პოტეროფობია
ძნელია იკამათო ნაწარმოებზე, რომელიც არა თუ თარგმნილი, ბოლომდე დასრულებულიც არ არის. მიუხედავად ამისა, სწორედ ასეთი წიგნის აკრძალვის სურვილი გაუჩნდათ ქართველ ლიტერატორებს, სასულიერო პირებსა და საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ხან ლიტერატორებს ემხრობა, ხან სასულიერო პირთა არგუმენტებს იშველიებს.
ამ ავტორთა უმრავლესობამ ძირითადად გაზეთ „ ჩვენი მწერლობის “ ფურცლებზე მოიყარა თავი ( 2-8 მაისი, 11-17 ივლისი, 2003 წ).
რა არის ის, რაც ერთნაირად აღიზიანებს მწერლებსა და მორწმუნეებს?
მრევლის დაკარგვის შიში, თუ ლიტერატურული შური?
ერესი თუ კულტურათა შეჯახება?
იმთავითვე უნდა აღვნიშნო, რომ წერილის მიზანი არაა ჯოან როულინგის ლიტერატურულ ღირსებებზე ლაპარაკი. უფრო მეტიც, ვფიქრობ, იგი ვერასდროს გაეჯიბრება „ ტომ სოიერისა “ და „ მაუგლის “ ავტორებს. თუმცა, ამას მომავალი თაობები შეაფასებენ, რადგან ისტორია ყველაზე მკაცრი მოსამართლეა.
ლიტერატურული აკრძალვების ისტორია ბევრ უცნაურ ფაქტს იცნობს: რევოლუციის შემდეგ ბელადის ცოლმა - ნადეჟდა კრუპსკაიამ კორნეი ჩუკოვსკის „ ექიმი აიბოლიტი “ და „ ბუზი ციკატუხა “ ააკრძალვინა. ოცდაათიან წლებში აშშ-ის ბიბლიოთეკებიდან გამოიტანეს და გაანადგურეს ფრენკ ბაუმის ცნობილი ზღაპარი „ ოზელი ჯადოქარი “ . 1990 წელს კალიფორნიის შტატის ქალაქ ემპაირში აკრძალეს შარლ პეროს ზღაპარი „ წითელქუდა “ . ამ სიის გაგრძელება კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ საკმარისია.
რა იწვევს ქართველი საზოგადოების აღშფოთებას?
განსაკუთრებით ის, რომ ნაწარმოების გმირი - ჰარი პოტერი - ჯადოქრების სკოლაში, „ ჰოგვორდსში “ სწავლობს. ვისაც ყურადღებით წაუკითხავს ქართული ხალხური ზღაპრები, დამეთანხმება, რომ ჯადოქრობის შესწავლა, სულის გაყიდვა და მაგიური ცოდნის შეძენა სრულიადაც არ არის უცხო სიუჟეტი. აი, რამდენიმე ნიმუში: „ ზღაპარი ოსტატისა და შეგირდისა “ , „ ერთი ბიჭის ზღაპარი “ , „ ბოლოლა “ , „ გველის ძმობილი “ , „ გველი და კაცი “ , „ სიზმრის ახსნა “ , „ ნატვრის თვალი “ *
რა დავარქვათ ამას, მაგიის გაკვეთილები?
სულის გაყიდვის რეცეპტი?
სულაც არა. ეს ზღაპარია და ზღაპარი ცოტა ჯადოსნურიც უნდა იყოს. არ შეიძლება მისი ღვთისმოსაობრივი კუთხით განხილვა, მითუმეტეს მხოლოდ ერთი კონკრეტული მისამართით. მოდი, მაგიაზე ლაპარაკი ქართული ზღაპრებიდანვე დავიწყოთ, პირველ რიგში ქრისტეს მოწინააღმდეგე (ბერძ. ანტიქრისტე) ამირანის მითი გავიაზროთ და ავკრძალოთ. თუ დიდ ლიტერატურასაც გადავწვდებით, უნდა აიკრძალოს: „ ილიადა “ და „ ოდისეა “ , რადგან მათი გმირები კერპთაყვანისცემას ქადაგებენ. უნდა აიკრძალოს შექსპირის „ ჰამლეტი “ , „ მაკბეტი “ , „ ვენერა და ადონისი “ , „ ზაფხულის ღამის სიზმარი “ , „ ქარიშხალი “ , რადგან მათი გმირები ზებუნებრივ ძალებთან ამყარებენ კავშირს. უნდა აიკრძალოს ბაირონის „ კაენი “ , გოეთეს „ ფაუსტი “ , კრისტოფერ მარლო, მილტონი, ჰოფმანი, პო, მეტერლინკი, ვაჟა-ფშაველა... ეს კი უკვე ლიტერატურული ოსვენციმია, რადგან თუ მოვიწადინებთ, ნებისმიერ ავტორთან შეგვიძლია აღმოვაჩინოთ რაიმე საშიში და მიუღებელი. ამავე ლოგიკით შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ კონსტანტინე გამსახურდიას რომანი „ დიდოსტატის მარჯვენა “ მასონური შინაარსის ნაწარმოებია (ეს სიტყვა პანიკურ შიშს იწვევს ზოგიერთებში), რადგან აღმსარებლობით წარმართი არსაკიძე უბრალო ქვისმთლელია (ფრ. მასონი), რომელიც მოგვიანებით დიდოსტატის, ანუ გროსმაისტერის (უმაღლესი მასონური ხარისხი) წოდებას ეუფლება. ისიც პირველი მასონი არქიტექტორის - ხირამის - მსგავსად უფლის ტაძარს აშენებს, მასაც შურის ნიადაგზე კლავენ სხვა არქიტექტორები. თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ არსაკიძე მამალს სწირავს სამსხვერპლო მუხას, ანუ ასრულებს მაგიურ რიტუალს, შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ მის მიერ აშენებული სვეტიცხოვლის ტაძარიც მასონურია.
ოღონდ ნუ იტყვით, რომ ამ ვერსიას არსებობის უფლება არ აქვს.
საქმე სულ სხვაგვარადაა: ზღაპრებში მოხსენიებული მაგია მხოლოდ ადამიანური სურვილების განხორციელების, მისი გამოხატვის ფორმაა, დროისა და სივრცის შეზღუდულობის მოხსნის მცდელობა და ბუნების საიდუმლოებაში ჩაწვდომის სურვილი. ზღაპარი, ხალხური იქნება იგი თუ საავტორო, მისთვის დამახასიათებელ ლიტერატურულ ხერხებს იყენებს და მხოლოდ საკუთარი ჟანრის კანონებით უნდა