7:09
ბევრი ფიქრობს, რომ ყველაფერი თოვლის ბრალია. არ ვიცი, შეიძლება, ასეც იყოს.
იმ დილით რომ გავიღვიძე, გაზონი თხელ, თეთრ საბურველში იყო გახვეული, თოვლის სისქე ერთ ინჩსაც კი არ აღწევდა, მაგრამ ორეგონის ამ ნაწილში ესეც კი საკმარისია, მოსახლეობა რომ შეშფოთდეს, ქალაქში მხოლოდ ერთი თოვლსაწმენდი მანქანაა გზების გასაწმენდად. ისე, ჩვენთან თოვლჭყაპი უფრო იცის, გაყინული ფიფქების ნაცვლად, ციდან ნოტიო, სისველეშეპარული ფანტელები ცვივა წკაპაწკუპით.
დღევანდელი მცირე ნალექიც კი სკოლაში სწავლის გადადების მიზეზი ხდება. ჩემი პატარა ძმა, ტედი, საომარ ყიჟინას სცემს, როგორც კი დედიკოს ძველებური რადიო სწავლის შეწყვეტის შესახებ გვამცნობს. - თოვლის დღეა! – ღრიალებს, - მამიკო, მოდი, თოვლის კაცი გავაკეთოთ.
მამას ეღიმება და ყალიონს ფერთხავს, რომლის მოწევაც მას მერე დაიწყო, რაც 1950-იანი წლების პოპულარულმა ტელესერიალმა „მამამ უკეთ იცის“ გაიტაცა. სხვათა შორის, ყელზე ბაფთასაც ატარებს, ოღონდ დღემდე ვერ გამირკვევია, როგორი დამოკიდებულება აქვს ამ აქსესუარის მიმართ, სამოსის ელეგანტურ ნაწილად მიიჩნევს თუ სარდონიკულად დასცინის საკუთარ თავს - თითქოს, სურს, ყველას გააგებინოს, ყოფილმა პანკმა საშუალო სკოლაში დავიწყე მუშაობაო... იქნებ სწორედ მასწავლებლად მუშაობამ მისცა მამას ბიძგი, ძველი დროის თაყვანისმცემლად ქცეულიყო... ყალიონის სუნი კი მომწონს, მოტკბო კვამლის სუნი ასდის, ზამთარსა და შეშის ღუმელს მახსენებს.
- შეგიძლია, გახვიდე და სცადო, - ეუბნება მამა ტედის, - მაგრამ ჯერ მიწასაც ვერ ფარავს ხეირიანად, თოვლის კაცის ნაცვლად, თოვლის ამება თუ გამოგივა.
მინდა, გითხრათ, რომ მამა ბედნიერია. ერთინჩიანი თოვლის საფარი ნიშნავს, რომ მთელ ოლქში ყველა სკოლა დაიხურა, მათ შორის, ჩემი უმაღლესი სკოლა და ის საშუალო სკოლა, სადაც მამა მუშაობს, გამოდის, რომ მასაც მოულოდნელად უქმე დღე გამოუჩნდა. დედა ქალაქში, ტურისტულ სააგენტოში მუშაობს. დგება, რადიოს რთავს და მეორე ჭიქა ყავას ისხამს.
- მოკლედ, თუ დღეს ყველანი უსაქმურობთ, მეც არ მსურს მუშაობა, ეს ხომ უსამართლობაა! - ტელეფონის ყურმილს სწვდება და რეკავს. საუბრის დამთავრების მერე ჩვენ შემოგვცქერის. - საუზმე მე უნდა მოვამზადო? - მე და მამა ერთდროულად ვიწყებთ ხარხარს. დედა მხოლოდ სიმინდის ფანტელების და დაბრაწული პურის „მომზადებას“ თუ ახერხებს ხოლმე, ოჯახში მთავარი მზარეული მამაა.
დედა კარადას აღებს და ორცხობილის კოლოფს იღებს, თითქოს, არ ესმის ჩვენი ხარხარი, მერე კი გვეუბნება, - კარგი, კარგი, არა მგონია, ასე ძალიან გამიჭირდეს... მაჭკატები ვის უნდა?
მ- მე მინდა! მე მინდა! - ყვირის ტედი, - შეიძლება, მაჭკატებს შოკოლადის ბურბუშელა დავაყოლო?
- რატომაც არა, - პასუხობს დედა.
- ვაშააა! - ყვირის ტედი და ხელებს იქნევს.
- ამ დილაადრიან რაღაც მეტისმეტად ენერგიული ხარ, - ვაჯავრებ ძმას, მერე კი დედას მივმართავ. - ალბათ, ამდენი ყავის სმის უფლებას არ უნდა აძლევდე.
- დიდი ხანია, მხოლოდ კოფეინგამოცლილს ვასმევ. - მეპასუხება დედა, - ბუნებრივადაა ასეთი ჯან-ღონით სავსე.
- მთავარია, მეც უკოფეინო ყავის სმაზე არ გადამიყვანო, - ვეუბნები მე.
- ეგ ხომ ბავშვზე ძალადობად ჩაეთვლება. - მეუბნება მამა.
დედა ორთქლადენილ ყავადანს და გაზეთს მიწვდის.
- შენი შეყვარებულის მშვენიერი ფოტოა დაბეჭდილი.
- მართლა? მისი ფოტოა?
- ნამდვილად. ისე, ზაფხულის მერე საერთოდ აღარ გვინახავს. - მეუბნება დედა და წარბაწეული გვერდიდან მიცქერს, ასე ცდილობს, სულში ჩამწვდეს.
- ვიცი, - ვამბობ და, მიუხედავად იმისა, რომ ამის საბაბი სულაც არ მაქვს, ვოხრავ.
ადამის ჯგუფი, „ვარსკვლავთცვენა“, თანდათან დიდების ზენიტისკენ მიდის და ეს ნამდვილად კარგი ამბავია.
- ოჰ, ეს ახალგაზრდობაში უქმად გაფლანგული დიდება! - ამბობს მამა, მაგრამ იღიმის, ვიცი, რომ ადამი მოსწონს, ეგ კი არა, მისით ამაყობს კიდეც.
გაზეთს იმ გვერდზე ვშლი, სადაც კალენდარია დაბეჭდილი. პაწაწინა მიმოხილვაა „ვარსკვლავთცვენაზე“ და კიდევ უფრო ციცქნა სურათია მოთავსებული, რომელზეც ჯგუფის ოთხივე წევრია. არადა, მათ გვერდით უზარმაზარი სტატიაა ჯგუფ „ბიკინისა“ და მათ სოლო მომღერალზე, პანკ-როკ დივა ბრუკ ვეგაზე, ამ ქალბატონის მოზრდილ ფოტოსთან ერთად.
მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ადგილობრივი ჯგუფი „ვარსკვლავთცვენა“ „ბიკინის“ პორტლენდური ტურის დაწყების აღსანიშნავ კონცერტს ხსნის, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვან ამბავზე კი ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი. წუხელ ბიჭები სიეტლის ერთ-ერთ კლუბში უკრავდნენ და ადამმა შეტყობინება გამომიგზავნა ნაშუაღამევს, დარბაზი სავსე იყოო.
- მიდიხარ ამაღამ? - მეკითხება მამა.
- ვაპირებ, მაგრამ მეშინია, დიდთოვლობის გამო გზები არ ჩაიკეტოს.
- ჰო, ნამდვილად ქარბუქი ამოვარდება, - ამბობს მამა და