პროლოგი -
ჯონი - ყველას მოსარჩლე გაზაფხულის მიწურულს, ერთ ნაშუადღევს, ტანსტოლის ციხე-დარბაზში უჩვეულო დროს ატყდა ზარის რეკა. ტყეებსა და ყანებში ხალხმა საქმეს თავი ანება და იქით გაეშურა, საიდანაც ზარის ხმა ისმოდა. პატარა სოფელ ტანსტოლშიც უკვე შეკრებილიყვნენ საწყალი გლეხები და კითხულობდნენ, ნეტავ, რა ამბავიაო.
სოფელი ტანსტოლი მაშინაც, მოხუცი მეფის ჰენრი VI-ის დროსაც, თითქმის ისეთივე იყო, როგორიც დღეს. მუხის დიდრონი ძელებისგან აგებული ოციოდე სახლი გაფანტულიყო მოგრძო, მწვანე ხეობაში და მდინარის პირიდან ასდევდა ფერდობს. სოფლის ბოლოს გზა ხიდს სერავდა, მეორე ნაპირზე აღმართს მიუყვებოდა და ციხე-დარბაზისკენ მიმავალი, ტყეში უჩინარდებოდა, შემდეგ კი ჰოლივუდის მონასტრისკენ მიემართებოდა. სოფლამდე, შუა გზაზე, ურთხმელებში, ეკლესია იდგა. ფერდობები ყოველ მხარეს დაბურული იყო და თვალი მხოლოდ მწვანე თელისა და მუხის ტყეს ხედავდა.
ხიდთან ახლოს, ბორცვზე, ქვის ჯვარი იყო აღმართული. აქ თავი მოეყერა ექვსიოდე ქალს და მოწითალო-მოყავისფრო ხალათში გამოწყობილ ერთ აყლაყუდა კაცს. დავობდნენ, ზარის ხმა, ნეტავ, რას უნდა მოასწავებდესო.
ნახევარი საათის წინ სოფელში მალემსრბოლმა ჩაიარა. ისე ჩქარობდა, ჩამოხტომა ვერ გაბედა და ცხენზე მჯდომმა გადაჰკრა ერთი კათხა ლუდი. თვითონაც არ იცოდა, რა ამბავი იყო - მხოლოდ დაბეჭდილი წერილები მოჰქონდა სერ დენიელ ბრეკლისაგან მღვდელ სერ ოლივერ იუტსისათვის, რომელიც ციხე-დარბაზს განაგებდა პატრონის იქ არყოფნაში.
თქარათქური მოისმა. მალე ტყიდან ცხენი გამოაჭენა სერ დენიელ ბრეკლის გაზრდილმა ახალგაზრდა ბატონიშვილმა რიჩარდ შელტონმა და ხიდზე გადმოიქროლა. იფიქრეს, ამას მაინც ეცოდინება რა ამბავიაო და პასუხის მოლოდინში გაირინდნენ. ახალგაზრდამ ხალისიანად მოსწია ლაგამი. ჯერ თვრამეტი წლისაც არ იქნებოდა. გარუჯულსა და ნაცრისფერთვალებიანს ირმის ტყავის ქურთუკი ეცვა, შავი ხავერდის საყელო ეკეთა, თავზე მწვანე ქუდი ეხურა და ზურგზე კონდახიანი ფოლადის მშვილდი ჰქონდა მოგდებული. მალემსრბოლს თურმე დიდი ამბები მოეტანა - უეჭველად ბრძოლა იყო მოსალოდნელი. სერ დენიელს დაებარებინა: ვისაც მშვილდის მოზიდვა, ანდა შუბის ტარება შეუძლია, ყველანი სასწრაფოდ კეტლის გამოეშურნონ, თორემ ჩემს რისხვას ვერ გადაურჩებიანო. მაგრამ ვის მხარეს უნდა ეომათ, ან სად, დიკმა არ იცოდა. მალე თავად სერ ოლივერიც გამოჩნდა, უკვე ბენეტ ჰეჩიც იარაღს ისხამდა, რადგანაც რაზმს ის უნდა გაძღოლოდა.
- ინგრევა ქვეყანა და ესაა, - თქვა დედაკაცმა, - თუ ბარონები ომობენ, გლეხებს მხოლოდ ძირხვენების ჭამა მოგვიწევს!
- არა, - მიუგო დიკმა, - ყველა მოლაშქრეს დღეში ექვსი პენი ექნება, ხოლო მშვილდოსნებს - თორმეტი.
- თუ ცოცხალი გადარჩნენ, - დასძინა დედაკაცმა, - შეიძლება მართლაც ასე მოხდეს, მაგრამ თუ დაიხოცნენ, მაშინ როგორღა იქნება, ჩემო ბატონო?
- ბატონისთვის სიკვდილს რა სჯობს! - უპასუხა დიკმა.
- ეგ ჩემი ნამდვილი ბატონი არ არის, - განაცხადა ხალათიანმა, - მე უელსინჰემების კაცი ვიყავი, მეც და ჩვენ ყველანი ამ ორი წლის წინანდელ მირქმის დღესასწაულამდე. ახლა კი ბრეკლის მხარეს უნდა ვიომო! სწორედ კანონმა ქნა ეს. განა ეს სამართალია? მაგრამ ახლა აღარც სერ დენიელი მინდა, აღარც სერ ოლივერი, რომლებმაც კანონების უფრო მეტი იციან, ვიდრე პატიოსნებისა... ღვთივკურთხეულ საწყალ ჰარი მეექვსის გარდა სხვა ნამდვილი ბატონი არ მყავს!.. საცოდავს, მარჯვენა ხელი ვერ გაურჩევია მარცხენისგან!..
- მწარე ენა გქონია, მეგობარო, - უპასუხა დიკმა, - ერთნაირად კილავ შენს კეთილ ბატონსა და ჩვენს მეფეს. მაგრამ მეფე ჰარი... კვლავ გონს მოეგო და ყოველივეს მშვიდობიანად გაარიგებს. სერ დენიელს კი ზურგს უკან რომ ასე ახსენებ, პირშიც უთხარი სათქმელი, თუ ვაჟკაცი ხარ! ბედი შენი, რომ ენის მიტანა არ მიყვარს.
- მე თქვენზე აუგს არ ვამბობ, ბატონიშვილო, - მიუგო გლეხმა, - თქვენ ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხართ, მაგრამ როცა დავაჟკაცდებით, ნახავთ, რომ ჯიბე ცარიელი გექნებათ. მეტს არაფერს ვიტყვი: წმინდანები შეეწიონ სერ დენიელის მეზობლებს და წმინდა ქალწული ჰფარავდეს მათ!
- კლიპსბი, - თქვა რიჩარდმა, - არ მომწონს ეგ ლაპარაკი. სერ დენიელი ჩემი კეთილი პატრონი და მეურვეა.
- მაშინ ერთ გამოცანას მოგახსენებთ, - სიტყვა ჩამოართვა კლიპსბიმ, - ვის მხარეს არის ახლა სერ დენიელი?
- არ ვიცი, - თქვა დიკმა და სახე შეუფაკლდა, რადგან მისი მეურვე იმ ძნელბედობის ჟამს განუწყვეტლივ გადადიოდა ხან ერთ, ხან მეორე მხარეს და ყოველი გადასვლა საგრძნობლად ამრავლებდა მის ქონებას.
- დიახ, - მიუგო კლიპსბიმ, - ვერც თქვენ გამოიცნობთ და ვერც სხვა ვინმე, რადგან, ჭეშმარიტად, ეგ ისეთი კაცია, ლანკასტერთა მომხრედ რომ იძინებს და გაღვიძებით, იორკის მომხრედ ეღვიძება.
ამ