1.
მარტი, 1983 წ.
ხშირად მესიზმრება ოტელი „დელფინი“.
ძილში მას ვეკუთვნი. გარემოებათა რაღაც უცნაური დამთხვევით, მისი ნაწილი ვარ. და ჩემს დამოკიდებულებას მასზე იქ, ძილში, სრულიად მკაფიოდ შევიგრძნობ. თვითონ ოტელი „დელფინი“ ჩემს სიზმარში დამახინჯებულ-გაწელილი მოხაზულობისაა. ძალიან ვიწრო და გრძელი. ისეთი ვიწრო და გრძელი, რომ თითქოს ოტელი კი არა, სახურავიანი ქვის ხიდია. ფანტასტიკური ხიდი, რომელიც საუკუნეების სიღრმიდან სამყაროს უკანასკნელ წამამდეა გაწელილი. მე კი მისი მძლავრი კონსტრუქციის ელემენტი ვარ... იქ, შიგნით, ვიღაც ჩუმად ტირის. ვიცი – ჩემ გამო.
ოტელს შიგნეულში ვყავარ დამწყვდეული. ვგრძნობ მის მაჯისცემას, მისი კედლების სითბოს. იქ, სიზმარში, მე მისი უზარმაზარი სხეულის ერთ-ერთი ორგანო ვარ.
აი, ასეთი სიზმარია.
თვალს ვახელ. ვხვდები, სად ვარ. ხმამაღლაც კი ვკითხულობ. „სად ვარ?“ ყოველგვარ აზრს მოკლებული შეკითხვა. იკითხავ თუ არ იკითხავ, პასუხი ყოველთვის წინასწარ არის ცნობილი. მე ჩემს საკუთარ ცხოვრებაში ვარ. გარშემო ჩემი ერთადერთი რეალობაა. არა, ასეთი არ მდომებია, მაგრამ აი, ისინიც – ჩემი ყოველდღიურობა, ჩემი საზრუნავი, ჩემი გარემოება. ხანდახან ჩემ გვერდით ქალს სძინავს. მაგრამ ძირითადად მარტო ვარ. აღმუვლებული ჩქაროსნული მაგისტრალი ფანჯრის იქით, ჭიქა ბალიშთან (ნახევარი თითის დადება ვისკი ფსკერზე) და ვითარებას იდეალურად მისადაგებული – ან იქნებ უბრალოდ ყველაფრის მიმართ გულგრილი – მტვრიანი დილის სინათლე. ფანჯრის მიღმა წვიმს. როცა დილიდანვე წვიმს, მაშინვე არ ვდგები ლოგინიდან. თუ ჭიქაში გუშინდელი ვისკია დარჩენილი – ვსვამ. ვუყურებ ფანჯრის იქით კარნიზიდან მოწყვეტილ წვეთებს და ოტელ „დელფინზე“ ვფიქრობ. ხელს ვიწვდი და სახეზე ვიკიდებ. ვრწმუნდები: ეს მე ვარ, მხოლოდ მე და სხვა არავინ, არავითარ ოტელს არ ვეკუთვნი. არაფერს არ ვეკუთვნი. მაგრამ სიზმრის ნაკვალევი რჩება. იქ, სიზმარში, აი ასე რომ მეცადა ხელის გაწვდენა, ვეებერთელა შენობა ტორტმანს და ძაგძაგს დაიწყებდა. ბებერი წისქვილივით, რომელსაც ხელახლა მიუგდეს წყალი. აჭრიალდებოდა, დატრიალდებოდა ლილვი ლილვზე, კბილანა კბილანაზე – და მთელი კორპუსით, უკანასკნელი ლურსმნის ჩათვლით, აჰყვებოდა ჩემს მოძრაობას. თუ ყურს მიუგდებ, იმასაც გაარკვევ, რომელ მხარეს მიიძურწება ეს ჭრიალი... ყურს ვუგდებ. და ვიღაცის შეკავებული ქვითინი მესმის. ძლივს ისმის უკუნი სიბნელიდან. ვიღაც ტირის. ჩუმად, უნუგეშოდ. ტირის და მიხმობს.
