ერთი
ყოველ დილით, როგორც კი ვიღვიძებ, საკუთარ თავს ვეუბნები: ეს მხოლოდ ერთი დღეა, ერთი ოცდაოთხსაათიანი მონაკვეთი, უნდა მოითმინო. არც კი ვიცი, ეს ყოველდღიური სავარჯიშო როდის ან რატომ ავიკვიატე - თორმეტსაფეხურიანი მანტრასავით ჟღერს. არ გეგონოთ, რომელიმე ანონიმური საზოგადოების შეკრებებს ვესწრებოდე, თუმცა, თუ გაითვალისწინებთ, რას წერენ ჩემზე, ალბათ, სწორედ ეს გაიფიქრეთ. ბევრი, ალბათ, თირკმელს გაყიდდა, ჩემსავით რომ ეცხოვრა, მაგრამ მე ხშირად ვუმეორებ საკუთარ თავს, თუკი გუშინდელ დღეს გავუძელი, მოთმენა არც დღეს გაგიჭირდება-მეთქი.
ამ დილითაც არ დამვიწყებია ეს ყოველდღიური სავარჯიშო და ახლა მინიმალისტურ ციფრულ საათს ვუყურებ სასტუმროს ტუმბოზე. მასზე 11:47 წერია. ჩემთვის მეტისმეტად ადრეა, მაგრამ სარეგისტრაციოდან უკვე ორჯერ დამირეკეს გასაღვიძებლად, რასაც ჩვენი თავაზიანი, მაგრამ მტკიცე ხასიათის მენეჯერის, ალდუსის ზარი მოჰყვა. ეს დღეც, ალბათ, ჩვეულებრივი იქნება, მაგრამ ყველაფერი უკვე დაგეგმილი გახლავთ.
ჯერ სტუდიაში უნდა შევიარო და გიტარის პარტია შევურჩიო უკვე გამზადებული ალბომის პირველი სინგლის ინტერნეტვერსიას; ესეც ერთ-ერთი ხრიკია - ძველი სიმღერაა გიტარის ახალი პარტიითა და ხმის ეფექტებით, ფულს კი დამატებით გვიხდიან. „ჩვენს დროში როგორც შეგიძლია, ისე უნდა იშოვო თითოეული ცენტი“, - შეგვახსენებს ხმის ჩამწერი სტუდია.
სტუდიის შემდეგ „შაფლის“ რეპორტიორს უნდა ვეწვიო სამხარზე და ინტერვიუ ჩავწეროთ. ჩემს ცხოვრებაში ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს ორი მოვლენაა: ვწერ მუსიკას (ეს ძალიან მომწონს) და მერე ამ პროცესზე ვლაპარაკობ (აი, ამას კი ნამდვილად ვერ ვიტან). ერთიც და მეორეც მონეტის ორი მხარეა. ალდუსი მეორედ რომ მირეკავს, ბუმბულის საბანს ვიხდი და ტუმბოდან წამლის ქილას ვიღებ. შფოთვის საწინააღმდეგო საშუალებაა, რომელიც მაშინ უნდა დავლიო, ნერვები რომ მომეშლება.
ამ ბოლო დროს ისედაც სულ ნერვები მაქვს მოშლილი, შევეჩვიე კიდეც, მაგრამ რაც ეს ტურნე წამოვიწყეთ მედისონ სქვეარ გარდენზე, უარესად ვიგრძენი თავი. თითქოს რაღაც მითრევს მტკივნეულად, ძლიერად, მორევულად.
„ნუთუ ასეთი სიტყვა არსებობს?“ - ვეკითხები საკუთარ თავს.
„ნეტავ, რა მნიშვნელობა აქვს, მაინც ჩემს თავს ველაპარაკები,“ - ვპასუხობ და ორ აბს ვყლაპავ. ტრუსს ვიცვამ და კარისკენ მივდივარ, რომლის მიღმა სავსე ყავადანი მელოდება. სასტუმროს თანამშრომელმა მომიმზადა და ჩემი მკაცრი მითითების თანახმად, თვალთახედვის არიდან გაქრა.
