თავი პირველი ვაიმარის სასტუმრო „სპილოს“ კელნერმა(კელნერი - გერმანიასა და ზოგ სხვა ქვეყანაში: ოფიციანტი რესტორანში, ლუდხანაში.)
მაგერმა, განათლებულმა კაცმა, თითქმის ჯერ კიდევ ზაფხულივით დარიან დღეს, 1816 წლის სექტემბრის მიწურულს, ამაღელვებელი, სასიხარულო და გამაოგნებელი გრძნობა განიცადა. თუმცა არაბუნებრივი არაფერი მომხდარა, მაგრამ მაინც შეიძლება ითქვას, მაგერს ეგონა, წუთიერი სიზმარი ხომ არ ვნახეო.
ამ დღეს დილით, რვა საათი გადასული იქნებოდა, გოთიდან ჩვეულებრივი საფოსტო ეტლით ჩამოვიდა და ბაზართან ცნობილი სახლის წინ გაჩერდა სამი ქალი; ერთი შეხედვით, და თუ გნებავთ, მეორე შეხედვითაც, განსაკუთრებულს ვერაფერს შეამჩნევდით. მათ ურთიერთდამოკიდებულებასაც ადვილად გამოიცნობდით. ისინი გახლდნენ დედა, ქალიშვილი და მოახლე. მაგერი თაღიან შესასვლელში იდგა და პირმოთნე მისალმებისთვის უკვე მზად ბრძანდებოდა. უყურებდა, როგორ ეხმარებოდა მსახური პირველ ორ ქალს, რათა ეტლის საფეხურებიდან ქვაფენილზე ფეხი ჩამოედგათ. ამ დროს მათი მოახლე, სახელად კლერჰენი, მეეტლეს ეთხოვებოდა. მის გვერდით მჯდარიყო და ეტყობოდა, კარგადაც გართულიყო მასთან საუბრით. კაცი ალმაცერად შეჰყურებდა და იღიმებოდა. ალბათ, თანამგზავრის ლაპარაკის უცხო კილოზე თუ ფიქრობდა. ერთგვარი დამცინავი ყურადღებით ადევნებდა თვალს მოახლეს, რომელიც მაღალი კოფოდან მომეტებული პრანჭვა-გრეხით, უადგილო კოკობზიკობით ჩამოდიოდა და კაბის კალთას კეკლუცად იკრეფდა. შემდეგ მეეტლემ ზურგიდან ყაწიმით
მხარიღლივ გადაკიდებული საფოსტო ნაღარა გადმოიღო და რამდენიმე ბიჭუნასა და მათი ჩამოსვლის დამსწრე ნაადრევი გამვლელების საამებლად მეტად მგრძნობიარედ აახმიანა.
მანდილოსნები ჯერ კიდევ სახლისკენ ზურგშექცევით იდგნენ და თვალყურს ადევნებდნენ საფოსტო ეტლიდან თავიანთი მცირე ბარგის ჩამოღებას. მაგერი უცდიდა იმ წუთს, როდესაც მანდილოსნები, თავიანთი მოკრძალებული ავლადიდების ხელუხლებლობაში დარწმუნებულნი და დაწყნარებულნი, შესასვლელისკენ გამოსწევდნენ და ისიც ქვაფენილზე დახვდებოდა, პირწავარდნილი დიპლომატივით სავალდებულო, თავაზიან და ამასთან ოდნავ მორიდებულ ღიმილს შეაგებებდა. მის ყველისფერ სახეს მოჟღალო ქილვაში შემოვლებოდა. მაგერი ღილშებნეულ ფრაკში გამოპრანჭულიყო, აფშეკილ საყელოზე გახუნებული ყელსახვევი დაემაგრებინა და მეტად გრძელ ფეხებზე ვიწრო შარვალი შემოეწვართა.
