პროლოგი
ამ ნაწერების გამომცემელი, თუმცა დაუღალავი მოგზაურია, დროდადრო მაინც ჩადის ხოლმე ქალაქში, რომელსაც, მისდა საბედნიეროდ, მშობლიურად მიიჩნევს, და ძნელად თუ გაიხსენებს, სადმე სხვაგან იმის მსგავსი უცნაური, ხან მწარე, ხანაც სასიამოვნო გრძნობები განეცადოს, ვიდრე ასეთი ვოიაჟების დროს ეუფლება. უცხო მხარეს მუდამ მოულოდნელად ჩნდება და საყოველთაო ყურადღებას იპყრობს, თუმცა ამას სულაც არ მოელის; მშობლიურ ქალაქში ყველაფერი საპირისპიროდ ხდება, რაც მასში გაოცებას იწვევს, - იმის გამო, რომ თანაქალაქელებს ის სრულიად დავიწყებიათ. უცხო მხარეს თითოეული მიმზიდველი სახის ხილვა ეამება: შესაძლოა, სწორედ ეს ადამიანი მოევლინოს მეგობრად; მშობლიურ ქალაქში დიდი გულისტკივილით დაეხეტება ქუჩებში იმ ადამიანებთან და მეგობრებთან შეხვედრის იმედით, ვისაც ვეღარასოდეს გადაეყრება. უცხო მხარეს აღტაცებას ჰგვრის ნებისმიერი სიახლის დანახვა; აქ კი გულს უღონებს სიძველის გაქრობის თითოეული შემთხვევა. უცხო მხარეს სავსებით აკმაყოფილების ის, თუ რას წარმოადგენს თავად დღესდღეობით; აქ მუდამ განიცდის სინანულს იმის გამო, თუ როგორი იყო ოდესღაც და როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო, იმედი რომ გამართლებოდა.
სწორედ ამგვარი გრძნობებით იყო შეპყრობილი მშობლიურ ქალაქში უკანასკნელი ჩამოსვლისას, სადგურიდან მომავალი; იგივე განწყობილება ჰქონდა იმწუთასაც, როცა კებიდან გადმოვიდა ძველი მეგობრის, სასამართლოს მოხელის, მისტერ ჯონსტონ თომსონის სახლთან, ვისაც გარკვეული ხნით ესტუმრა. გულითადი დახვედრა, მასპინძლის არცთუ ისე შეცვლილი სახე, ხუმრობა, რომელმაც ორივე გააცინა, სასადილო ოთახში თვალის ერთი შევლებით შემჩნეული დეტალები: ქათქათა სუფრა, სასმისების მინაზე ათამაშებული სინათლის ციალი და პირანეზის ოფორტები კედელზე, - ამ ყველაფერმა, რაც სდევდა გადაადგილებას მისთვის განკუთვნილი საძინებლისკენ, გუნება გამოუკეთა და როცა რამდენიმე წუთის შემდეგ, ის და მისტერ თომსონი ერთად მიუსხდნენ სუფრას და ჭიქით ხელში წარსულს საკადრისი მიუზღეს, გულზეც მოეშვა, რის შემდეგაც ლამის მიუტევა საკუთარ თავს ორი შეცდომა - თავის დროზე მშობლიური ქალაქის დატოვებაც და აქ კვლავ დაბრუნებაც.
- თქვენთვის ზედგამოჭრილია, რაც ხელში ჩამივარდა, - უთხრა მისტერ თომსონმა. - მინდოდა, თქვენი ჩამოსვლა აღმენიშნა, ძვირფასო მეგობარო, რადგან თქვენთან ერთად, საკუთარი სიყმაწვილე მეწვია, თუმცა - საკმაოდ შელახული და დამჭკნარი, მაგრამ... ჰო, მისგან თითქმის აღარაფერი დარჩენილა.
- ბედს მაინც არ უნდა ვუჩიოდეთ, - მიუგო გამომცემელმა. - ჩემთვის ზედგამოჭრილად მაინც რა მიგაჩნიათ?
