაინც იპყრობს?
შეიძლება, თუმცა ესეც საეჭვოა.
ანდა რა მნიშვნელობა აქვს, იპყრობს თუ არ იპყრობს?
ამგვარი ფიქრმდინარებით თავის გამხნევება მხოლოდ ძაღლის კუდივით გაუსწორგამოუსწორებელ რომანტიკოსთათვისაა დამახასიათებელი, რომელნიც, გასაკვირია, მაგრამ ჩვენს ცაფირუზ, ხმელეთზურმუხტოვან სამშობლო მხარეში ჯერაც მრავლად ფუსფუსებენ.
თუმცა გასაკვირი არაფერია, რადგან კუზიანისა არ იყოს, ძაღლის კუდსაც მხოლოდ სამარე ასწორებს.
გასაკვირი ის უფროა, რომ ჩვენში რომანტიკოსებს ბოროტების იმპერია ქმნიდა, და არა მარტო ქმნიდა, ნებსით თუ უნებლიეთ, საარსებო სივრცესაც აძლევდა. ვის არ ახსოვს ამ სივრცეში განფენილი მათი არაოფიციალური, მაგრამ შეუვალი ავტორიტეტი? მაგრამ ბოროტების იმპერია წარილტვა, გაქრა და რომანტიკოსთა საარსებო სივრცე და ავტორიტეტიც თან გაიყოლა.
ბოროტების იმპერიაზე მიუდგომელი და შეუვალი ფულის იმპერია აღმოჩნდა.
„...და ვინ ხარ შენ?“ _ ისევ ჩართულია ტელევიზორი.
„მთვრალი კი არა, ეგოისტი ვარ მე!“ _ ნიშნის მოგებით იტყოდა აგული ერისთავი, რადგან ამ თემაზე მოლაპარაკე კაცი ჩვენში ან მთვრალი ჰგონიათ, ანდა ეგოისტი. ეგოისტი _ შინაურებს, მთვრალი _ გარეულებს.
მაგრამ სინამდვილეში არც აგული იყო მთვრალი ან ეგოისტი და არც მე გახლავართ. უბრალოდ, ვცდილობ ტელევიზიით დასმულ აბეზარ კითხვას ვუპასუხო.
განგების ნებას რას გაუგებ?
იქნებ წინა ცხოვრებაში რაღაც დავაშავე?
სად გაგონილა ერთდროულად თან მტკვრის მარცხენა სანაპიროს მკვიდრი იყო და თან სიყრმითგან შენით ხმა იდუმალი გყავდეს შემოჩენილი?
იცით, რას ნიშნავს შეუთავსებელი სუბსტანციების ერთ ჭურჭელში მოთავსება?
ყველაზე უცნაური და საიდუმლოებით მოცული ამბავი მაინც ის არის, ეს ხმა იდუმალი მარცხენა სანაპიროს შუკებში საიდან შემოეხეტა.
იქნებ ჩვენს ქალაქში ახალი ჩამოსული იყო და თბილისური ზნეჩვეულებებისა არაფერი გაეგებოდა?
ან იქნებ, ჩემი არ იყოს, სადღაც, რომელიღაც განზომილებაში მანაც რაღაც დააშავა და გამოღმა იმიტომ გადმოიხვეწა?
არ ვიცი.
სამაგიეროდ, ვიცი, რატომ შემორჩა ისტორიას სამგზის ცხონებული შოლნის ბებერი დუკას ნათქვამი დალამბერსა და რუსოზე: წელიწადში ათასი ეკიუს რენტაც კი არ გააჩნიათ და ცდილობენ, ყველაფერზე იმსჯელონო.
მეთვრამეტე საუკუნის საფრანგეთში ეს მწარე სიმართლე იყო.
ჩვენში დღესაც არ გასვლია ყავლი.
ახლა წარმოიდგინეთ იმ კაცის მდგომარეობა, წელიწადში ათასი ლარის აღებაც რომ შეიძლება გაუჭირდეს, მაგრამ ხმა იდუმალის შეგონებებს აყოლილი მაინც რომ ცდილობს, ყველაფერზე იმსჯელოს.
საცოდაობაა...
„...და ვინ ხარ შენ?“ _ ტელევიზორს მართლა ვეღარსად დაემალები.
ვინ და, ყველა გზაკვალაბნეული ხმა იდუმალის ჯიბრზე, „საპნის ოპერებად“ მონათლული, იგივე ლათინურამერიკული, სერიალების მთარგმნელი.
ეს ამბავი ასე მოხდა.
ერთ მშვენიერ დღეს ყური აღარ ვათხოვე ხმა იდუმალის შემპარავ ჩურჩულს, ავიღე კალამი და ნაცვლად მორიგი ამაო მსჯელობის გამართვისა, სერიალის თარგმნას შევუდექი. დიდებული პრინციპი ყოფილა _ რაც არა გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასაო.
ხმა იდუმალის შეგონებებს რომ აჰყვე, ან ძალიან ახალგაზრდა უნდა იყო, ან მარჯვენა სანაპიროს მკვიდრი, ან მაქს შტირნერივით (ღმერთმა აცხონოს მისი წამებული სული) თანმიმდევრული, ანდა გოგენივით თავქეიფა. მაგრამ რაკი არც ერთი ეს ღირსება არ აღმომაჩნდა, ბურიდანის სახედარივით როდი დავიწყე ყოყმანი. ავდექი და გაბედულად შევცურე სერიალების უკიდეგანო ოკეანეში.
ვერ დავმალავ, ეს მაინცდამაინც სასიამოვნო საქმე არ არის, მით უფრო იმ კაცისთვის, ყველაფერზე მსჯელობის მავნე ჩვევა რომ აქვს. მაგრამ როგორც დაუვიწყარი პიპინია ერისთავი იტყოდა, თუკი მოიქნევ, გალუბჩიკ, უნდა დაჰკრა კიდეც!
ბაჯაღლო სიტყვებია.
დღეს ჩვენში ერი და ბერი სულიერ საზრდოს სერიალებიდან იღებს, მაგრამ, სნობების ცხვირის აბზუების გარდა, რა ვიცით მათ შესახებ? საბჭოური სტერეოტიპის ზეგავლენით ბევრს ჰგონია, რომ მასკულტურას უნიჭო ადამიანების უნიჭო ქმნილებები ქმნიან. მაგრამ საბჭოური სტერეოტიპები მასკულტურის ფენომენის გასაგებად არ გამოდგება.
დიად საბჭოეთში მთლიანად მასობრივად გამოცხადებული კულტურა, თავისი ნიჭიერი თუ უნიჭო წარმომადგენლებით, არსობრივად ელიტარული იყო, რადგან ტოტალიტარიზმისთვის, გამომდინარე საკუთარი ამოცანებიდან, პრინციპულად მიუღებელია კულტურის მასობრივად და ელიტარულად დაყოფა.
საბჭოეთში ყველაფერი ერთიანი