აგვისტოს ომის გამოძახილი თანამედროვე
ქართულ პროზაში „ცხოვრებაში უცებ არაფერი ხდება, განსაკუთრებით, მნიშვნელოვანი მოვლენები. მიუხედავად ამისა, თითქმის ყველაფერს, განსაკუთრებით - მნიშვნელოვან მოვლენებს, მოულოდნელობის ეფექტი აქვთ. ამის მიზეზი, ალბათ ისაა, რომ გადამწყვეტ მომენტში თითქმის ყოველთვის ჯერ რაღაც ხდება და შემდეგ იწყება მომხდარის გაანალიზება“ - ვკითხულობთ დავით ქართველიშვილის რომანში „სიყვარული და მსხალი“; აგვისტოს ომის გაანალიზებაც მისი დასრულების შემდეგ დაიწყო, საზოგადოების არაადექვატურობა და დაბნეულობა, გამოდის, მოულოდნელობამ განაპირობა - ადამიანების გარკვეულმა ნაწილმა, უფრო კონკრეტულად კი იმათ, ვისაც ეს ომი უშუალოდ არ შეხებია, მისი არსებობა მხოლოდ მას შემდეგ გააცნობიერეს, რაც ყველაფერი დასრულდა...
ისტორიაში არსებობს მოვლენები, რომლებიც ზოგჯერ იმაზე ტევადნი და მრავლისმეტყველნი არიან, ვიდრე მთელი საუკუნეები და ომმაც, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდა, იმაზე დიდი გამოძახილი ჰპოვა ქართულ პროზაში, ვიდრე სხვა ისეთმა ისტორიულმა პროცესებმა, რომელთა ფორმირება წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. რთულია ახსნა მიზეზი, მაგრამ ფაქტია: თემის აქტუალურობამ, ცნობიერებაში მომხდარმა გარდატეხამ თუ ქართველის ომისადმი განსაკუთრებულმა სიყვარულმა, განაპირობა ის, რომ განხსვავებული ჟანრის, სტილისა და ფორმის ლიტერატურული ნაწარმოებები, მკითხველს საშუალებას აძლევს, იხილოს ომის რამდენიმე მხარე, დარწმუნდეს, რომ ყველას თავისი ომი აქვს და რომ აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან ომი მათთვის, „ვინც არ იცის, როგორ იცხოვროს ფულის გარეშე“ და მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ: „ჩვენ დავრჩით აქ, ჩვენნაირი საცოდავები, იმათია ეს ქვეყანა, სიცოცხლეც იმათია... წავიდნენ, გააღწიეს, იმათ რა მოკლავთ, ჩვენა ვართ მკვდრები, ჩვენნაირები“; და რაც ყველაზე საინტერესოა, ქართულ ლიტერატურაში იბადება ახალი პერსონაჟი - ომი, რომელსაც ხანმოკლე ისტორია, მაგრამ მრავალსახოვნება და მრავალბუნებოვნება ახასიათებს...
დავით ქართველიშვილის რომანში „სიყვარული და მსხალი“, ომი მხოლოდ ერთგვარი ფონია, რომელიც კამერულ ოჯახურ დრამას კვალდაკვალ გასდევს, საზღვრების გარღვევასა და რეალობაში შემოჭრას კი ტელევიზიისა და რადიოს საშუალებით ცდილობს, თავიდან, თითქოს, ყურადღების მიღმა რჩება, მაგრამ საერთო ჯამში, იმდენს ახერხებს, ცხოვრების რიტმს ცვლის, ცვლის ცნობიერებასაც - ადამიანებს ღრუბლებიდან მიწაზე აბრუნებს.
