თავი მეხუთე ენციკლოპედია
ბატონი სეტემბრინის ქარაგმები ჰანს კასტორპს თუ აგულისებდა, ყოველ შემთხვევაში, არ აკვირვებდა მაინც და არც უფლება ჰქონდა, ჰუმანისტისათვის აღმზრდელობითი ჟინი ესაყვედურებინა. ბრმასაც არ გაუჭირდებოდა იმის დანახვა, ჰანს კასტორპის თავს რა ამბავიც ტრიალებდა. არც თვითონ იწუხებდა თავს, გრძნობები დაეფარა, ერთგვარი გულწრფელობა და კეთილშობილი გულუბრყვილობა უბრალოდ ხელს უშლიდა, საიდუმლო გულში ჩაემარხა. ამით განსხვავდებოდა იგი, და თუ გნებავთ, სჯობდა კიდეც, ამ თმაშეთხელებულ მანჰაიმელ შეყვარებულსა და ჩუმ-ჩუმად მძრომელას. მოგაგონებთ და გაგიმეორებთ, რომ ჰანს კასტორპისთანა დღეში ჩავარდნილ კაცს, ჩვეულებრივ, არ ასვენებს ხოლმე გულის გადაშლის სურვილი, რაღაც ძალა ეწევა აღსარებისა და აღიარებისაკენ, საკუთარი თავის გარდა ვეღარავის ხედავს და ცდილობს, თავისი პიროვნებით აღავსოს სამყარო. ეს ლტოლვა მით უფრო გაუგებარია ჩვენისთანა ფხიზლად მოაზროვნე ხალხისათვის, რაც უფრო ნაკლები აზრი, ჭკუა და იმედი ახლავს ხოლმე მას თან. ისე კი, როგორ ახერხებს ასეთი ხალხი თავის გაცემას, ძნელი სათქმელია. ეტყობა, მათ არც შეუძლიათ, რაიმე მოიმოქმედონ და ეს შეუმჩნეველი დარჩეს სხვას, მით უმეტეს, ისეთ საზოგადოებას, რომელსაც დაკვირვებული თვალი კარგად შეამჩნევდა, მხოლოდ ორი რამ რომ უტრიალებს თავში: პირველ რიგში ტემპერატურა და მეორე რიგშიც ტემპერატურა, ანდა ის საკითხი, ვენელი გენერალური კონსულის მეუღლე ფრაუ ვურმბრანდტი ვისით იამებს კაპიტან მიკლოზიჩის გულარძნილობით ნატკენ გულს: სავსებით გამოჯანსაღებული შვედი გოლიათით, დორტმუნდელ პროკურორ პარავანტით თუ ერთდროულად ორივეთიო. საზოგადოებისათვის ისიც ეჭვმიუტანლად ცნობილი გახლდათ, რომ მრავალი თვის განმავლობაში პროკურორისა და ამსტერდამელი ფრაუ ზალომონის შემაკავშირებელი ძაფები მშვიდობიანი შეთანხმების საფუძველზე გაწყვეტილი იყო. ფრაუ ზალომონი ასაკის ძახილის შესაბამისად შედარებით ნორჩ თაობას მიჰბრუნებოდა და კლეეფელდის მაგიდასთან მჯდომ ტუჩებგადმობრუნებულ გეზერს აფარებდა მოწყალე კალთას, ანუ, როგორც ფრაუ შტორმა კანცელარიული სტილით და საკმაოდ თვალსაჩინოდაც ბრძანა, გენზერი მას უკვე „საქმეში ჰყავდა ჩაკერებული“. ამ ამბავს წყალი არ გაუვიდოდა, ამგვარად, პროკურორი ჩიტივით თავისუფალი გახლდათ და შეეძლო გენერალური კონსულის მეუღლის გულისთვის შვედისთვის ან დაერტყა, ან მეტოქეს მშვიდობიანად მორიგებოდა.