ყავას ვსვამ, ვიცვამ, ლიფტით ქვემოთ ჩავდივარ და გასასვლელისკენ მივემართები. იქ მენეჯერი დიდსულოვნად მიწვდის გასაღებს, ვესტიბიულში შეგროვილ თაყვანისმცემლებს რომ არ შევეჩეხო. ქუჩაში გასულს ნიუ-იორკის მძიმე ჰაერის ნაკადი მესალმება. ცოტა სული მეხუთება, მაგრამ ნოტიო ჰავა მსიამოვნებს. ორეგონი მაგონდება, სადაც გამუდმებით წვიმს. იქ ზაფხულის ყველაზე ცხელ დღეებშიც კი ცაზე ღრუბლის თეთრი ქულები დაცურავს. მათი ჩრდილი მახსენებს, რომ სიცხე დიდხანს არ გასტანს და წვიმა არ მალოდინებს.
ლოს-ანჯელესში, სადაც ახლა ვცხოვრობ, იშვიათად წვიმს. მშრალ სიცხეს ბოლო არ უჩანს. იქაურები თაკარა, სმოგიან დღეებს ხშირად ამართლებენ:
- ალბათ, ას შვიდი გრადუსია ფარენჰაიტით, მაგრამ მერე რა, სამაგიეროდ, მშრალი სიცხეა.
ნიუ-იორკში კი ცხელი, თან ტენიანი ჰავაა. სანამ ათიოდე კორპუსის მოშორებით, ქალაქის დასავლეთით, ორმოცდამეათე ავენიუს უდაბურ კვეთაზე სტუდიას მივაღწევ, კეპის ქვეშ თმა უკვე სველი მაქვს. ჯიბიდან სიგარეტს ვიღებ და მოკიდებისას ხელი მიკანკალებს. დაახლოებით ერთი წელია, რაც დამეწყო. სამედიცინო გამოკვლევების შემდეგ ექიმებმა განმიცხადეს, ნერვების ბრალიაო და მირჩიეს, იოგას ვარჯიშები დაიწყეო.
სტუდიასთან რომ მივდივარ, ვხედავ, ალდუსი გარეთ მელოდება, ფარდულის ქვეშ. ჯერ მე მიცქერის სახეში, მერე - სიგარეტს, ბოლოს - ისევ მე. ისე მზვერავს, ვხვდები: ცდილობს, გაარკვიოს, დღეს კარგი პოლიციელის როლი ითამაშოს თუ ცუდის. ალბათ, საზიზღრად გამოვიყურები, რადგან არჩევანს კარგზე აჩერებს.
- დილა მშვიდობისა, ჩემო სიხარულო, - ხალისიანად მესალმება.
- ჰოო? და ამ დილას მშვიდობის რა ეტყობა? - ხუმრობას ვცდილობ.
- სინამდვილეში ნაშუადღევი უფროა. ვიგვიანებთ.
სიგარეტს ვაქრობ. ალდუსი თავის ტორს საოცრად ნაზად მადებს მხარზე.
- მხოლოდ გიტარის პარტია გვაქვს მოსაძებნი „შაქრისთვის“, ხომ უნდა დავამატოთ რაღაც ისეთი, თაყვანისმცემლებს ფულის ხელახლა გადახდა რომ არ დაენანოთ, - იცინის, თავს აქნევს იმაზე, რადაც ჩვენი ბიზნესი იქცა, - შემდეგ ვისამხრებთ „შაფლთან“, ხუთი საათისთვის რამდენიმე ფოტოსურათიც უნდა გადავიღოთ „ტაიმსის“ წამოწყებული „მოდური როკის“ პროექტისთვის ჯგუფის დანარჩენ წევრებთან ერთად, ცოტა სასმელსაც გადავკრავთ ფულიან ბიჭებთან ერთად და მე აეროპორტში წავალ. ხვალ აუდიტორიასთან ხანმოკლე შეხვედრა გელის მერჩენდაიზინგთან ერთად. უბრალოდ, გაიღიმე და ბევრი არ ილაპარაკო. ყველაფერს რომ დაასრულებ, ლონდონამდე ეულად რჩები.
„ეულად ვრჩები? ახლა რა, თბილ, ოჯახურ გარემოში ვართ