1. საოცრებათა ქვეყანა. ლიფტი. სიჩუმე. სიმსუქნე რატომ ანათებს დღემდე მზე?
რატომ არ ჩუმდებიან ჩიტები?
თუ მათ არ იციან,
რომ სამყაროს დასასრული უკვე დაიწყო?
ლიფტის კაბინა წარმოუდგენლად ნელა მიიწევდა ზევით. უფრო ზუსტად, მეჩვენებოდა, რომ ზევით: არავითარი საშუალება არ არსებობდა ამაში დასარწმუნებლად. ასეთი კუს სიჩქარისას ყველანაირი მოძრაობა ქრება. შესაძლოა, ლიფტი სულაც ქვევით ეშვებოდა. იქნებ საერთოდაც იდგა. თუმცა, ახლა ჩემთვის ჯობდა მეფიქრა, რომ ის ზევით ადიოდა. საცოდავი ჰიპოთეზაა. არავითარი მტკიცებულება. შესაძლოა, უკვე თორმეტი სართულიც ავიარე და დამატებით სამიც – ქვევით. არც ის არის გამორიცხული, რომ დედამიწასაც შემოვუარე გარშემო. კაცმა არ იცის.
როგორ გითხრათ, ამ ლიფტთან ჩემი მრავალსართულიანის სატვირთო ლიფტის შედარებაც კი არ შეიძლება, რომელიც პროგრესულობაში მხოლოდ ჭის ჯალამბარს თუ ჩამორჩება. ვერაფრით ვერ ვიჯერებდი, რომ ამდენად განსხვავებული ორი აგრეგატი ერთნაირი ფუნქციის შესასრულებლად არის შექმნილი და სახელიც ერთნაირი ჰქვია. ლამის კოსმოსური უფსკრულია იმ სამყაროებს შორის, სადაც მათ დღის სინათლე იხილეს.
უპირველეს ყოვლისა, ეს ლიფტი თავისი ზომებით გაგაოგნებდათ. სურვილის შემთხვევაში, აქ პატარა ფირმის ოფისის მოწყობაც შეიძლებოდა. მაგიდებს, კარადებს, სტელაჟებს დადგამდით, კუთხეში სამზარეულოს გამართავდით და ადგილიც დარჩებოდა. ამ უზარმაზარ ლიფტში უპრობლემოდ დაეტეოდა სამი მოზრდილი აქლემი და საშუალო ზომის პალმა.
არანაკლებ შთამბეჭდავი იყო აბსოლუტური სისუფთავე. სტერილური, როგორც ახლად გაშალაშინებული კუბო. ფოლადის მბზინავ კედლებზე ლაქას კი არა, მტვრის ნამცეცსაც ვერ იპოვიდით. იატაკზე მწვანე, ხაოიანი ხალიჩა ეგო, რომელშიც კოჭამდე ეფლობოდა ფეხი.
მაგრამ განსაკუთრებულ გაოცებას იწვევდა აბსოლუტური სიჩუმე. შევდგი თუ არა ფეხი, ზურგს უკან ნელა, როგორღაც შემაშფოთებლად უხმოდ (ზუსტად ასე) დაიხურა კარი და კაბინაში წებოვანი სიჩუმე დაგუბდა. დაიძრა ლიფტი თუ ადგილზე დარჩა – თვით ეშმაკიც ვერ მიხვდებოდა. ღრმა მდინარეები მდორედ და უხმაუროდ მიედინებიან.
თუმცა, ყველა უცნაურობა ამით არ მთავრდებოდა. გარშემო შიშველი კედლები მერტყა. არც მართვის პანელი, არც სართულის მოციმციმე ნომრები, არც საავარიო ღილაკი. დედამიწაზე ყველაზე უძლურ არსებად ვიგრძენი თავი. რა საავარიო ღილაკი, არც მაქსიმალურ დატვირთვაზე გამაფრთხილებელი წარწერა, არც მწარმოებელი ფირმის აბრა. აღარაფერს ვამბობ სახანძრო ლიუკზე. ნამდვილზე ნამდვილი კუბოა. ნაძლევს ჩამოვალ, ამ ლიფტს უსაფრთხოებაზე გამოცდაც არ გაუვლია. და არც არასდროს გაივლიდა. ბოლოს და ბოლოს, ლიფტებსაც ხომ უნდა ჰქონდეს რაღაც საერთო კრიტერიუმები...