- გამარჯობა, ჩემო მეგობარო! - თქვა იმ ორი ქალიდან ერთ-ერთმა, საკმაოდ ხანში შესულმა ოჯახის დედამ, ოდნავ ხორცსავსე ქალმა, რომელიც სულ ცოტა, სამოც წელს მიტანებული იქნებოდა, თეთრი კაბა ეცვა, შავი წამოსასხამი ეხურა, ხელთ მკედით ნაქსოვი უთითო თათმანი მოერგო, თავზე მაღალი ჩაჩი ეხურა, მის ქვეშ ხუჭუჭა ფერფლისფერი, ოდესღაც ქერა თმა მოუჩანდა, - ამრიგად, ჩვენ გვჭირდება ბინა სამი ადამიანისთვის. ორსაწოლიანი ოთახი ჩემთვის და ჩემი ბავშვისთვის (ეს ბავშვიც აღარ გახლდათ მაინცდამაინც ახალგაზრდა, ოცდაათს მიტანებული იყო, წაბლისფერი კულულები ჰქონდა, ტანთ ეცვა ყელზე ფურფუშებშემოვლებული კაბა; დედის კოხტად მოყვანილი ცხვირი ქალიშვილის სახეზე ოდნავ მკვეთრად მეორდებოდა და უფრო უხეშად ისახებოდა) და ერთიც სენაკი ჩემი გოგოსთვის, ოღონდ შორს ნუ იქნება. შეიძლება იმედი ვიქონიოთ, რომ გვექნება ყოველივე ეს?
ქალს მიმზიდველი, მქრქალი ცისფერი თვალები კელნერის იქით, სასტუმროს წინხედისკენ მიეპყრო. მისი პატარა პირი განსაკუთრებით სასიამოვნოდ მოძრაობდა მოხუცებულობისგან ოდნავ სიმსუქნემოკიდებულ ღაწვთა შორის. ახალგაზრდობაში ის უფრო მიმზიდველი იქნებოდა, ვიდრე ამჟამად მისი ქალიშვილი. თვალში გეცემოდათ თავის ოდნავი კანტური, რაც ნაწილობრივ მისი სიტყვების დადასტურებისა და თანხმობის დაუყოვნებლივი მოთხოვნის შთაბეჭდილებას უფრო ახდენდა. ასე რომ, ამის მიზეზი იმდენად სისუსტე როდი ჩანდა, რამდენადაც სიმკვირცხლე, ანდა ერთიც და მეორეც თანაბრად.
- ძალიან კარგი! - უპასუხა მსახურმა, რომელიც დედასა და ქალიშვილს შესასვლელისკენ წაუძღვა, მაშინ როდესაც მოახლე ქუდის კოლოფის ქნევით შორიახლო მისდევდა მათ, - მართალია, ჩვეულებრივად ჩვენი სასტუმრო მუდამ სავსეა მდგმურებით და ადვილად შეიძლება ისეთ ყოფაშიც აღმოვჩნდეთ, იძულებული გავხდეთ, თვით წარჩინებულ პირებსაც კი უარი ვუთხრათ, მაგრამ არავითარ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რომ თქვენი სურვილი რაც შეიძლება უკეთ დავაკმაყოფილოთ.
- აი, ეს კი ჩინებულია, - უპასუხა უცხო ქალმა და სახეგაბადრულმა თავის ასულს მხიარული, ერთგვარი პატივისცემით გამსჭვალული მზერა შეავლო იმ კაცის მარჯვედ შერჩეული მჭევრმეტყველური და მასთან თიურინგიულ-საქსონიურ კილოზე მაგრად შეფერილი სიტყვების გამო.
- უმორჩილესად გთხოვთ! ძალიან გთხოვთ! - თქვა მაგერმა და ქათინაურებით წინკარში გაატარა, - მისაღები მარჯვნივ გახლავთ. ფრაუ ელმენრაიჰი, სასტუმროს დიასახლისი, დიდად ნასიამოვნები დარჩება! გთხოვთ, შებრძანდეთ!
ფრაუ ელმენრაიჰი, რომელსაც თმაში ისარი გაერჭო და მაღალი გულმკერდი მოქსოვილი ზედატანით დაეფარა კარის სიახლოვის გამო, დახლისმაგვარ მაგიდასთან დაბრძანებულიყო და ირგვლივ ფრთის კალმები, საქვიშენი და საანგარიშო მანქანა შემოეწყო. დახლი განჯინისებურ მისაღებ ოთახს დერეფნისგან ჰყოფდა. იქვე ახლოს თავისი მაღალი პულტიდან ჩამოსული მოხელე ინგლისურად ესაუბრებოდა ვიღაც წამოსასხამიან მამაკაცს, რომელსაც ალბათ შესასვლელთან დაგროვებული ჩემოდნები ეკუთვნოდა. სასტუმროს დიასახლისმა მოსულებს უგულისყუროდ გადახედა და უფროსის სალამსა და უმცროსის ძლივს შესამჩნევ მუხლმოდრეკას ღირსეული თავდახრით უპასუხა. კელნერის მოხსენებას ოთახების მოთხოვნის