წინასიტყვაობა
დანამდვილებით ვერ გეტყვით, როდის დავიწყე ამ გამოცემაში თავმოყრილი ესეების წერა. ალბათ 2010 წელი იქნებოდა.
თუმცა ერთი რამ აუცილებლად უნდა აღვნიშნო: წიგნი იაპონიაში 2015 წელს გამოქვეყნდა, ინგლისურენოვანი თარგმანი კი მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ, 2022 წელს. მინდა ეს კარგად გახსოვდეთ. გასული შვიდი წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა გადაგვხდა თავს: ჯერ კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ იფეთქა, შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ომები გაჩაღდა. გარემოებებმა გვაიძულა, ცხოვრების წესი მნიშვნელოვნად შეგვეცვალა. მაგრამ ესეები ამ ცვლილებებს არ ასახავს, არც პირად რყევებს, რომლებთან გამკლავებაც თავად მომიხდა. წიგნში მხოლოდ ის ფიქრები და გრძნობებია აღწერილი, რომლებიც 2015 წლამდე მაწუხებდა.
* * *
დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა რაიმე მეთქვა რომანების წერისა და მწერლობის შესახებ; ამიტომ დროდადრო, როცა სხვა ნაწარმოებებზე არ ვმუშაობდი, ფიქრები ფურცელზე გადამქონდა და მათ თემების მიხედვით ვაჯგუფებდი. ესეები გამომცემელს არ დაუკვეთია, არამედ მხოლოდ ჩემთვის, ჩემი გულისთვის ვწერდი.
პირველი რამდენიმე თავი ჩვეული სტილით წამოვიწყე, მაგრამ, როცა გადავიკითხე, ნაწერი მშრალი თუ დაჟინებული მომეჩვენა და მეჩოთირა. გადაწერა იმგვარად ვცადე, თითქოს მკითხველს მივმართავდი. ხელახლა შექმნილი ტექსტი ბუნებრივად იკითხებოდა, უფრო გულწრფელიც ჩანდა, ამიტომ გადავწყვიტე მთელი წიგნისთვის ასეთი სახე მიმეცა - თითქოს პუბლიკის წინაშე გამოსასვლელად ვამზადებდი სიტყვას. წარმოვიდგენდი, რომ პატარა დარბაზში ვიდექი ოცდაათი-ორმოცი ადამიანის წინაშე და ხელმეორედ ვწერდი ესეებს, მყუდრო გარემოსთვის შესაფერისი ტონით. არადა, საშუალება არასოდეს მომეცა, რომ ისინი სხვებისთვის მართლა წამეკითხა.
რატომ მოხდა ასე? გამოგიტყდებით, არ მსიამოვნებს საკუთარ თავსა თუ რომანების წერაზე პირდაპირ და გულახდილად ლაპარაკი. მეუხერხულება ჩემი რომანების სხვებისთვის ახსნა. საკუთარ შემოქმედებაზე ლაპარაკისას რატომღაც შემრიგებლური ან თავმომწონე ვჩანვარ, ანდაც ისე გამომდის, თითქოს თავს ვიმართლებდე. თუნდაც ვცდილობდე სხვაგვარი ტონის შერჩევას, მაინც ასეთ შთაბეჭდილებას ვტოვებ მსმენელზე. იქნებ ერთ დღესაც შანსი მომეცეს და ამ თემაზე საჯაროდ ვილაპარაკო, მაგრამ ჯერ საამისო დრო არ დამდგარა. როცა მოვხუცდები, მერე იყოს.
ზოგჯერ გულს ავიყრიდი ამ ესეებზე და ნაწერით აჭრელებულ ფურცლებს უჯრაში ვინახავდი. ხანდახან ისევ ამოვიღებდი და ხელნაწერის ცალკეულ ნაწილებს ვამუშავებდი. თანდათანობით იცვლებოდა როგორც გარემო, ისე ჩემი ფიქრებიცა თუ განცდებიც გარკვეულ საკითხებზე. შესაბამისად, ესეების საწყისი და საბოლოო ვერსიები, გრძნობისმიერი და სტილისტური თვალსაზრისით, ერთმანეთისგან ბევრად განსხვავდება. ამის მიუხედავად, ჩემი ფუნდამენტური პოზიცია და აზროვნების სტილი იოტისოდენადაც არ შეცვლილა - მგონია, რომ დღესაც იმას ვამბობ, რისი თქმაც წლების წინ მსურდა. ზოგჯერ წავიკითხავ ოცდაათი წლის წინ დაწერილს და გავიკვირვებ: „საოცარია, ახლაც ზუსტად ასე მომინდებოდა, რომ მეთქვა“.
