1.
სარაცენია მაშინ, როდესაც აუზის წყალში ბოლომდე ჩაყურყუმელავდება, მოდიან ხილვები. ერთმანეთის მიყოლებით ჩნდებიან უკვე მომხდარი და გადატანილი ამბები, პატარ-პატარა ცოდვები, რომელთაც მსუბუქი სინდისის ქენჯნაც სდევთ თან. ნია ასე საკუთარ სულს რეცხავს და ცოდვებს აუზის ქლორიან წყალს ატანს. სწრაფად იქნევს ხელ-ფეხს. თითქოს ეშინია, ამბებთან ერთად სინანულის ჩამხრჩვალი და უსიამოვნო გრძნობა სადმე არ წამოეწიოს. ნიას გრძელი და მარდი ხელ-ფეხი აქვს, სინდისს კი ჯერ მასავით ცურვა არ უსწავლია. აუზში ცურვა ნათვლასავითაა. ყოველ დილით წყლიდან დაღლილი და სველი, გარეცხილი და ახალი ნია ამოდის.
ცოტა ხნით მზეზე შრება. ახალგაზრდა და ლამაზ სხეულს შეზლონგზე აფენს და იქვე დაგდებულ წიგნს ფურცლავს. მზის სხივებს გაუმაძღარი ყვავილივით ისრუტავს. ფიქრობს, რომელ ყვავილს შეიძლება ჰგავდეს. ვარდი მეტისმეტად ბანალურია, ტიტა – ნაზი და მალჭკნობადი, ია – უფერული და უპრეტენზიო, გვირილა ხომ საერთოდ ბალახ-ბულახი... ნია უფრო მძაფრ და იშვიათ რამეს იმსახურებს... ნია სარაცენიაა – ულამაზესი, მკვლელი ყვავილი, მკვეთრი იისფერი ფოთლებითა და გონების დამბინდველი სუნით. …
ნია სარაცენიაა და მისი მსხვერპლი ყველგანაა: აქ – გარუჯულ და მკლავმაგარ მოცურავეთა, ოფისებში – კომპიუტერების მონიტორებს მზერამიცივებულ თანამშრომლებსა თუ კაფეებში – გვერდით მაგიდებთან მსხდომ და მისკენ კისერმოღრეცილ მოსაუზმეთა შორის. ქუჩაშიც, სადაც ყოველი გამვლელი მამაკაცი უბრალოდ ვალდებულია, ნაბიჯი აერიოს და მისი შემთხვევითი და წამიერი სიახლოვისგან თავბრუდახვეული რამდენიმე წამით მაინც გაშეშდეს.
ნია კაციჭამიაა, რადგან ბავშვობიდანვე შხამიანი მცენარესავით იზრდებოდა, რომელმაც უნაყოფო მიწაზე გადარჩენის უნიკალური სტრატეგია გამოიმუშავა. ყვავილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მტაცებელია. და იმის გამო, რომ გადარჩეს, ხორცი უნდა ჭამოს. სწორედ ამათი ხორცი...
მისი სტრატეგია მარტივია: ის უბრალოდ სურნელს აფრქვევს, დანარჩენი თავისთავად ხდება. სწორედ ისე, როგორც ახლა, ფართოშუშიან სათვალეს რომ ირგებს და მზისგან მოთენთილი, ნელი ნაბიჯით გასახდელისკენ მიემართება. ნიას ფეხის ტერფები რაღაცით მართლაც წააგავს ყვავილის ფოთლებს. ასხლეტილი ტანი, მზეზე მბრწყინავი ღია თაფლისფერი თმა, გამოცდილი და მაცდური მზერა გზაზე შემხვედრ მსხვერპლთ სუნთქვას უკრავს. ეჰ, ნია, ნია... რად გინდა ამდენი გატეხილი გული?! მხოლოდ იმიტომ, რომ მათზე შენი ფოთლისებრი ტერფებითა და ჩვეული, მოქნილი ნაბიჯით გადაიარო? ნიას აზრებში ჩაწვდომა კი ძნელია, მაგრამ ცხადია, რომ ეს უკვე ჩვევად ექცა და ამგვარად საკუთარი მომხიბვლელობის ძალას ამოწმებს. თორემ კაცმა რომ თქვას, ეს ფეხქვეშ გართხმული ლეგიონები ნამდვილად აღარაფერში სჭირდება.
