წინათქმა
ეპოსი, როგორც ჟანრი, მრავალი ფოლკლორული ფორმის მომცველია – ეს შეიძლება იყოს ზღაპარი, მითოლოგიური გადმოცემა (ანდრეზი), თქმულება, ლეგენდა, ნებისმიერი ნარატივი ანუ ყველაფერი, რაც ნაამბობია, ყოველი ამბავი, რაც მბობას ექვემდებარება, მაგრამ სტრუქტურული, კომპოზიციურად მყარად შეკრული, თავისი დასაწყისითა და გარდაუვალი დასასრულით. ცხადია, მოცულობას არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა (ლაპარაკობენ ზღაპრებზე ცხოველთა შესახებ, როგორც „ცხოველთა ეპოსზე“). არც იმას, პროზაულად არის მოთხრობილი, თუ ლექსად ანუ „მარგალიტად წყობილად“.
ეპოსს ფართო აზრით მივაკუთვნებთ ყველა თხრობით ჟანრს, რო-მელიც არ არის არც დრამა, არც ლირიკა. კლასიკური განმარტებით, ეპოსი უპირისპირდება დრამას და ლირიკას, თუმცა იპოვება ეპოსი, რომელიც თავის თავში აერთიანებს სიტყვიერების ამ სახეობებს.
არსებობს საგმირო-ისტორიული ეპოსი, რომელსაც რაიმე ისტორიული ამბავი უდევს საფუძვლად. ასეთებია ელინთა ეპოსი „ილიადა“, გერმანული მოდგმის ხალხთა და ირლანდიელთა საგები, ანგლოსაქსთა „ბეოვულფი“, რუსული ბილინები, ესპანური პოემა „ჩემს სიდზე“, ბერძენთა „დიგენის აკრიტასი“, სომეხთა „დავით სასუნელი“ და მრავალი სხვა.
არის ეპოსები, რომლებიც მოწყვეტილნი არიან ისტორიულ დროსა და სივრცეს და მოგვითხრობენ „ზღაპრულ“, საარაკო ჭაბუკთა საგმირო საქმეთ. ეს საგმირო-სათავგადასავლო ანუ საფალავნო ეპოსებია. ასეთებია სპარსული დასთანები (რომლებმაც ჩვენში „ყარამანიანისა“ და სხვათა სახით ჰპოვა გამოძახილი, წიგნური „ამირანდარეჯანიანიც“ მათ რიცხვს ეკუთვნის), თურქული მოდგმის ხალხთა პოემები, ნართების ეპოსი, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიის ბევრი ხალხის ზეპირსიტყვიერების მნიშვნელოვან წილს შეადგენს.
არსებობს ეპოსები, რომელთა მთავარი პერსონაჟები ღმერთები, ნახევარღმერთები ან ზებუნებრივ შესაძლებლობათა მქონე ადამიანებია. ეს მითოლოგიური ეპოსებია და ისინი მოგვითხრობენ სამყაროს, მცენარეთა და ცხოველთა შექმნის, ბუნების მოვლენათა, ადამიანის, ადამიანური საზოგადოების, კაცობრიული ცივილიზაციის, საგნების, საყოფაცხოვრებო კულტურის წარმოშობის ამბავს. ამიტომაც მათ მთავარ პერსონაჟებს ეწოდებათ დემიურგები – „ნახევარშემოქმედნი“ (თუ ისინი ღმერთებია) და „კულტურული გმირები“ (თუ ისინი ადამიანებია). ამ ჟანრის ეპოსებს ვადასტურებთ შუამდინარულ (შუმერულ-აქადურ), ეგვიპტურ, ინდურ, ძველირანულ, უგარიტულ, ხეთურ მწერლობაში. ისლანდიელებმა წერილობით შემოინახეს გერმანული მოდგმის ხალხთა მითოლოგიური ეპოსი „უფროსი ედას“ სახით, ფინელებმა „კალევალას“ რუნები...
არსებობს სამიჯნურო (რომანული) ეპოსი, რომლის კლასიკური ნიმუშია შუასაუკუნეების კელტური წარმოშობის თქმულება ტრისტანისა და იზოლდას ტრაგიკული სიყვარულის შესახებ. ამავე ჟანრს უნდა ეკუთვნოდეს საქორწინო ურთიერთობაზე აგებული ეპოსები, როგორიც არის გერმანელთა „კუდრუნი“. რომანული მოტივი ერთი ძლიერი ნაკადია და ხშირად თვითკმარ ღირებულებას იძენს საგმირო-საისტორიო ეპოსში.
