თავი პირველი
ოცდაჩვიდმეტი წლისა ვიყავი მაშინ, იმ უზარმაზარი ბოინგ 747-ის სავარძელში მოკალათებული, რომელსაც საფრენ ბილიკზე დასაშვებად ჰამბურგის თავზე ხშირი ღრუბლების ფენა გაერღვია. ნოემბრის ცივ წვიმებს მიწა გაელუმპა. ყველა და ყველაფერი – საწვიმარ ლაბადებში გახვეული ეკიპაჟის წევრებიც, აეროპორტის შენობის სახურავზე აღმართული დროშაც, BMW-ს ბილბორდიც – პირქუშ ფლამანდიურ პეიზაჟს მოაგონებდა მნახველს.
და, აი, ისევ გერმანიაში დავბრუნდი.
დაეშვა თუ არა მიწაზე თვითმფრინავი, კაბინაში მუსიკის საამური ჰანგები გაისმა – ბითლზის „ნორვეგიულ ტყეს“ ასრულებდა რომელიღაც ორკესტრი. ეს მელოდია ყოველთვის ჟრუანტელს მგვრიდა, ახლა კი შემძრა, შემაძრწუნა, ისე ამაღელვა, როგორც არასდროს.
წინ გადავიხარე და თავი ისე ჩავრგე ხელებში, თითქოს თავის ქალას გადახლეჩისგან ვიცავდი. ცოტა ხნის მერე ერთი გერმანელი სტიუარდესა მომიახლოვდა და ინგლისურად მკითხა, როგორ ხარო.
– არა მიშავს, ოდნავ თავბრუ მეხვევა.
– ვერაფრით დაგეხმარებით?
– ვერა. გმადლობთ.
ღიმილით გამშორდა. ბითლზი ბილი ჯოელმა შეცვალა. მხრებში გავიმართე და ილუმინატორიდან გავხედე ჩრდილოეთის ზღვის თავზე მოქუფრულ ცას, თან კი იმ ყველაფერზე ვფიქრობდი, რაც ცხოვრებაში დამიკარგავს. ვფიქრობდი გასულ წლებსა და გაფერმკრთალებულ გრძნობებზე, მეგობრებზე, რომლებიც დაიხოცნენ ან გაუჩინარდნენ...
თვითმფრინავის მიწაზე დაშვების შემდეგ ხალხმა უსაფრთხოების ქამრების მოხსნა და ხელბარგის ჩამოღება დაიწყო, აი, მე კი სადღაც სხვაგან ვიყავი, ძალიან შორს ამ ყველაფრისგან, იმ მწვანე მდელოზე. ბალახის სუნი მცემდა, ქარი სახეში მეხლებოდა, ჩიტების გადაძახილიც ჩამესმოდა. იქ 1969 წლის შემოდგომა იდგა, მალე ოცი წლის გავხდებოდი.
სტიუარდესა ისევ მომიახლოვდა, ამჯერად გვერდით ჩამომიჯდა და მკითხა, რამე ხომ არ გიჭირსო.
– გმადლობთ, მართლა არა მიშავს, – გავუღიმე, – ოდნავ სევდა შემომაწვა.
– კარგად მესმის თქვენი, ზოგჯერ მეც მემართება ეგრე.
წამოდგა, გამიღიმა.
– სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ. Auf Wiedersehen.
– Auf Wiedersehen.
