პროლოგის ნაცვლად ენჯი
01/12/2019
სარწეველა სკამზე მჯდომი და პლედშემოხვეული თოვლიან მთებს გავცქერი. ხელში ჩაის ჭიქა მიჭირავს, რომელიც თითქმის ცივია. ზანტად ვაშორებ მზერას მთებს, ჩაის ჭიქას მოაჯირზე ვდგამ და ვიღებ ამანათს, რომელიც ძირს დევს. იმას, რაც შეფუთვაშია, შეუძლია ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალოს. ნელა ვაცლი პრიალა ქაღალდს და შიგნით მოთავსებულ წიგნს ნაზად ვუსვამ ხელს - ზუსტად ისეთია, როგორიც მსურდა. ენჯი ახვლედიანი, „დაუსრულებელი ზღაპარი“ - აწერია გარეკანზე. ეს არის წიგნი, რომელიც ჩემი და ლევანის სიყვარულის ისტორიას ასახავს და მოიცავს პერიოდს, ჩემ მიერ მისთვის პირველად გაგზავნილი შეტყობინებიდან მის გარდაცვალებამდე. ერთ წიგნში ჩატეული ერთი თვე, ერთი სიყვარულის ისტორია. გამომცემლობას წინასწარ შევუთანხმდი - არავითარი პრეზენტაციები, ინტერვიუები და ავტოგრაფები. ეს წიგნი ერთადერთი ადამიანისთვის არის გამიზნული. წიგნს ფრთხილად ვშლი - მესამე გვერდზე სათაურის ქვეშ წვრილი შრიფტით წერია: „მას, ვინაც განმსაჯა“.
თმიდან თოვლის ფიფქებს ვიშორებ, წიგნს გულში ვიკრავ და ნელა ვდგები. ვგრძნობ, ეს მთები ჩემს ცხოვრებას შეცვლის.
დემნა
01/12/2019
ცხელი შხაპის ქვეშ ვდგავარ და ჩემს ცხოვრებაზე ვფიქრობ. ერთი მიზანი მქონდა - იმ ადამიანზე მეძია შური, ვინც ჩემი ოჯახი დაანგრია. სამი თვის წინ ამას მივაღწიე. მაგრამ მე რომ მინდოდა, ისეთი შედეგი ვერ მივიღე. მეგონა შინაგანად გავთავისუფლდებოდი, შვებას ვიგრძნობდი. მაგრამ ვერაფერს ვგრძნობ, წამიერი კმაყოფილების გარდა. ამიტომ გადაწყვეტილება, რომელიც ბოლო ერთი თვეა მიტრიალებს გონებაში, სისრულეში უნდა მოვიყვანო - იტალიაში უნდა წავიდე დედასთან.
მისაღებში გავდივარ, ვცდილობ უხმაუროდ ვიმოძრაო, რომ ოლივია არ გავაღვიძო. ჭიქაში ვისკის ვისხამ და ქალაქის ხედს ვაკვირდები. უცებ მზერა დაბალი მაგიდისკენ გამირბის. ეს შეკვრა აქ საიდან გაჩნდა? სწრაფად ვდგები და მაგიდას დავყურებ. „მნიშვნელოვანია“ - წითლად აწერია ამანათს მთელ სიგრძეზე. შეკვრას სწრაფად ვხსნი, წიგნი აღმოჩნდა. ყდას ვაკვირდები: მარცხენა ქვედა კუთხეში გოგონა ზის, ხელები მუხლებზე შემოუხვევია და ტირის, ფრთამოტეხილ ანგელოზს ჰგავს. მარჯვნივ, ოდნავ ზემოთ, ბიჭია გამოსახული, თავზე შარავანდედით, და ზევით მიიწევს, თითქოს ცაში უნდა აფრენა. ყდას ხელს ვაყოლებ და ვშეშდები - ენჯი ახვლედიანი, „დაუსრულებელი ზღაპარი“ აწერია ყდაზე.
ნეტა რამდენ ხანს ვდგავარ გაშეშებული. ბოლოს ხელს ვისვამ სახეზე და სავარძელში ვეშვები. ვინ არის ჩემთვის ენჯი ახვლედიანი? ენჯი არის ადამიანი, რომელთანაც ჩემი გზები გადაიკვეთა ჩემი შურისძიების გამო. აღმოჩნდა, რომ ის იმ ადამიანის უკანონო შვილი იყო, რომელზე შურისძიებაც ცხოვრების მიზნად დავისახე. და მასზე შეგროვებული მასალა ანონიმურად ყველაზე ცნობილ ონლაინგამოცემას გავუგზავნე. გამოხმაურებამ არ დააყოვნა - მეორე დღეს ყველა მის ამბავს განიხილავდა სოციალურ ქსელში. ყველა, თავად ენჯის გარდა - მან სოციალური ქსელი გააუქმა, ფაქტობრივად მიუწვდომელი გახდა. მოგვიანებით კი ინტერნეტიდან ყველა სტატია გაქრა. სავარაუდოდ, გოგის გავლენის წყალობით.
თავს ვაქნევ, რომ ენჯიზე ფიქრი მოვიშორო და წიგნს ვფურცლავ, მესამე გვერდზე სათაურის ქვეშ წვრილი შრიფტით წერია - „მას, ვინაც განმსაჯა“. ჯანდაბა! სამთვიანი გაუჩინარება და ზუსტად სამი თვის თავზე მოძღვნილი წიგნი. მაგრამ როგორ გაიგო ჩემი ვინაობა? ან ეს წიგნი აქ საიდან გაჩნდა?