ერთი შეხედვით, ეს არის ჩვეულებრივი წყვილის ისტორია - რამდენიმეწლიანი უიღბლო ქორწინების შემდეგ დამდგარი კრიზისული პერიოდი, დაუკმაყოფილებელი სექსუალური ინსტინქტი, ფორმალური, უემოციო და ზედაპირული ურთიერთობა, ფილოსოფოსი ცოლი, რომელიც მარადისობისკენ ისწრაფვის და ბიზნესმენი ქმარი, რომელმაც არ იცის, როგორ უნდა იცხოვროს ფულის გარეშე... მათ მიკრო სამყაროში ომი შეუმჩნევლად იჭრება და თითქოს, შანსს აძლევს, რაღაც უკეთესობისკენ შეცვალონ, იმაზე მეტი გააკეთონ, ვიდრე აქამდე აკეთებდნენ... პერსონაჟებს და ზოგადად ადამიანებსაც შეუძლიათ, გახდნენ გმირები, გმირობანას როლის თანაში ხომ ასეთი სასიამოვნო და ამაღელვებელია, მაგრამ საფრთხის გაჩენასთან ერთად თაგვებივით გარბიან - საკუთარ თავს არ უტოვებენ შანსს - ვერ ხდებიან გმირები, ისევე, როგორც გმირად ვერ იქცა საზოგადოება, რომელსაც ასე უყვარდა მოქმედებების დრამატიზება და მძაფრი განცდები... 9 აპრილის, სამოქალაქო და აფხაზეთის ომის შემდეგ ხომ ყველა ისეთ ისტორიებს ყვებოდა, რომლის მიხედვითაც, თითქოს, მხოლოდ მათ ურტყამდნენ ნიჩბებს, მათ ესროდნენ და ბომბავდნენ... წარსულის ომების ჩრდილქვეშ მყოფნი (ომისა, რომელიც ბევრისთვის ერთადერთი ჭეშმარიტი რეალობა იყო, სადაც საკუთარი თავი ყველამ მთავარ როლში წარმოიდგინა), ახალ ომს აბსოლუტურად განსხვავებული წინასწარი განწყობით შეხვდნენ - ქვეყნიდან გაიქცნენ. „წინა ომის დროს მიღებული გამოცდილება უსარგებლო იყო“ - ამბობს პერსონაჟი, „ფაქტი განცდის გარეშე უაზრობაა, ფაქტს მნიშვნელობას განცდა ანიჭებს“ - წერს ავტორი და მართლაც, ნაწარმოებში ვერ ვხვდებით პერსონაჟს, რომელიც რეალურად აცნობიერებს მოსალოდნელ საფრთხეს, თანაუგრძნობს ადამიანებს, რომლებისთვისაც „ომი ლოკალურია და არა ტოტალური“.
წარმოსახვაში ყველაფერი შესაძლებელია, რეალურ ცხოვრებასთან შედარებით, აქ გმირობა ბევრად ადვილია, მაგრამ „პასუხისმგებლობა სიზმარს და ცხოვრებას ერთამენთისგან მიჯნავს“, ფაქტი ჯიუტია: მთავარი პერსონაჟი ომის დღეებში აზერბაიჯანში გაიქცა და კასპიის ტბაში ნებივრობით გართული ცდილობდა, იმაზე არ ეფიქრა, რაც აგვისტოს ცხელ დღეებში მის ქვეყანაში ხდებოდა; სწრაფვა იდეალებისკენ, გამოდის, ცრუ სწრაფვა ყოფილა, რეალურად, პერსონაჟის დამოკიდებულება სამყაროსადმი ისეთივე უტილიტარულია, როგორც მისი მეუღლის, რომელსაც ღამით ფულით გატენილ კეისთან ერთად სძინავს... „მინდოდა, ყველაფერი დამევიწყებინა: საკუთარი თავი, განცდები, ფიქრები, ქმედებები... დამევიწყებინა ამ ზღვის სახელი, ამ ქალაქის სახელი, თუ რატომ ვიყავი აქ, მაგრამ ეს ყველაფერი შეუძლებელი იყო და რაც უფრო ვცდილობდი დავიწყებას, მით მკაფიოდ მახსენდებოდა: კასპიის ზღვა, ბაქო, აზერბაიჯანი... ომს გამოვექეცი“ - ამ ფრაზებში ერთგვარი სინდისის ქენჯნა იკითხება, ტკივილი ხელიდან გაშვებული შანსის გამო და სირცხვილი, რომ „გაქცეული“ გახდა... ამის დავიწყება შეუძლებელია... სწორედ ეს ფარული განცდაა ნაწარმოების ეპიცენტრი, მთელი ისტორია კი მის გარშემოა აკუმულირებული... „ვირთხები“, „ომს გამოვექეცი“ - თითქოს, ყველგან, ყველა სიტუაციაში ყურში ჩაგვესმის და ამის