ძირითადი პრინციპები საქართველოს სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო რესპუბლიკური სამეფოს კონსტიტუციისათვის
საკითხი
საქართველოში მეფობის აღდგენა და კონსტიტუციური სახალხო მონარქიის დამყარება დღეისათვის ბევრს სრულიად წარმოუდგენელად ეჩვენება, მაგრამ, საბოლოოდ რას გადაწყვეტს ქართველი ხალხი მომავალში, შესაძლოა ახლო მომავალშიც, უცნობია. არავის ძალუძს წინასწარ განჭვრიტოს ყველა გამოწვევა, რომლებიც მომავალში დადგება ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე და როგორი იქნება ამ გამოწვევებზე პასუხი ქართული საზოგადოების მხრიდან.
სახელმწიფოს მართვის ნებისმიერი ფორმა, პირველ რიგში, უნდა ემსახურებოდეს ავტოქტონი და, ასევე, საუკუნეების განმავლობაში ნატურალიზებული მოქალაქეების ინტერესებს, მათ სამომავლო გეგმებსა და გამომდინარე უნდა იყოს ისტორიაში თავს გადამხდარი საამაყო და ღირსეული მემკვიდრეობიდან, რაზეც, ძირითადად არის დაფუძნებული ყველა ქვეყნის საზოგადოების ფსიქოლოგიური და ზოგადად სასიცოცხლოინტერესები.
დღეს, საქართველო უდიდესი პრობლემის წინაშე დგას, აღსადგენია საქართველოს იურისდიქცია აფხაზეთსა და ჩრდილო ქართლში (1922-1991 წლებში სამხრეთ ოსეთად წოდებულ ტერიტორიაზე). მანამდე, აღსადგენია ნდობა ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის. პრობლემები ჩვენი და ამ ხალხების ურთიერთობებში შექმნილია გარე მტრების მიერ.
ქვეყანაში დასაძლევია სოციალური სიდუხჭირე, დასამკვიდრებელია სრულფასოვანი დემოკრატია და ა. შ. მაგრამ, რაც უმთავრესია, მოსახდენია ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება. ანუ მისაღწევია სახელმწიფოს სრული დამოუკიდებლობა.
აქედან გამომდინარე, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, ქვეყანა გარდამავალ ეტაპზე იმყოფება, როდესაც, სხვა საკითხებთან ერთად წყდება სახელისუფლო მოწყობის, სახელისუფლო მმართველობის მოწყობის საკითხი.
დიდი ხანია კამათი მიმდინარეობს როგორი სახელისუფლო მმართველობა უფრო გამოადგება საქართველოს. ზოგი, გარდამავალი ეტაპის გამო, ძლიერი საპრეზიდენტო ხელისუფლების მომხრეა, ზოგი, დემოკრატიის განვითარების მიზნით, საპარლამენტო მმართველობას გვთავაზობს, ზოგიერთი მხარს უჭერს შერეულ, ნახევრად საპრეზიდენტო-ნახევრად საპარლამენტო მოდელს.
ქვეყნის მოსახლეობის ერთი, საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი, მოსურნეა საქართველოში კონსტიტუციური მონარქია არსებობდეს. მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლის საკმაო ნაწილი ამ ვარიანტს უჭერს მხარს, ვინაიდან, ქართველთა ტრადიციული სარწმუნოება მეფის ხელისუფლებას ღვთით დადგენილად მიიჩნევს. მართლმადიდებლური ეკლესიის როლი განსაკუთრებითაა აღნიშნული საქართველოს ამჟამინდელ კონსტიტუციაში.
უნდა გავიხსენოთ, რომ ანალოგიურად აფასებს მეფის ხელისუფლებას სხვა, ტრადიციული რელიგიებიც: ისლამი, იუდაიზმი, კათოლიციზმი (ეს ყველაფერი, კონსტიტუციური სახალხო მონარქიის არსებობის შემთხვევაში აღინიშნება მოქმედ კონსტიტუციაში, პრეამბულა).
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო ანუ რესპუბლიკური მონარქია
უნდა აღინიშნოს, კონსტიტუციური სახალხო მონარქია თავისი წყობით თითქმის იგივეა, რაც საპარლამენტო რესპუბლიკა.