თვრამეტი წელი გავიდა და მდელოზე გატარებული იმ დღის ყოველი დეტალი მახსოვს. ზაფხულის უწყვეტ შხაპუნა წვიმას მტვერი ჩამოერეცხა და მთები მუქმწვანედ ხასხასებდა. ოქტომბრის სიო კაცის სიმაღლის თეთრ გაფოთლილ ტოტებს არხევდა. ცივლურჯ ცაზე ზოლად გადაჭიმულიყო ღრუბელი. უძირო ცა თვალებს გვტკენდა. ქარმა მდელო გადმოჭრა, თმა აუწეწა ნაოკოს, ვიდრე ტყეში შესხლტებოდა ფოთლების ასაშრიალებლად და იქიდან შორეული, არაამქვეყნიური ყეფის მოსატანად – იმ ყრუ ხმის, იმ გაუგებარი გადმოძახილისა. სხვა არაფერი ისმოდა. არც ვინმე შემოგვყრია გზად. ორი ბრდღვიალა წითელი ჩიტი დავინახეთ, დამფრთხალები რომ აფრინდნენ მდელოს შუაგულიდან და ტყეს შეაფარეს თავი. სეირნობის დროს ნაოკო ჭებზე მელაპარაკებოდა.
მეხსიერება უცნაური რამაა. იმ დღეს პეიზაჟისთვის თითქოს ყურადღება არ მიმიქცევია. ასეთ შთაბეჭდილებას თუ მოახდენდა ჩემზე, არ მეგონა, ან რას წარმოვიდგენდი, თვრამეტი წლის შემდეგ ის მდელო ასე ცხადად თუ დამიდგებოდა თვალწინ. არა, იმ დღეს ის პეიზაჟი ოდნავადაც არ მადარდებდა. მხოლოდ ჩემს თავზე ვფიქრობდი და იმ გოგონაზე, რომელიც გვერდით მომყვებოდა. ხან მასზეც ვფიქრობდი, ხან მხოლოდ ჩემს თავზე. იმ ასაკში ვიყავი, ცხოვრების იმ ეტაპზე, როცა ყოველი სანახაობა, ყოველი განცდა, ყოველი ფიქრი უკან ბუმერანგივით გვიბრუნდება. თან შეყვარებული ვიყავი; სირთულეებზე შეყვარებული. ის ხედი ყველაზე ნაკლებად მაინტერესებდა.
ახლა კი ჯერ სწორედ მდელო მახსენდება. მახსენდება ბალახის სუნი, ქარი, მთების ხაზი, ძაღლის ყეფა – თან სრული სიცხადით. ისეთი განცდა მაქვს, მგონია, ხელი რომ გავიწვდინო, თითის წვერებით შევეხები. და მართალია, ასე მკაფიოდ ვხედავ იმ სცენას, მაგრამ იქ არავინ დგას, არავინ. არც ნაოკოა იქ, არც მე ვარ. ნეტა სად გავქრით? ასეთი რამ როგორ მოხდა? ყველაფერი, რაც იმ დროს ისე მნიშვნელოვნად მეჩვენებოდა – ნაოკო და ჩემი იმდროინდელი პიროვნება, და სამყარო, რომელიც მაშინ მქონდა – სად გაქრა ეს ყველაფერი? დამიჯერეთ, მის სახესაც ვერ ვიხსენებ. მხოლოდ და მხოლოდ ფონი შემრჩა ხელში, მხოლოდ პეიზაჟი, და არც ერთი ადამიანი.
გონების დაძაბვის შემდეგ მახსენდება მისი სახეც. თანდათან ვცდილობ მთლიანი სურათის შეკვრას – ვიხსენებ მის თლილ, ცივ ხელებს, სწორ შავ თმას, დახვეწილ, მომრგვალებულ ბიბილოს და პაწაწკინტელა ხალს ყურის უკან, აქლემის ბეწვის ქურქს, რომელსაც ზამთარში იცვამდა ხოლმე. ვიხსენებ კითხვის დასმის დროს უტიფრად როგორ მიყურებდა თვალებში და დროდადრო ხმაზე ოდნავ ეტყობოდა თრთოლა (თითქოს ქარიან მთის წვერზე მდგარი ლაპარაკობდა). მერე უეცრად თვალწინ მიდგება მისი სახე – ჯერ პროფილში, მე და ნაოკო ხომ ყოველთვის გვერდიგვერდ ვსეირნობდით, მერე ჩემკენ ტრიალდება, იღიმება, ოდნავ, სულ ოდნავ გვერდზე სწევს თავს და ლაპარაკს