1 შეუბრალებლად კაშკაშა და ლამაზი შეიძლება იყოს კადრი, რომელშიც ერთი მეორეს ედევნება და გუნდას ესვრის. შეიძლება დაეცნენ, თოვლში იგორაონ და თუ ერთმანეთს მიუახლოვდნენ, გახშირებულმა სუნთქვამ დაადნოს ფიფქები ტუჩებს ზემოთ და ტუჩებს ქვემოთ და თავად ტუჩებზე კი არაფერი იყოს, რადგან ხურდეს დაუსრულებლად ერთმანეთის ძებნაში - მთავარი ინსპექტორ-გამომძიებლები ისინი არიან - არც ცხვირით ვყნოსავთ, როცა ვეძებთ და არც ყურებს ვცქვეტთ, როცა ხმის გაგონება გვინდა და არც თვალებს ვატრიალებთ, როცა სადღაც ნაცნობი სახე გაიელვებს - მხოლოდ კადრია სითეთრეში მორბენალი გოგო-ბიჭით. მაღალი ბიჭი, შუაზე გაყოფილი თმითა და სათვალით და გოგოც სათვალით, თავისივე მოქსოვილი ფერადი სარტყლით, წელზე ასე კარგად რომ ეკვრის და ყველაფერი: დიდიც, პატარაც ნაბოძებ ფორმაზე უარს იტყოდა, ოღონდაც ეპოვა რამე ეგეთი. ადექი და უმტკიცე ამ ნაბოზარ წყვილს, რომ სიყვარული არ არსებობს.
როცა პროტოტიპებს ვცვლი და ამ სითეთრეში მე და მარიამი ვდგავართ გვერდიგვერდ, რაღაც იცვლება. ვერასდროს გავირბენ, ვერასდროს შევკრავ იმ დაწყევლილ თოვლის გუნდას და ვერასდროს ვესვრი მარიამს და თუ მაინც გაგვაბრუეს, ვერ იქნება ეს ყველაფერი ისეთი მშვენიერი, როგორც ამბავი იმ წყვილზე. არეულ-დარეულა და ქვითინში ჩაკარგულა უპირატესობათა სია, რომელიც შეიძლება გვქონოდა. არსად არაფერი წასულა, მთელი ევოლუციური პროდუქტი შენშია. ომნიპოტენცია: შექმნის კი მიკროსირი პასუხისმგებლობათა ისეთ ნაკრებს, რომლის აზიდვასაც ვერ შეძლებს? ყვერებით ყოველ სეზონზე გვიჭერენ: გაზაფხული, ზაფხული, ზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი, მაგრამ გონებით ერთგან ისე გაგვბაწრეს, თითქოს ასოს საყრდენი გამოაცალეს და, თავზეყულფშემოხვეული, ყვერების წვერებზე დამდგარი, იხევა და სკდება და არ იხრწნება საწყალი ხორცი. ოთახში საჭმლის ნარჩენებმა სუნი აუშვეს. სულ ორი დღეა, რაც თეფშზე წვანან. და რაც წლობით დგას და ჯერ კიდევ არ ყარს?