ფოლადის ოთხ გლუვ კედელს შორის სარგადაყლაპულივით გაშეშებულს (ხელსაც კი ვერაფერს ჩასჭიდებ), ბავშვობაში ნანახი ფილმი გამახსენდა ჰარი ჰუდინის ფოკუსებზე. ხელფეხშეკრულს ჯაჭვი შემოახვიეს, სკივრში ჩატენეს და ნიაგარის ჩანჩქერში გადააგდეს. ან იქნებ ყინულოვანი ოკეანის მორევში... ღრმად ჩავისუნთქე და შევეცადე, ჰუდინის სიტუაციასთან შემედარებინა ჩემი მდგომარეობა. ჩემი უპირატესობა ის არის, რომ ხელ-ფეხი თავისუფალი მაქვს, ჰუდინისა ის, რომ მან ნამდვილად იცოდა, როგორ ემოქმედა.
ხუმრობა ხომ არ არის, ისიც კი არ ვიცი, მოძრაობს ლიფტი თუ არა! ხმადაბლა ჩავახველე. უცნაურია. ყველაზე ნაკლებად ადამიანის ხველას ჰგავს. თითქოს ტალახის გუნდა მიეტყეპა ბეტონის კედელს. დაუჯერებელია, რომ ჩემს სხეულს ასეთი ბგერის გამოცემა შეუძლია... ყოველი შემთხვევისთვის კიდევ ერთხელ ჩავახველე, მაგრამ შედეგი ისეთივე გამოდგა. გადავწყვიტე, აღარ ჩამეხველებინა.
დიდხანს ვიდექი გაუნძრევლად. ლიფტის კარი კი არა და არ იღებოდა. მე და ლიფტი სივრცეში ისე უსიცოცხლოდ გავირინდეთ, რომ იდეალურ მოდელად გამოვდგებოდით ნატურმორტისთვის "მამაკაცი და ლიფტი".
სერიოზულად შევშფოთდი.
იქნებ გაფუჭდა? ანდა მის დისპეტჩერს – წარმოვიდგინოთ, რომ არსებობს ასეთი თანამდებობა – დაავიწყდა, რომ აქ ვარ? ისე, არცთუ იშვიათად მემართება: ვიღაცა საბოლოოდ ივიწყებს ხოლმე ჩემს არსებობას. ასეა თუ ისე, შედეგი აშკარაა: უიმედოდ გამომწყვდეული ვარ უჟანგავი ფოლადის სეიფში. ყური მივუგდე სიჩუმეს, მაგრამ ერთი ბგერაც კი ვერ გავიგონე. ყური მივადე კედელს – სულ ტყუილად, სარკისებურ პანელზე მხოლოდ თეთრი ანაბეჭდი დარჩა. როგორც ჩანს, ეს რკინის ყუთი ისეთი კონსტრუქციისაა, რომ ნებისმიერი ხმაურის შთანთქმა შეუძლია. შესამოწმებლად ვცადე დამესტვინა Danny Boy-ის მისამღერი, მაგრამ უფრო მძიმე პნევმონიით დაავადებული ძაღლის ხრიალს დაემსგავსა.
სხვა რა გზაა – კედელს მივეყრდენი და ჯიბეში ხურდის თვლით დავიწყე დროის გაყვანა. თუმცა, ჩემი პროფესიის ადამიანისთვის ეს დროის მოკვლა კი არა, უფრო პრაქტიკული ჩვევების დახვეწაა. მაგალითად, როგორც მოკრივისთვის მსხლის რეგულარული "დამუშავება". სიმართლე რომ ვთქვა, ეს სულაც არ არის დროის მოკვლა. ხომ აშკარაა, რომ ერთი და იმავე მოძრაობის ბევრჯერ გამეორებით შინაგანი წონასწორობის აღდგენას შევძლებთ.
მოკლედ, ყოველთვის ვცდილობ, ჯიბეებში, რაც შეიძლება, მეტი ხურდა ფული მქონდეს. მარჯვენა ჯიბეში ვიდებ ას- და ხუთასიენიან მონეტებს, მარცხენაში – ორმოცდაათიანებსა და ათიანებს. ერთიენიანებს და ხუთიენიანებს უკანა ჯიბეში