ოტელი „დელფინი“ ნამდვილად არსებობს. საპოროში, ორი უბადრუკი ქუჩის კუთხეშია მიყუჟული. რამდენიმე წლის წინ მთელი კვირა ვიცხოვრე იქ. არა – შევეცდები, უფრო ზუსტად გავიხსენო. წვრილმანებიანად... როდის იყო? ოთხი წლის წინათ. კიდევ უფრო ზუსტად – ოთხ-ნახევარი წლის. მაშინ ოცდაათისაც არ ვიყავი. მეგობარ ქალთან ერთად მოვეწყვე იქ. ისე, ყველაფერი თვითონ გადაწყვიტა. აი, აქ გავჩერდეთო. სწორედ ამ ოტელში უნდა გავჩერდეთ და არა სხვა რომელიმეშიო. ის რომ არა, აზრადაც არ მომივიდოდა ასეთ უცნაურ ადგილზე შეჩერება.
ეს იყო გაქუცული, ღვთისა და კაცისგან მივიწყებული პატარა ოტელი: ჩვენი იქ ყოფნის ერთი კვირის განმავლობაში ფოიეში სულ ორ თუ სამ ადამიანს გადავეყარეთ. ძნელი სათქმელი იყო, იქ ცხოვრობდნენ თუ ხუთი წუთით შემოირბინეს საქმეზე. პორტიეს უკან, დაფაზე, აქა-იქ აკლდა გასაღებები, რაც იმას ნიშნავდა, რომ ოტელ „დელფინს“ ჰყავდა ბინადრები. ცოტა. თითზე ჩამოსათვლელი. და რადგან ოტელის ტელეფონი დიდი ქალაქის ცნობარში ვიპოვეთ, ეჭვის შეტანა იმაში, რომ აქ საერთოდ ვინმე ჩერდება, უბრალოდ, უცნაური იქნებოდა. მაგრამ თუ ჩვენ ორს გარდა, მაინც ცხოვრობდნენ ვიღაც-ვიღაცები, სავარაუდოდ, ეს არსებები საშინლად გაუბედავი და ყველასგან დავიწყებული იყვნენ. ნახვით მათ ვერ ვნახულობდით, სმენით არ გვესმოდა და მათ არსებობას ვერ ვგრძნობდით. მხოლოდ გასაღებების განლაგება იცვლებოდა პორტიეს დაფაზე. როგორც ჩანს, დერეფანშიც სუნთქვაშეკრულები, ფერმკრთალი ჩრდილებივით კედელ-კედელ დადიოდნენ. დროდადრო ძველი ლიფტის გრუხუნი არღვევდა სიჩუმეს; მაგრამ ლიფტი გაჩერდებოდა და სიჩუმე წინანდელზე უფრო მძაფრად იგრძნობოდა...
სრულიად მისტიკური დაწესებულება.
იმის შემხედვარეს, ყოველთვის მეჩვენებოდა, თითქოს ჩემ წინ სამყაროს ევოლუციის შეცდომა იყო; ჩიხში მოქცეული გენეტიკური ტრანსფორმაციის მსხვერპლი; მახინჯი რეპტილია, რომლის ბიოლოგიური სახეობა დიდხანს განიცდიდა მუტაციას არასწორი მიმართულებით – მეტისმეტად დიდხანს იმისთვის, რომ ახლა პირიქით შეცვლილიყო. შედეგად კი ამ შტოს ყველა პერსონამ შეწყვიტა არსებობა, მხოლოდ ერთი გადარჩა და ახლა აყუდებულა აქ ობლად და მიუსაფრად ახალი სამყაროს კუშტ ბინდში. სასტიკ სამყაროში, სადაც დრომაც კი ხელი აიღო მასზე. ვერც ვერავის დაადანაშაულებ – არ არიან დამნაშავენი, და არც ხელის შემშველებელი ჩანს. იმიტომ, რომ იმთავითვე არ უნდა მოეწყოთ აქ ოტელი. აი, ამ მთავარი შეცდომიდან დაიწყო და გაგრძელდა სულ უფრო მრუდედ და მრუდედ. სხვა ღილზე შეკრული პერანგივით. ამ სიმრუდის გასწორების ნებისმიერი მცდელობა ასეთსავე გადახრას, თითქმის