ნაწილი პირველი მოთმინება არ მყოფნის ცხოვრებისთვის.
სიორენ კირკეგორი
ბოლოს აქ თხუთმეტი წლის წინ იყო. მას შემდეგ თითქმის არაფერი შეცვლილა, იგივე სასტუმრო, ევკალიპტები, ტბის სანაპირო. აქაურობა დროს არ მიჰყოლია. თითქოს ისევ ის ზაფხული დგას. მაშინდელი უდარდელი, თხუთმეტი წლის წინანდელი ზაფხული.
შეიძლება ამის გამოცაა, ახლა ყველაფერი უფერული და მოსაწყენი რომ ეჩვენება. თუმცა, ვიდრე წამოვიდოდა, სხვაგვარად ფიქრობდა. ქალაქში ცოლ-შვილსაც შეძლებისდაგვარად მიმზიდველად დაუხატა ლურჯი ტბის სანაპირო, ოდესღაც აქ გატარებული ზაფხული და ისინიც უხალისოდ, მაგრამ მაინც დათანხმდნენ. ბოლოს და ბოლოს, ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს. ჰოდა, მანაც შეუკვეთა – საუკეთესო ნომერი სასტუმროში... ბარგი ჩაალაგა, მანქანა დაქოქა და აჰა, უკვე აქ არის. ოთახიდან გადაშლილ ხედს უყურებს და ნანობს. ხვდება, რომ შვებულების აქ გატარება უსიამო იქნება. მეტიც, მტანჯველი. ეს ჯერ კიდევ იქამდე იგრძნო, ვიდრე ტბასა და სასტუმროს ღია მწვანედ შეღებილ ფასადს დაინახავდა, ვიდრე ბარგს ამოალაგებდნენ და ლანა ჩვეულ, ისტერიკულ კონცერტს გამართავდა სახლში დარჩენილი პარფიუმერული ჩანთის გამო, ვიდრე გააცნობიერებდა, რომ წარსულთან დაბრუნება დაღლილი გულითა და ცარიელი აწმყოთი მტკივნეული ყოფილა.
ახლაც ამ დამთრგუნველი შეგრძნების გაფანტვას ცდილობს. ოთახიდან გამოდის და ნელა მიუყვება სანაპიროს... მოშორებით დამსვენებლებს ხედავს, მათი ერთმანეთში არეული ხმები და მხიარული კისკისიც ესმის. უცხო და ბედნიერი სახეების დანახვა არ უნდა და იქვე ჯდება. ტბაში უხალისოდ ისვრის კენჭს. გრძნობს, როგორ დაღლილია, იარაღაყრილი, მხნეობაწართმეული... შეიძლება ამის მიზეზი თხუთმეტი წლის წინანდელ, აქ დატოვებულ სილაღესა და აწმყოს დამთრგუნველ სიმძიმეს შორის კონტრასტია. შეიძლება ყელზე ძაღლის საბელივით გამობმული და მოჭერილი ლანას ნევროზი, ამოსუნთქვის საშუალებას რომ არ აძლევს, ან სულაც, ეს უცვლელი და უდრტვინველი პეიზაჟი, რომელიც ფეხს არ გიწყობს, შენთან ერთად არ ბერდება და ეშვება, რომელიც კიდევ ერთხელ გიდასტურებს, რომ უკან არაფერი ბრუნდება და ერთ ტბაში ორჯერ ვერ შეხვალ.
დიდად არც წარსულში აქ გატარებული დღეების გახსენება სიამოვნებს. იმ დღეების ფურცვლა რაღაცით ძველი ალბომის თვალიერებას ჰგავს, ფოტოებს, რომელიც დიდი ხნის წინ გაცვდა და რომელთანაც აღარანაირი ემოცია აღარ გაკავშირებს, აღარაფერი აღარ გიზიდავს: არც გარემო, არც ადამიანები, მხოლოდ შიგ ჩასმული საკუთარი თავი მოგწონს. ზუსტად ისეთი, როგორიც მაშინ იყავი და მეტი არაფერი.