გასახდელი ცარიელია. ნია ზანტად შიშვლდება და შხაპქვეშ დგება. თავაწეული და თვალდახუჭული სახეს წყლის გრილ ჭავლს უხვედრებს. წყალი ჯერ სახეს უსველებს, მერე მაღალ კისერსა და მკვრივ მკერდზე ევლება. ნაზად, ლივლივით იკვალავს გზას წვრილი წელიდან ლამაზად გაზიდული თეძოს ხაზისკენ და ქვემოთკენ მიემართება. ოოჰ, უკვე მთელი სხეული მისია... ბედნიერი წყალი!
ტანს თეთრი, ხაოიანი პირსახოცით იმშრალებს და საკუთარი თავით ტკბობით გართული იცვამს. ტანსაცმელი ყოველთვის ელეგანტური, ძვირფასი და გემოვნებით შერჩეული აცვია. ელემენტარულია, რომ მკაცრი და ტანზე მომდგარი პიჯაკი უფრო სექსუალურია და ფეხსაცმლის მაღალი ქუსლიც უფრო ღრმად ტოვებს ნაკვალევს.
ავტოსადგომზე ცხელა. მზის გულზე მდგარი უზარმაზარი ცარიელი ჯიპები მეტალის კრიალა ზურგებითა და ბროლის ფარებით თავიანთ მდიდარ მეპატრონეებს გვანან. აგრესიული ფორმები და მძლავრი მასკულინური ენერგეტიკა – საუკეთესო შეფუთვა სუსტი მამაკაცებისთვის! თავადაც სწორედ ასეთი ჰყავს, მაგრამ მხოლოდ იმის ნიშნად, რომ ამ ნაზი და მსუბუქი ფაიფურის ხელით თვით ყველაზე მძიმე და დაუმორჩილებელი რკინის ულაყის მართვა შეუძლია.
ნიას ულაყი შავია, ნამდვილად სამეფო ჯიშისა და იერისა. ასეთი მანქანის ფანჯრიდან მომზირალ მძღოლებს მზერაც განსხვავებული აქვთ: მძიმე, კლასიკური, აი, რაღაც სხვაგვარად ქედმაღალი და შეუვალი. მძიმეა მანქანიდან გადმოსულთა ნაბიჯიც, რომელიც ალბათ ამგვარად ყველა გზაზე მავალთა თავაწყვეტილ ქროლვას აბალანსებს.
ნიას გამომეტყველებაზეც ყველაზე მეტად სწორედ ამან – კაცების კი არა, მანქანების ცვლამ იმოქმედა. სწორედ ამ გზამ – პატარა, სტუდენტური ჰეჩბექის მინაში თავგაყოფილი ლოლიტადან იდუმალ, შავ ეტლში შეკეტილ დრამატულ კარენინამდე.
მანქანა შუადღის სიცხისგან დაცლილ ქუჩებში ნელა მიჰყავს. არ ესმის, მაინც როგორ მოხდა, რომ რომელიმე მეგაპოლისში არ ცხოვრობს და აქამდე შემორჩა მშობლიურ ქალაქს. ალბათ ესეც იმის ბრალია, რომ სარაცენიაა და ამ უნაყოფო მიწაშიც სამუდამოდაა ჩამარხული გრძელი ფეხებით. თორემ ნიას აქ არავინ და არაფერი აკავებს.
მშობლებს – ფსიქოპათ დედასა და უნიათო მამას ჯერ კიდევ სტუდენტობისას დაშორდა. არც მათ, არც ჭორიკანა ნათესავებს და მით უმეტეს, არც უცნაურ და ნახევრადშეშლილ ძმას არ ნახავდა, რომ არა ეს სავალდებულო ოჯახური