ამ გამოცემისთვის შეგროვებული მასალაც განმეორებაა: აქ თქმული არაერთხელ მითქვამს ან დამიწერია (ოღონდ ფორმა ნელ-ნელა გადასხვაფერდა). ალბათ არაერთი მკითხველი გაიფიქრებს: „ეს ხომ უკვე სადღაც წამიკითხავს?“ თუ თქვენც მათ შორის აღმოჩნდებით, გთხოვთ, მოთმინება გამოიჩინოთ. „წარმოუთქმელი მონოლოგების“ გამოქვეყნებისკენ კიდევ ერთმა სურვილმა მიბიძგა: მინდოდა სისტემურად მომეყარა თავი ყველაფრისთვის, რაც სხვადასხვა დროსა და ადგილას მითქვამს. მოხარული დავრჩები, თუ მკითხველი წინამდებარე გამოცემას რომანების წერაზე ჩემს ამომწურავ შეხედულებად აღიქვამს (ყოველ შემთხვევაში, ამ დროისთვის მაინც).
წიგნის პირველი ნაწილი სერიებად იბეჭდებოდა ჟურნალში Monkey Business. მოტოიუკი შიბატამ ახალი ყაიდის ლიტერატურული გამოცემა 2008 წელს დააფუძნა და მთხოვა, რომელიმე ნაწარმოები გამეგზავნა გამოსაქვეყნებლად. დავთანხმდი და ბოლო ხანებში დაწერილი მოთხრობაც შევარჩიე საამისოდ, თან ვუთხარი: „პირადი ჩანაწერები მაქვს. ადგილი თუ დაგრჩება, იქნებ ნაწილ-ნაწილ დაბეჭდო?“
ამგვარად, ახალდაარსებული ყოველთვიური ჟურნალის ფურცლებზე პირველი ექვსი თავი გამოქვეყნდა. ადვილი საქმე გამოდგა, რადგან ყოველი მორიგი ნომრისთვის იმ ტექსტის გადაცემა მიწევდა, რომელიც უკვე ინახებოდა საწერი მაგიდის უჯრაში. წიგნი სულ თერთმეტი თავისგან შედგება, აქედან ექვსმა, როგორც უკვე აღვნიშნე, მკითხველამდე ჟურნალის წყალობით მიაღწია, დანარჩენი ხუთი კი საგანგებოდ ამ გამოცემისთვის დაიწერა.
ალბათ ამ წიგნს ავტობიოგრაფიული ესეების კრებულად ჩათვლის მკითხველი, იმის მიუხედავად, რომ თავდაპირველად სხვა ჩანაფიქრი მქონდა. მსურდა ძალზე კონკრეტულად და პრაქტიკულად აღმეწერა გზა, რომელიც მე, როგორც მწერალმა, გამოვიარე; მინდოდა, გადმომეცა იდეები და ფიქრები, რომლებიც წერის პროცესში მიჩნდებოდა. თუმცა რომანის შეთხზვა ხომ თვითგამოხატვის საშუალებაა, ამიტომ წერის პროცესის აღწერაც აუცილებლად მოიაზრებს საკუთარ თავზე თხრობას.
გულახდილად გეტყვით, არ ვიცი, გამოადგება თუ არა ეს წიგნი სახელმძღვანელოდ მას, ვისაც რომანის დაწერა განუზრახავს. აზროვნების იმდენად ინდივიდუალური სტილი მაქვს, რომ მიჭირს განვსაზღვრო, რამდენად არის შესაძლებელი ჩემი გამოცდილების განზოგადება. სხვა მწერლებს, შეიძლება ითქვას, არ ვიცნობ და წარმოდგენა არ მაქვს, ისინი როგორ წერენ; შედარებაც არ გამომივა. მე მხოლოდ ასე შემიძლია წერა, ამიტომაც მხოლოდ ერთი რეცეპტი