მოთხრობები - Animal Planet „ბრძენთა ქცევა ნაკარნახევია გონებით, ნაკლებად საზრიანთა – გამოცდილებით, უმეცართა - აუცილებლობით, ცხოველთა – ბუნებით“.
მარკუს ტულიუს ციცერონი
„შენ თვლი, რომ სექსი მიზეზია ომის
და მოგწონს ის, რომ მაიმუნები ვართ...“
ირაკლი ჩარკვიანი
- რამდენიმე თვის წინ, ერთ შაბათ საღამოს, კორპორაციული წვეულების ბოლოს, უცნაური რამ დამემართა. ან იქნებ არც ისეთი უცნაური... თავად განსაჯეთ. ვეცდები ყველაფერი თანამიმდევრულად გავიხსენო...
- დიახ. აბა, გისმენთ.
- მოკლედ, ჩვეულებრივი Corporate Party გვქონდა. ბოლოს ყველაფერი უზღვავი ალკოჰოლით, საერთო აურზაურითა და ორგიული აღტყინებით რომ სრულდება, ისეთი. ამ დროს ვცდილობთ, ერთმანეთს არ ჩამოვრჩეთ და როგორი თავდადებითაც ვშრომობთ, ისეთივე თავგანწირვით ვიმხიარულოთ. უკვე გვიანი ღამე იდგა, ოფიციალური ნაწილი დამთავრებულიყო, სინათლე ჩაემუქებინათ და დარბაზის შუაგულს კორპორაციის ოქროსფერი ლოგო ანათებდა. დიჯეი ურბან უჟი მუსიკას, რეფრენად კორპორაციული ჰიმნი რომ გასდევდა, გამაყრუებელ ხმაზე აღრიალებდა. სმის, ცეკვისა და ფინანსური განყოფილების თანამშრომლის ხელების ფათურისგან აწითლებული სკამზე დავეშვი და ვიგრძენი, რომ ადამიანი და ჩვენი კორპორაციის რიგითი წევრი კი არა, რომელიღაც იშვიათი ჯიშის ცხოველი ვარ. ჯერ კარგად ვერ მივხვდი, კერძოდ რომელი – ახალზელანდიური თხა, აფრიკული ანტილოპა თუ ზოლებიანი აფთარი, ან შესაძლოა ყველა ეს და სხვა ცხოველი ერთად. ფეხებზე დავიხედე. მერე ოდნავ წამოვიწიე და კაბაში გამოკვართული უკანალი შევითვალიერე. მშვიდად ველოდი, რომ შავი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩლიქებით შემეცვლებოდა, ტანი ხშირი (იმედია, მოკლე) ბეწვით დამეფარებოდა, უკან კუდი გამომებმებოდა, ხოლო კოხტა თავზე კურდღლის ლურჯი ყურები ამომეზრდებოდა. რატომ ლურჯი? არ ვიცი. სანამ ადამიანი ვიყავი, დევიდ ლინჩის ფილმების ყურება მიყვარდა და ალბათ, იმიტომ.
მაგრამ არცერთი ეს ფიზიკური ცვლილება არ მომხდარა. მეც დავმშვიდდი და თანამშრომელმაც ფინანსური განყოფილებიდან... და ისაა... დეტალებიც აუცილებელია?
- დიახ. თუ შეიძლება, ყველაფერი. აბსოლუტურად ყველაფერი, რაც კი გახსოვთ.
