ლესინგის ხსოვნას
„რაციონალისტი და განმანათლებელი. რისი შემოთავაზება, რისი თქმა ძალუძს მას ჩვენთვის, დღევანდელთათვის, რომლებისთვისაც გზა წინაპართაკენ ყოველდღიურ გასეირნებად ქცეულა? ჩვენთვის, რომელნიც არა თუ არ ვენდობით გონებას, არამედ სიამოვნებას, უაღრეს კმაყოფილებასაც კი გვგვრის ეს უნდობლობა, ღვარძლიანად ვაღმერთებთ ირაციონალურს, გონი სიცოცხლის ჯალათად შეგვირაცხავს, აზრი სამარცხვინო ბოძზე გაგვიკრავს და თვითკმარი რომანტიკის ასტარტას* დღესასწაულებზე ავხორცულად ვტკბებით ჩვენი ძმური ერთსულოვნებით? ჩვენთვის, რომელთაც ღამით რევოლუციის ხატი მოვიპარეთ, საკუთარ, რეაქციულ ბანაკში გადავათრიეთ და ახლა კონსერვატიული რევოლუციისათვისლ ვაფრიალებთ: უახლესი, ყველაზე დახვეწილი და ვერაგული თამაში, რომელსაც მხოლოდ მამულის მოღალატენი არიდებენ თავს, და რომლის წყალობითაც ყველაზე ყავლგასული და დამყაყებული რამ, ჩვენდა საამაყოდ, სიმამაცისა და სიჭაბუკის შარავანდედით მოსილი წარმოგვიდგება?“
რა უნდა გითხრათ მან? ვშიშობ, არაფერი იმის გარეშე, რაც მას თქვენთვის, სწორედ თქვენთვის ექნებოდა სათქმელი, თქვენი ყურები რომ მეტისმეტად „გრძელი“ლარ იყოს ისეთი სიტყვებისათვის, როგორიც მისი სიტყვებია; თქვენ რომ შეგეძლოთ, გადააწვდინოთ თვალი დროის მომავალ ტალღას, არა მარტო მიენდოთ და მინებდეთ მას, არა მარტო წარმავალი მოდა იყოს თქვენი ფარი მაგ თქვენს მხდალ ტრიუმფში, არამედ ცოტაოდენი მიუსაფრობა და თავისუფლება გესაგზლათ მომავლისაკენ, რომლის ბინადარიც ის არის, და რომელიც მიესალმება მას, კაცობრიობის მეგობარს, როგორც თანამედროვეს, უფრო თანამედროვეს, ვიდრე რომელიმე უდღეური მოაზროვნეა, სულიერად რომ ასაზრდოებს თქვენს ბოროტ ზრახვებს...
პროჟექტორის შუქი, რომლითაც საიუბილეო დღე მის იერსახეს ანათებს, გამოკვეთს ცალკეულ ნაკვთებს, რომელთა თანამედროვეობას, ნათესაობას ჩვენთვის ესოდენ ახლობელ სულიერებასთან, გაოცებაში მოვყავართ. მის ტრაქტატში ქრისტეს რელიგიის შესახებ, რომელსაც იგი პოლემიკურად განასხვავებს ქრისტიანული რელიგიისაგან, გვხვდება ისეთი შენიშვნები, რომელთა მსგავსება ტოლსტოისთან ძალზე თვალშისაცემია. სხვა დროს ის ნიცშეს მოგვაგონებს. მხედველობაში მაქვს ის ადგილი, სადაც იგი იცავს „ანტითეზას“ გარკვეული ადამიანების მიმართ, „რომელთაც, არ ვიცი, რა თანდაყოლილი ზიზღი აქვთ ყოველგვარი გონებამახვილობისადმი“, და განმარტავს, ამ ანტითეზამ მხოლოდ იმის გამო დამაეჭვა, რომ ხშირად მახვილსიტყვაობის მხოლოდ სუსტი ანარეკლია ის, რაც გონებამახვილობის დამფერფლავი ელვის ნაცვლად წარმოგვიდგება ხოლმეო, „მითუმეტეს ძვირფას პოეტებთან“. ზუსტად ასე მოიხსენიებდა ნიცშეც „ძვირფას მხატვრებს“, – და მგონია, როცა ის ასე ლაპარაკობს, გაუცნობიერებლად