არადა, კარგი იქნებოდა რამე რომანტიკული ისტორია ჰქონოდა. რამე ისეთი ისტორია, მერე გონებაში რომ ალამაზებ და ახალ-ახალი დეტალებით ავსებ. ასეთ ისტორიებში ყოველთვის არის ვიღაც გოგო... მისი დავიწყებული, მაგრამ, ამავე დროს, უცვეთი სახე. გოგო, რომელიც უყვარდა და ეს ადგილები სწორედ ამ სიყვარულს გაახსენებდა. ცოტა გულს აუჩქროლებდა, ცოტა სევდას მოჰგვრიდა, აი, ისეთ... სიხარულნარევ სევდას. სასიამოვნო ფიქრს, რომ ოდესმე ის გოგოც ჩამოვიდოდა აქ, ჩამოჯდებოდა ნაპირზე და მის მეხსიერებაში მასაც ექნებოდა თავისი უცვეთი ადგილი.
მაგრამ ასე არ არის და წარსულის დღეებსაც კენჭებივით დაუნანებლად ისვრის წყალში. კენჭი სწრაფად უჩინარდება, წყლის ზედაპირი მკრთალ წრეებს იკეთებს და მერე ისევ დგება, სწორდება, ძველ სიგლუვესა და უშფოთველობას იბრუნებს. მიკა ფიქრობს, რომ ადამიანის ცხოვრებაც არსებობის ზედაპირის ოდნავი შერხევაა. რამდენიმე უმნიშვნელო წრე და წკაპ, – სამუდამო გაუჩინარება...
ზურგსუკან ფეხის ხმა ისმის. მიხედვა არ უნდა, ვითომ აქ არ არის. მარტოობა უნდა, სიჩუმე... მაგრამ ვინ გაცლის. რა თქმა უნდა, ლანაა. დამშვიდებულა და სახეც ღრუბელგადავლილ ცას მიუგავს. თითებში განუყრელი სიგარეტის ღერი უჭირავს. მის გვერდით უხმოდ ეშვება, ქსუტუნებს და ჟაკეტის ჯიბიდან სანთებელას იღებს. ასევე უხმოდ უკიდებს. ისეთი რბილია, ისეთი უწყინარი, თითქოს რამდენიმე წუთის წინანდელი უკონტროლო რისხვა იმ ლოკოკინასთვის მოუკიდებია, აგერ, საკუთარი ტვირთით ამაღლებული რომ მიღოღავს ტბისკენ.
მირიანს ნერვებს უშლის ცოლის ასეთი სწრაფი მეტამორფოზა. მის გაუგებარ რისხვაზე უფრო სწორედ ეს – რადიკალურად შეცვლილი განწყობა აცოფებს. კიდევ უფრო უმიზეზო და გაუგებარი მხიარულება. ლანა ერთ წუთს თუ ნამდვილი ქარიშხალია – დამანგრეველი, თვალებანთებული, ბოლო ხმაზე მომკივანი, მეორე წუთს შეუძლია ეს ქარბორბალა საკუთარ დუღილშივე შაქარივით დაადნოს და შუაგულ ოთახში, სადაც რამდენიმე წამის წინ ჭურჭელს ამსხვრევდა, ამ ნამსხვრევებზე საცეკვაოდ დაბზრიალდეს. ახლაც, როგორც ჩანს, რაღაც მხიარულის მოყოლას აპირებს. სიგარეტს ბალახზე აქრობს და პირს აღებს...
ამბობს, რომ აივნიდან ძველი მეგობარი დაინახა, ქეთა. თურმე ისიც აქ ისვენებს. აი, ის, რამდენიმე წელი გერმანიაში რომ ცხოვრობდა და სკაიპით ელაპარაკებოდა. როგორ არ ახსოვს? ქეთათო, ქეთა! ქერა, დიდძუძუებიანი... მიკას ასეთი ქალები არ ავიწყდება, მაგრამ ცოლის დაქალებით არ ინტერესდება. ლანას მომღიმარი სახე ისევ ექუფრება. მიიჩნევს, რომ მიკას მისი არაფერი