წინასიტყვაობა რეზო კვესელავას სახელი ფართო საზოგადოების თვალში მაინც კინოს უკავშირდება, რადგან იგი საქვეყნოდ ცნობილი ფილმების - „ვედრება“
და „მონანიება“
- სცენარის ავტორი გახლავთ. მრავალი წლის მანძილზე კინოსტუდია „ქართულ ფილმში“
მუშაობდა მთავარ რედაქტორად, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თარგმნიდა ნიკოლაი ბერდიაევის, ანტონ ჩეხოვის, კნუტ ჰამსუნის, ვლადიმერ ნაბოკოვის ნაწარმოებებს.
ამ წიგნში რეზო კვესელავას ჩანაწერებია თავმოყრილი, ოღონდ ცოტა განსხვავებული ფორმით - პორტრეტებად. ავტორს არა მხოლოდ კონკრეტული პიროვნებები აღელვებს და აინტერესებს, არამედ მთელი ქართული საზოგადოება - თავისი კულტურული ცხოვრებით, ყოფითი ვნებებითა და თავგადასავლებით.
„საგნები ჩვენთვის“
კიდევ ერთი ცდაა იმ ძირითადის, უმთავრესის შესაცნობად, რაც ადამიანის განუწყვეტელი ფიქრისა და მოძრაობის საგანი გამხდარა.