ამგვარად, „ბერგჰოფის“ საზოგადოებასა და განსაკუთრებით ციებ-ცხელებით შეპყრობილი ახალგაზრდების წრეში ფესვგადგმული ამბები, რომელთა შორისაც აშკარად მნიშვნელოვან როლს აივნიდან აივანზე (შუშის თეჯირებისა და მოაჯირის გასწვრივ) გაძრომ-გამოძრომა თამაშობდა, შეადგენდა აქაური ცხოვრების ძირითად ატმოსფეროს, თუმცა აქ დატრიალებულ ამბებს, კაცმა რომ თქვას, არც ეს აზრი გამოხატავს ზუსტად. ჰანს კასტორპს, მაგალითად, ეჩვენებოდა, რომ ის მნიშვნელოვანი საქმე, რომელსაც მთელ მსოფლიოში, ხუმრობით იქნებოდა ეს თუ სერიოზულად, ესოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, აქ კიდევ სირთულესა და ამ სირთულის წყალობით სრულიად ახალ ტონალობას, ფასსა და შინაარსს იძენდა. ეს გარემოება კი ამ საქმეს საშიშ თუ არა, თავისი სიახლის გამო შემაშფოთებელ შუქში მაინც ახვევდა. ამ აზრის გამოთქმისას სახე გვეცვლება და აღვნიშნავთ, რომ თუკი ხსენებულ საჭოჭმანო ურთიერთობებზე აქამდე მსუბუქი და ხუმრობანარევი ტონით ვლაპარაკობდით, ეს იმავე იდუმალ მიზეზებს უნდა მივაწეროთ, რომელთა გამოც ეს ამბავი ასე ხშირად ხდება ხოლმე, ოღონდ ეს სრულიადაც არ ნიშნავს, თითქოს იგი სახუმარო და იოლი იყოს. იმ სფეროში კი, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, სიყვარული მართლაც ნაკლებად სახუმარო უნდა ყოფილიყო, ვიდრე სადმე სხვაგან. ჰანს კასტორპს იქამდე ეგონა, ამ სიამოვნებით ხელწამოსაკრავ მნიშვნელოვან ურთიერთობებში მშვენივრად ვერკვევიო და არც გაემტყუნებოდა. ახლა კი მიხვდა, რომ ბარში მხოლოდ ზერელედ იყო გათვითცნობიერებული და, კაცმა რომ თქვას, ბევრ რამეზე გულუბრყვილო წარმოდგენაც კი ჰქონდა. აქ მიღებულმა პირადმა გამოცდილებამ კი, რომლის ბუნების ახსნასაც მრავალგზის შევცდილვართ, ერთ მშვენიერ დღეს წამოაცდენინა, „ღმერთო ჩემოო“ და საკმაოდ უშველა იმ გაუგონარი, თავზე ხელაღებული და უსახელო გრძნობების გამაძლიერებელი აქცენტის აზრს ჩასწვდომოდა, რითაც ეს ურთიერთობა აქ, ზევით, მობინადრეებისათვის იყო დაღდასმული. ამით ის კი არ გვინდა ვთქვათ, თითქოს აქ მსგავს ამბებზე არავინ ხუმრობდა, მაგრამ ბართან შედარებით, აქ ხუმრობის მანერასაც გაცილებით მეტად აჩნდა სიყალბის დაღი, მასში თითქოს სიმწრით კბილთა ღრჭენა და ოხვრა ისმოდა, რაც ამ ხუმრობის ქვეშ დამალულ გრძნობას გამჭვირვალე საფარველში ხვევდა ან უფრო სწორად, ძლივს დაფარულ სიმძიმილს ააშკარავებდა. ჰანს კასტორპს გაახსენდა, როგორ გაუფითრდა იოახიმს სახე და მერე კი აუფორეჯდა, როცა პირველად და უკანასკნელად ბარისეული მიამიტობით ჩამოუგდო სიტყვა მარუსიას ხორციელებაზე. ისიც გაახსენდა, თვითონ როგორ გაეყინა და გაუფითრდა სახე, ფრაუ შოშა ჩამავალი მზის სხივისაგან რომ დაიფარა. მანამდეც და მერეც სხვებისთვისაც შეუმჩნევია მსგავსი სიფითრე, და, როგორც წესი, ერთდროულად ორი ადამიანის სახეზე, მაგალითად, ფრაუ ზალომონისა და ყმაწვილი გენზერის სახეებზე, როცა მათ შორის, ის-ის იყო, იწყებოდა ფრაუ შტორის მიერ ენამოსწრებულად მონათლული