საპარლამენტო რესპუბლიკური მმართველობის დროს აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს მთავრობა და მისი მეთაური (პრემიერ-მინისტრი, კანცლერი). სახელმწიფოს სიმბოლო საშინაო და საგარეო პოლიტიკაში, სხვადასხვა ხელისუფლებებს შორის არბიტრი, და სხვა, გახლავთ პრეზიდენტი, რომელსაც (უფრო მეტად) პირდაპირი არჩევნების მეშვეობით ირჩევენ.
საყოველთაო არჩევნების გზით არჩეულ პრეზიდენტს აქვს ხალხის ნდობის მანდატი.
მაგრამ, თუ ჩვენ პრეზიდენტს შევცვლით მეფით, თანაც რეფერენდუმის გზით, მას ექნება როგორც ხალხის, ასევე ისტორიის, წინაპრების ნდობის მანდატიც (ეს შეიძლება აისახოს კონსტიტუციაში, პრეამბულა).
საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ხალხი აჯანყებულიყო მეფის ინსტიტუტის წინააღმდეგ. ბაგრატოვანთა დინასტია ძალიან ავტორიტეტული გახლდათ თავისი მრავალსაუკუნოვანი მმართველობის მანძილზე.
საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, როგორც ვთქვით, არის ქვეყნის სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლების სიმბოლო, ერთგვარად ატრიბუტიც კი.
ასევე, მეფე არის ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიმბოლო.
თუმცა მონარქის ინსტიტუტი უფრო მეტად ძველი და ტრადიციულია და ხაზს უსვამს ქვეყნის მრავალსაუკუნოვან არსებობას და დამოუკიდებლობას.
მეფის, როგორც ქვეყნის სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის სიმბოლოს არსებობა, სრულიად არ ზღუდავს რესპუბლიკურ პრინციპებს, ვინაიდან მისი უფლებები იქნება შეზღუდული და მეფე არ მიიღებს მთავრობისა და პარლამენტის მმართვაში მონაწილეობას. არჩევითი საკანონმდებლო ხელისუფლებისა და მთავრობის მუშაობა იქნება მთლიანად დამოუკიდებელი, შესაბამისად რესპუბლიკური იდეალებისა. ეს იქნება, ფაქტობრივად, რესპუბლიკური მონარქია, როგორც გაერთიანებულ სამეფოში, ესპანეთში, იაპონიასა და სხვა კონსტიტუციური მონარქიის ქვეყნებში.
მეფეს არ ეყოლება პოლიტიკური გუნდი. ამგვარად, ერთი ადამიანისა და ერთი პოლიტიკური გუნდის მიერ ვერ მოხდება ხელისუფლების უზურპაცია. მეფე, სახელმწიფოს პირველი პირი, წარმომად ვერ შეძლებს მოქალაქეებზე პოლიტიკური გავლენის გავცელებას. ის არ დანიშნავს თანამდებობებზე ადამიანებს და სხვა (ეს დარეგულირდება კონსტიტუციით).
ამგვარად, ამ წყობას შეგვიძლია ვუწოდოთ რესპუბლიკური მონარქიაც.
მონარქია - სახელმწიფოებრივი თავისუფლების სიმბოლო
მონარქიის აღდგენის შემთხვევაში საქართველოს მხრიდან განცხადებული იქნება, რომ 1801 წლიდან რუსეთის იმპერიის მიერ დაწყებული ოკუპაცია და ანექსია ჩვენი ქვეყნისა, რომელიც ორ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე მიმდინარეობდა, მთლიანად დასრულებულია და სრული, ისტორიული დამოუკიდებლობა აღდგენილია (ეს შეიძლება აისახოს კონსტიტუციაში, პრეამბულა).
კონსტიტუციური სახალხო მონარქიის დადებითი მხარეები
მეფის ინსტიტუტის არსებობის შემთხვევაში ქვეყანა თავისუფლდება საპრეზიდენტო არჩევნებიდან, მისი ხარჯებიდან და სხვა თანმდევი მოვლენებიდან.
ძალიან მნიშვნელოვანია "პირველი კაცობის" საკითხი. საქართველოში ეს პრობლემა ძალიან მწვავედ დგას.
ძალიან ბევრისთვის "პირველკაცობა ” არის ცხოვრების მიზანი. ქვეყანაში მეფის არსებობის დროს სხვა ვერ იქნება პირველი. რაც უნდა ბევრი ფული ჰქონდეს და რაც უნდა ძლიერ