ლესინგი ახსენდება. არც ერთი მათგანი არ მიაკუთვნებდა თავს პოეტთა ფენას, – და ეს თავმდაბლობა როდი იყო; ის დამცინავ-შემწყნარებლური ქედმაღლობა, რომლითაც ამას აცხადებდნენ, არ გვაფიქრებინებს, რომ რაღაც უფრო მცირედად მიაჩნდათ თავი. საკუთარი ღირსების გრძნობა ლესინგისა უფრო ჯანსაღი იყო, ვიდრე ნიცშესი, მაგრამ არა ნაკლები. რაკი „ბერკეტებსა და დგუშებზე“ ლაპარაკობდა, და აცხადებდა, პოეტი არ ვარო, არ უნდა ვიფიქროთ, რომ გონთა იერარქიაში საკუთარ ტიპს პოეტზე უფრო დაბალ საფეხურზე აყენებდა. ლესინგი, ისევე როგორც ნიცშე, არ დებდა თავს პოეტობაზე, რადგან ის მოიცავდა პოეტობას, რადგან – თუ თუმცა – ის, სხვათა შორის პოეტიც იყო, და კერძოდ, უფრო თანამედროვე, უფრო თავისუფალი, უფრო გონისმიერი და საერო გაგებით, ვიდრე ღვთისმოშიშ გერმანელ ხალხს შეეძლო ენატრა თავისთვის. მისი თანამედროვეობა და თანადროულობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ პოეტობის გერმანული ცნება მასთან უძლურია, არ რგებს, ვიწროა მისთვის. რა საოცარია ეს დაუცხრომელი „querelle allemande“* ლესინგის პოეტობის თაობაზე, რაც ყველა სხვა ქვეყნისათვის წარმოუდგენელია! განა აუცილებელია იყო პოეტი, თუ ლესინგი ხარ? მაშ ვინ იყო ის? სწავლული? – სულაც არა! „მე სწავლული არ ვარ“, წამოიძახებს ის, – „არასოდეს მიფიქრია სწავლული გავმხდარიყავი – არასოდეს არ მქონია ასეთი სურვილი, თუნდაც სიზმარში რომ ყოფილიყო ეს შესაძლებელი. მხოლოდ იმას ვცდილობდი, საჭიროების შემთხვევაში სწავლული წიგნის გამოყენება შემძლებოდა“. ვის ეკამათება? სწავლულთა საძმოს არსოდეს მიუთვლია ის თავისიანებში, და მანაც სამაგიერო გადაუხადა – დასცინოდა „ბრძენ პროფესორს“ და თაყვანს სცემდა მეისტორიე ვოლტერს, აღტაცებული მისი უნარით, ერთ ეპიგრამაში გამოეთქვა უმნიშვნელოვანესი მოვლენები და ყოველივე ეს „რაღაც თავისებური ეშმაკობით“, რაც მასში პოეტს ამხელდა. იგი მისი მოსწავლეა, მაგრამ გერმანულ, ლუთერულ ყაიდაზე. „უმჯობესია კიდევ ცოტა ხანს ვილაყბოთ“... ამ სიტყვებით იწყებს იგი რელიგიურ პოლემიკას ჰამბურგელი მღვდელმთავრის წინააღმდეგ, და რადგან სცენის ეს შეურიგებელი მტერი არ იშლის თავისი ქედმაღლური „სერიოზულობის“, თავისი საძმოს თეოლოგიური პოზიციებიდან ლესინგის თეატრალური ლოგიკის, ხატებისა და რეკვიზიტების გაქილიკებას, ლესინგი იმგვარად იცავს თავის სტილს, რომ „არ ტოვებს გაუმხელელს“, ვისი გორისაა. „ხშირად ეს სტილი“, ამბობს იგი, „მით უფრო ონავრულად ეთამაშება მატერიას, რაც უფრო მეტად ვცდილობ, ცივი გონებით დავიმორჩილო იგი“. – რა არის ეს, ეს თამაში დაუფლებულ მატერიასთან, ეკივოკებითა* და გადაკრული სიტყვებით? რას ნიშნავს მასალის ფორმაში განზავება? ეს არის ხელოვნება და რა საჭიროა მის