რა ადგილი უჭირავს ეპოსს ქართულ ფოლკლორში და რომელი სახეობებით არის იგი წარმოდგენილი?
მრავალფეროვან და მდიდარი ტრადიციის მქონე ქართულ ხალხურ სიტყვიერებაში ეპიკური შემოქმედების წვლილი, შეიძლება ითქვას, მეტად მწირია. ქართულ ფოლკლორში ვერ ვადასტურებთ ისტორიული ხასიათის ეპოსს, სადაც განზოგადებულად იქნებოდა გადმოცემული ხალხის ისტორია, როგორც ეს, ჩვეულებრივ, ამ ჟანრის ეპოსებშია; როგორც ეს არის „ნიბელუნგების სიმღერაში“ ან თურქულ „დედე ქორქუთის წიგნში“. არ ჩანს ისტორიული ან ფსევდოისტორიული გმირი, რომლის გარშემო რეალური ისტორიის თავისებურად გარდაქმნილ საგმირო ამბავთა ციკლიზაცია მომხდარიყოს, თუმცა საქართველოს ისტორია არცთუ ღარიბია ჰეროიკული ეპოქებით, ბრძოლებით და, შესაბამისად, ისტორიული გმირებით.
ჩვენ ვერ ვიფიქრებთ, რომ ხალხის ეპიკური ცნობიერება გულგრილი დარჩენილიყოს იმ ეპოქალური სასიკეთო თუ საბედისწერო ძვრების მიმართ, რომლებიც არაერთგზის განუცდია ქვეყანას; ვერ ვიფიქრებთ, რომ ზეპირსიტყვიერ მატიანეს არ აესახოს ესპანეთის რეკონკისტის ანალოგიური უაღრესად დაძაბული ხანა, აშოტ კურაპალატისა და მის თანამდგომთა გმირული ეპოპეა, რაც ქართული მიწების კვლავ შემოკრებით დასრულდა, მაგრამ ესპანური „ჩემი სიდის“ მსგავსი ხალხური პოემა, სადაც უკვდავყოფილი იქნებოდა თაობათა ხსოვნაში „ჩემი აშოტი“, არ დასტურდება; ან მასზე ადრეული ხანა გორგასლისა, რომლის მითოსური ხატი წერილობით მატიანეში არის მოხვედრილი, ხალხური ეპოსის სახით კი არ ჩანს; ან, თუნდაც, უფრო ადრეული ეპოქა ფარნავაზისა, რომლის არქეტიპული დროის, როგორც „ძლიერი ჟამის“, მეფობის და სხვა სულიერ ღირებულე-ბათა, მრავალ სიახლეთა დასაბამიერი ჟამის კვალი წერილობითმა ისტორიამ შემოინახა, ხალხის ხსოვნას კი ვერ შემორჩა. რა მიზეზით? მიზეზი მარტივია: ვრცელია „კოლექტიური“ მეხსიერება, მაგრამ ის უსაზღვრო და დაუშრეტელი არ არის. მას არ შეუძლია სინქრონულად მოიცვას მთელი ზეპირსიტყვიერი ფონდი მისი „დასაბამიდან“, ერთდროულად შეინახოს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქათა ზეპირსიტყვიერი შემოქმედების ნაყოფები. თაობების მონაცვლეობასთან ერთად იცვლება, პერიოდულ განახლებას განიცდის ზეპირსიტყვიერი ტექსტები; ძველი გადადის, მის ნაცვლად ახალი მკვიდრდება. „ხალხს ის მოსწონს, რაც ახალია“, ამბობენ „ოდისეაში“ ძველი მითების მომღერლის დემოდოკეს მსმენელნი. და ის ძველი, რომელიც უკან იხევს, გადის ხალხის მეხსიერების სა-წიერიდან, თუ ასო-ნიშნებით არ იქნა ჩაწერილი, სამუდამო დავიწყებისთვის არის განწირული. არც ერთი ზემოხსენებული ხალხური ეპოსის ხსენებაც კი არ იქნებოდა, რომ მათ ჩაწერაზე არ ეზრუნათ. შექმნიდან ორასი წლის შემდეგ ჩაწერილი იქნა „სიმღერა ჩემს სიდზე“ (შემონახულია ერთადერთი 1307