- კარგი. ვეცდები... მოკლედ, ის, რომ ყველაფერი ჩვეულებრივად გაგრძელდა და თანამშრომელმაც ფინანსური განყოფილებიდან შემდეგი ცეკვა და სუფთა ჰაერზე გასეირნება შემომთავაზა... ვიცი მე ამათი სუფთა ჰაერი, მაგრამ წესი წესია და პირდაპირ არავინ გეტყვის: „იცით, რა, დღეს საღამოს ამდენ ლამაზ ქალში მაინცდამაინც თქვენ ამოგარჩიეთ. მინდა მხოლოდ თქვენ გაგჟიმოთ და დააფასეთ, თუ შეიძლება“. და მართლაც, როგორ შეიძლება არ დააფასო, რომ სრულიად უცხო ადამიანი, რომელსაც თვეების განმავლობაში შეიძლება ოფისის ჰოლში ან ლიფტში მოჰკრა წამიერად თვალი, მთელი საღამოს განმავლობაში მხოლოდ შენითაა გატაცებული, მხოლოდ შენი ნაღვლიანი თვალები და მრგვალი ტაკო აინტერესებს. მერე რა, თუ ხვალიდან ისევ ისეთი უცხო გახდება და იმავე დერეფანსა თუ ლიფტში შემთხვევით გადაწყდომისას მხოლოდ თავაზიანად გაგიღიმებს. სერიალის ცქერის დრო აქ არავის აქვს. ყველაფერი ძალიან მარტივია. გამოგარჩიეს - დააფასე! სუფთა ჰაერზე გაჰყევი და თუ საჭირო გახდა, მის მუხლებთანაც ჩაიცუცქე.
შემდეგი ცეკვა, როგორც მოსალოდნელი იყო, მოკლე აღმოჩნდა, ხოლო სუფთა ჰაერი – შენობის ავტოპარკინგი. როგორც ჩანს, თანამშრომელს ფინანსური განყოფილებიდან ციფრებთან ყოველდღიური ომისა და ოჯახური რუტინის გამო სისხლში ადრენალინის დიდი დოზით გამოყოფის მოთხოვნილება ჰქონდა და მანქანის რბილ სალონში განმარტოებას ღია და ხალხმრავალი ცის ქვეშ ექსტრემალური სექსი არჩია. ამიტომ იქვე, რომელიღაც მანქანის წინაფრთაზე მიმასრისა და ზურგიდან ვნებიანად მომეხვია. ცოტა ხნით ყურსა და კეფაზე ალკოჰოლსა და ძვირფას სუნამოში არეული ოხშივარი მაორთქლა, ცოტა ხნით მკერდსა და მუცელზე მეალერსა და ასევე ცოტა ხანში ვიღაცის ლურჯი სედანის ცივსა და პრიალა ემალზე სახით მიკრული კლასიკური „დოგსტაილის“ პოზაში აღმოვჩნდით.
სწორედ ამ დროს უკვე მეორედ მომეჩვენა, რომ ადამიანი და ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი მშვენიერი ქალი კი არა, რომელიღაც გაურკვეველი ჯიშის ცხოველი ვარ. მაგრამ რამდენიმე წუთში ზემოთ აღნიშნულმა მდგომარეობამ თუ კიდევ რაღაც სხვამ ცხოველის სახეობის დაკონკრეტებისკენ მიბიძგა და თანდათან გავაცნობიერე, რომ სხვა არაფერი ვარ, თუ არა ძაღლი, თანაც, რომელიმე ჯიშიანი და ბეწვდავარცხნილი მაღალფეხა დოგი კი არა, ჩვეულებრივი ქუჩის ძუკნა! რომელიღაც უთვისტომო და მოხეტიალე მაწანწალა! ვერ გეტყვით, რომ იმ დროს ამ აღმოჩენის ანალიზის ან წარმომავლობის გამო განაწყენების თავი მქონდა. მოცემული მომენტით ტკბობას უკვე სრულიად გონებადაბინდული მივცემოდი და სიამოვნების აღმავალ საფეხურებს ოთხივ ძაღლურ ფეხზე ენერგიული ხტომით მივუყვებოდი. ყველაფერი ისე ნამდვილი იყო, ისე ბუნებრივი, რომ კონტროლი სრულიად დავკარგე, საერთო კულმინაციისას ძაღლივით დავიწკმუტუნე და თანამშრომელს ფინანსური განყოფილებიდან ჩემს თმაში ჩაფრენილ ხელზე მაგრად ვუკბინე.
- შემდეგ? განაგრძეთ.
- შემდეგ... არაფერი... სწრაფად მოვწესრიგდი და მოულოდნელობისა თუ ტკივილისგან გაოგნებული თფგ-სთვის არც კი შემიხედავს, იქაურობა ისე დავტოვე... ტაქსი დავიჭირე... სახლში მივედი...