"შესავალი: სახელი გალაკ(/ქ)ტიონი არსებობს მოსაზრება, რომ დედის სიკვდილმა განაპირობა პრუსტის, როგორც მწერლის დაბადება, რომ წერის მეშვეობით პრუსტი ცდილობდა “სამოთხეში (ე. ი. დედასთან) დაბრუნებას” [პოდოროგა, 256]. გალაკტიონის შესახებ შეიძლება ითქვას, რომ აკაკის სიკვდილმა განაპირობა მისი, როგორც “ძლიერი პოეტის” (ჰ. ბლუმისეული გაგებით) დაბადება. 1915 წლიდან მოყოლებული იქმნება ტექსტების მთელი სერია, რომელიც წარმოგვიჩენს, რომ აკაკის ეპიგონიდან ის იქცა “ძლიერ პოეტად”. სწორედ აკაკის სიკვდილის შემდეგ ჩნდება გალაკტიონის პოეზიაში “მკვდარი (დაღუპული) მამის” ინვარიანტული მოტივი. გალაკტიონის ახალი პოეტიკის მეორე დამახასიათებელ ნიშნად კი ის გვევლინება, რომ არტისტული ყვავილებიდან მოყოლებული 1927 წლის კრებულის ჩათვლით მის პოეზიაში კონტაქტი ან საერთოდ ვერ ხორციელდება, ან ადგილი აქვს კატასტროფულ “კონტაქტს”, სამუდამო განშორებას: “ამაოდ დაგენდე და ჩვენ ერთმანეთი / ამაოდ გვინდოდა! მშვიდობით მარადის!” (ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი), “ნისლის, სულის და ქარის – / ლაკმე, სადა ხარ, ლაკმე?” (ჭიანურები), “შენ კი სადა ხარ ამდენი ხანი? / რისთვის, ან ვისთან? არ ვიცი არა!” (ვერხვები), “მოველი ღამეს და შენ, სულამით! / ჩემს მკვლელ მიუვალ ღამეს მოველი… // შემოდგომის ცა – ასე დამწვარი, / უჩინარ ჭკნობის ალთა დარევით / ტბას დავეცემი უხმოდ, მკვდარივით!” (გობელენი), “მივდიოდით მხარდამხარ / და დრო გვეუარესა, / აწ არ ვიცი სადა ხარ / და რომელსა მხარესა.” (“გაგონდება თუ არა…”). კონტაქტის ეს ერთადერთი ფორმა “სიახლოვე-სიშორის” დიალექტიკას ეფუძნება: “რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები! / მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი, / ხელუხლებელი – როგორც მზის სხივი, / მიუწვდომელი – როგორც ედემი.” (რაც უფრო შორს ხარ), “სიშორის შენის სიახლოვე, მარადის მძაფრი, … // და სიახლოვის სიშორეში, კვლავ უფრო შორი / მისვლა ყელამდე…” (სიშორით შენით), “მერი, ჩემო შორეულო მერი” (შენ ზღვის პირად), “შორეული ქალის ეშხი / მოვა… მაგრამ როდის?” (მარიამ-ანტუანეტა), “ენატრებოდათ ფრთებს სითამამე / უზრუნველობის, შენი სიშორის! / მაგრამ უეცრად ვიღაც მესამე, / ვიღაც მახინჯი ჩადგა ჩვენს შორის.” (ედგარი მესამედ), “ის ახლობელი იყო სულ შორი…” (ის დირიჟორი)... "