- ახლავე მოგახსენებთ, - თქვა მისტერ თომსონმა. - ბედმა მარგუნა, თქვენი ჩამოსვლის ამბავიც აღმენიშნა და დესერტად რაღაც ერთობ განსაკუთრებული მომერთმია თქვენთვის. საიდუმლო!
- საიდუმლო? - გაიმეორა გამომცემელმა.
- დიახ, - უპასუხა მეგობარმა. - საიდუმლო. შესაძლოა, სრულიად უმნიშვნელო რამ აღმოჩნდეს, მაგრამ იქნებ, საოცარ ამბავს გვაზიაროს. თუმცა ჯერჯერობით, თქვენ წინაშე მართლაც იდუმალი რამ დევს, რადგანაც უკვე თითქმის საუკუნეა, ის არავის უნახავს; საქმე გვაქვს გამორჩეულ ამბავთან, რადგან ერთ ძალზე წარჩინებულ ოჯახს ეხება და ვფიქრობ, მელოდრამასაც წააწყდებით, რადგან თანდართული ბარათის თანახმად, სიკვდილით მთავრდება.
- მგონი, აქამდე არასდროს მსმენია ამაზე უფრო ბუნდოვანი და უფრო იმედის მომცემი შესავალი, - თქვა გამომცემელმა. - მაინც, რა არის ასეთი?
- ჩემი წინამორბედის, ბებერი პიტერ მაკბრეირის სამსახური ხომ გახსოვთ?
- შესანიშნავად მახსოვს. შეხვედრისას მუდამ გამკიცხავი მზერით მაჯილდოებდა და მწარე გრძნობის დაფარვას ვერაფრით ახერხებდა. ეს კაცი, როგორც ისტორიული პიროვნება, ისე მიზიდავდა, მაგრამ მისგან საპასუხო დამოკიდებულებით ნამდვილად ვერ დავიკვეხნიდი.
- არა, მასზე ყურადღების შეჩერება არ მოგვიწევს, - თქვა მისტერ თომსონმა. - გავბედავ ვივარაუდო, რომ ბებერმა პიტერმა ამ საქმის შესახებ ჩემზე მეტი სულაც არ იცოდა. საქმე კი აი, რაა: მისი სიკვდილის შემდეგ უძველესი დოკუმენტების მთელი დასტა და ქაღალდებით სავსე რკინის ზარდახშები დარჩა. ნაწილი თავად პიტერის არქივი იყო, ნაწილი მამისგან შემორჩა - მამამისი ჯონი მათი იურიდიული დინასტიის მესაძირკვლე, თავის დროზე გამორჩეული პიროვნება გახლდათ. აი, ამ არქივის ქაღალდებს შორის დერისდირთა ოჯახის საბუთები ინახება.
- დერისდირთა! - წამოიძახა გამომცემელმა. - მეგობარო, ეს ხომ ძალზე საინტერესოა! 1745 წელს ერთ-ერთი მათგანი ჩრდილოეთით გაემგზავრა, მეორეს კი რაღაც უცნაური კავშირი ჰქონდა ეშმაკთან - ეს ამბავი ლოუს აქვს ნახსენები თავის „მოგონებებში“, - მერე კი ამ ოჯახში იდუმალებით მოცული ტრაგედია დატრიალდა. სახელდობრ რა მოხდა, არ ვიცი, მაგრამ ეს ძალზე დიდი ხნის შემდეგ, დაახლოებით ასი წლის წინ მოხდა.
- ას წელზე მეტი ხნის შემდეგ, - მიუგო მისტერ თომსონმა. - 1783 წელს.
- თქვენ ეს საიდან იცით? ერთი კაცის სიკვდილს ვგულისხმობ.
- დიახ, მილორდ დერისდირისა და მისი ძმის, ბატონი ბალანტრეს დაღუპვას, რომლებიც სასტიკ შინაომს შეეწირნენ,