I
დულის სატელეფონო ზარმა სასტუმრო „გრიტის“ ნომერში დილის შვიდ საათზე გამაღვიძა. ჩემი ნახვა უნდოდა. საჩქაროდ. მის ტონში დაჟინება და მუქარა იგრძნობოდა, რაც არ მომეწონა. ორივენი ვენეციის დაცვის საერთაშორისო კომიტეტის წევრები ვიყავით, მაგრამ იმის გათვალისწინებითაც კი, რა სიჩქარითაც იძირებოდა დოჟების ქალაქი, არაფერი შეიძლებოდა ყოფილიყო ასეთი სასწრაფო. ჩინის ფონდის სხდომა წინადღეს შედგა და დულიმ ამიხსნა, რატომ ვერ ჩამოვიდა დროზე. უკანასკნელმა ტერორისტულმა აქტებმა იტალიაში ოცდაოთხსაათიანი საყოველთაო გაფიცვა გამოიწვია, რამაც მისი გამოფრენა შეაფერხა.
- იძულებული გავხდი, ჩემი „ბოინგი“ მილანში დამეტოვებინა, რადგან სადისპეტჩერო-საკონტროლო კოშკზე აღარავინ იყო. არც ვერტმფრენი, არაფერი. მანქანით ჩამოვედი...
თანაგრძნობა გამოვხატე და შეხვედრა ათის ნახევარზე დავუნიშნე ბარში, თან, ცოტა არ იყოს, მიკვირდა, ასეთი პატივი რით დავიმსახურე-მეთქი. თითქმის არც კი ვიცნობდი. ჩემი დამოკიდებულება ძირითადად მისთვის თავის არიდებაში გამოიხატებოდა: საქმე სხვადასხვა ციფრებთან გვქონდა. ჯიმ დულიმ შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი უდიდესი ქონება მიიღო მემკვიდრეობით.
პირველად 1962 წელს შევხვდით სენ-მორიცში, ბობსლეის ჩემპიონატზე, რომელშიც ჩემს ვაჟთან ერთად ვმონაწილეობდი. ფართო მხარ-ბეჭით, ჭაღარაშეპარული ქერა კულულებით, სახის ჯერ კიდევ თხელი ნაკვთებით, რომლებიც ორმოცდაათწლიან კარგ ჭამა-სმას დაენდო და არ გაეფუჭებინა, სიცოცხლისუნარიანობით, კარგი გუნება-განწყობით ჩემში ერთგვარ შუღლს აღვიძებდა, მეტოქეობის გრძნობას აღძრავდა. ასეთი რამ მარტო ლამაზი ქალების ხვედრი არ არის. ლხინისა და სიამოვნების ათლეტს ყველა კატეგორიაში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონის აურა ჰქონდა და მისი წარმატებები, უზომო ძლიერება როგორღაც აკნინებდა ჩემს მიღწევებს და ერთგვარად - ჩემი ცხოვრების აზრსაც კი. ოცნება მეტწილად არ ხდება, ჯიმ დული კი ამნაირ კანონს არ სცნობდა. „ბუნებასაც კი აჯობა“... მაგრამ მე თავი არ გავაბრიყვებინე, არ მოვტყუვდი იმ ზმანებებით, რაც ჰომეროსიდან მოყოლებული, კაცუნების თანმდევია. თუმცა, შესაძლებელი რომ ყოფილიყო ჩემპიონობა, ბედნიერების რინგზე დული სერიოზული კონკურენტი იქნებოდა. როცა ვხედავდი, როგორ დგებოდა ფინიშთან მისული ეს წითელპულოვერიანი ახმახი, ჩაფხუტს იხდიდა და მაყურებლებისკენ მსოფლიოს ბუნებრივი მპყრობელის სიცილით ბრუნდებოდა, უსუსურობის, არასრულფასოვნებისა და წარუმატებლობის გრძნობა მეუფლებოდა, იმიტომ კი არა, რომ მომიგო, იმიტომ, რომ ვგრძნობდი, მჯობნიდა ეს ამერიკელი. ჩემზე უკეთესად და მიუწვდომლად მიმაჩნდა: რაღაც პურიტანული და თითქმის პოლიტიკური გაბოროტებისგან თავს ვერ ვიკავებდი. იმავე საღამოს ვიღაც ჟურნალისტმა ქალმა, ჰოფის ბარში რომ შევხვდი, აუცილებლად ჩათვალა, ჩემთვის გულახდილად ეთქვა, ჯიმ დულის მისსავე იახტაზე „ინტერვიუ“ ჩამოვართვი სენ-ტროპეშიო და... „დაუოკებელია, ვერ გააჩერებ, შეუძლია ეს მთელი ღამე აკეთოს“. ასეთი საიდუმლოს განდობა, როგორც წესი, ერთგვარი გამოწვევაა, ამ საქმეში ლეგენდარულ გმირს შეეჯიბრო და დაამტკიცო, რა შეგიძლია. მაგრამ მაშინ შედარებით ახალგაზრდა ვიყავი და ქალებისგან წახალისება არ მჭირდებოდა, თანაც ყოველთვის მიზიდავდა იდუმალი ბაღები და განსაკუთრებული სამყაროები. მიყვარდა ორის ის თანამზრახველობა, სადაც სხვა ვერავინ აღწევს. ყველაფერი საოცარი და არაჩვეულებრივი სწორედ იქ მთავრდება, რასაც ამ სფეროში „რეპუტაცია“ ჰქვია. ნამდვილი სიყვარულის სახლი ყოველთვის საიდუმლო სამალავია. სხვათა შორის, ჩემთვის ერთგულება არასოდეს ყოფილა განსაკუთრებულ უფლებათა კონტრაქტი: თავდადების, თავგანწირვის, აზრთა ერთობის ცნება იყო ერთნაირ ღირებულებათა არსებობისას. 1944 წლის მაისში, მოკავშირეთა გადმოსხდომამდე რამდენიმე კვირით ადრე, საიდუმლო აეროდრომიდან აფრენისას თვითმფრინავი ამოყირავდა და მაგრად დავრეტიანდი. ერთი საათის შემდეგ იმხანად ჩემი ცხოვრების თანამგზავრი და თანამებრძოლი ქალი სასთუმალთან მეჯდა ფერმაში, სადაც გადამიყვანეს. თავზარდაცემული ჩანდა. ჩემი მდგომარეობა არც ისეთი მძიმე იყო, რომ ასე შეშფოთებულიყო. ლუსიენმა ამიხსნა, რომ სწორედ მაშინ, როცა დაურეკეს და ჩემი ამბავი აცნობეს, სასტუმროს ნომერში ჩემს ერთ-ერთ მეგობართან აპირებდა დაწოლას. უსიტყვოდ მიატოვა და ჩემკენ გამოეშურა. აი, ზუსტად ასე მესმოდა ერთგულება - როცა სიყვარულს სიამოვნებაზე მაღლა აყენებ. მაგრამ მესმის, რომ სხვა დამოკიდებულებაც შეიძლება არსებობდეს - იქნებ ასეთი ქცევა სწორედ სიყვარულის ნაკლებობაზე მიანიშნებს? იქნებ ისიც კი შეიძლება ითქვას, რომ ჩემს ფსიქიკაში უხილავი ბზარი გაჩნდა, რომელიც სულ უფრო ფართოვდება და რომელმაც იქამდე მიმიყვანა, სადაც ვარ? არაფერი ვიცი და არც ალიბის ვეძებ. თავის მართლებასაც არ ვაპირებ ამ გვერდებზე. ეს არც საშველად მოხმობაა და არც ამ ხელნაწერის ბოთლში ჩადება და ზღვაში გადაგდება მინდა. მას შემდეგ, რაც ადამიანი ოცნებობს, იმდენი იძახეს საშველად, იმდენი ბოთლი გადააგდეს წყალში, რომ გასაკვირია, ზღვას ისევ რომ ვხედავთ - წესით, მხოლოდ ბოთლებს უნდა ვხედავდეთ.
ხშირად მაღიზიანებდა მომხიბვლელი მილიარდერის ცნობილი სახე, ხან აქ, ხან იქ რომ მხვდებოდა თვალში 60-იანი წლების დასაწყისში - სახე, რომელმაც დულის „დასავლური სამყაროს პირველი პლეიბოის“ სახელი მოუტანა. ცნობილი მოდელები, სავალდებულო გასართობი ადგილები, „ფერარი“, ბაჰამის კუნძულები და ფულით იმდენად მონუსხული, გონებადაბნელებული