ტონიო კრიოგერი
1.
ზამთრის მზე უნიათოდ ანათებდა, ფენა-ფენა ღრუბლებს მიღმა რძისფერ, მკრთალ ნათელს გამოსცემდა ვიწროქუჩებიანი ქალაქის თავზე. სველ, ფრონტონებიან შენობებს შუა გამავალ შუკებში ქარი დაძრწოდა, დროგამოშვებით კი რაღაც სეტყვისმაგვარი თუ წამოვიდოდა - არც ყინული იყო, არც თოვლი.
გაკვეთილები დამთავრდა. მოკირწყლულ ეზოში მოსწავლეთა მთელი გროვა ჟრიამულით მოაწყდა გისოსებიან ალაყაფის კარს და სხვადასხვა მხარეს გაიფანტა, თითქოს ეს-ეს არის ტყვეობიდან გათავისუფლდნენო. უფროსკლასელები შედარებით დადინჯებული მანერით იმაგრებდნენ ცალი ხელით ზურგზე მოკიდებულ ჩანთას, მეორეს კი ნიჩაბივით იქნევდნენ ქარის გასარღვევად, სადილზე მიეჩქარებოდათ. უმცროსკლასელები კი მხიარულად, ტყაპატყუპით მოხტოდნენ თოვლ-ჭყაპში, შხეფებს აქეთ-იქით ისროდნენ და სასკოლო ავლადიდებით დატენილ სელაპის ტყავის ზურგჩანთებს მოაბრაგუნებდნენ. თუმცა კი ყველა მოკრძალებით იხდიდა ქუდს დინჯად მომავალი იუპიტერისწვერა უფროსი მასწავლებლის წინაშე, ვოტანისეული ქუდი რომ ეხურა...
- ხომ მოდიხარ, ჰანს? - გასძახა ტონიო კრიოგერმა მეგობარს, რომელსაც კარგა ხანია ქუჩაში ელოდებოდა.
ამხანაგებთან ლაპარაკში გართული ჰანსი ის-ის იყო, ჭიშკრიდან გამოდიოდა და უკვე აპირებდა კიდეც მათ გაჰყოლოდა. ტონიოს ხმაზე მისკენ ღიმილით გამოემართა...
- რაო, მელოდები? - იკითხა და ტონიოს გახედა, - ჰო, მართლა, გამახსენდა! მოდი, ცოტა გავიაროთ.
ტონიომ წუთით ხმა ვერ ამოიღო, თვალებში ნაღველი მოერია. ნუთუ ჰანსს მხოლოდ ახლა გაახსენდა, რომ დღეს, შუადღისას, მცირე ხნით ერთად აპირებდნენ გასეირნებას? არადა, როგორ უხაროდა, როცა ამაზე შეთანხმდნენ!
- აბა, კარგად! - გასძახა ჰანს ჰანსენმა ამხანაგებს, - წავედი. მე და კრიოგერი ერთად გავისეირნებთ ცოტას.
ორივემ მარცხნივ გაუხვია, დანარჩენებმა კი მარჯვნივ აიღეს გეზი.
ჰანსსა და ტონიოს გაკვეთილების შემდეგ მცირეოდენი დრო რჩებოდათ სასეირნოდ, რადგან ორივე ისეთ ოჯახებს განეკუთვნებოდნენ, სადაც მხოლოდ დადგენილ დროს - ოთხ საათზე სადილობდნენ. მათი მამები ცნობილი კომერსანტები იყვნენ, მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი თანამდებობები ეჭირათ და ქალაქში უაღრესად დიდი გავლენითაც სარგებლობდნენ. ჰანსენებს ლამის ადამის მოდგმიდან ეკუთვნოდათ ვეებერთელა ხეტყის საწყობები მდინარის პირას, სადაც მძლავრი სახერხი დანადგარები გაბმული ხრიალ-ღრჭიალით ხერხავდნენ მორებს და სასურველ ზომაზე ჭრიდნენ. ტონიო კი კონსულ კრიოგერის ვაჟი იყო. კრიოგერების დიდ, შავდამღიან მარცვლეულის ტომრებს ყოველდღე დაატარებდნენ ქუჩებში ფირმის ეტლით. ტონიოს წინაპრების დიდი, ძველი სახლი კი ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული და გამორჩეული იყო მთელ ქალაქში.
სასეირნოდ მიმავალ მეგობრებს, იმის გამო, რომ ქალაქში მათ ყველა იცნობდა, გამუდმებით უხდებოდათ ქუდის მოხდა, ხოლო იმდენად პატივდებული ოჯახების შვილები იყვნენ, რომ ზოგიერთი, ასაკით უფროსი, შეხვედრისას მისალმებასაც კი ასწრებდა თოთხმეტი წლის ბიჭებს...
ორივეს სკოლის ჩანთა მხარზე გადაეკიდა. გემოვნებით შერჩეული თბილი სამოსი ეცვათ: ჰანსს მოკლე მეზღვაურის ქურთუკი, მეზღვაურისვე კოსტიუმის განიერი, ლურჯი საყელოთი, მხრებსა და ზურგს რომ უფარავდა, ტონიოს კი ნაცრისფერი, ქამრიანი პალტო. ჰანსს მოკლებაფთიანი მეზღვაურის ქუდი ეხურა, საიდანაც ქერა კულულები მოუჩანდა. ის არაჩვეულებრივად ლამაზი და ტანადი იყო, ვიწრო თეძოებით, განიერი მხრებით, ლურჯი, მკვირცხლი თვალებით და ფოლადივით მოელვარე მახვილი მზერით. ტონიოს შავგვრემანი და ზედმიწევნით სამხრეთული იერის სახე ჰქონდა, მრგვალი ბეწვის ქუდქვეშ მეოცნებე, მუქი და ხშირი წარბებით დაჩრდილული თვალები ოდნავ მორიდებით იმზირებოდნენ, პირი და ნიკაპი ნატიფად გამონაკვთოდა. იგი არეული ნაბიჯით, მოშვებული დადიოდა, მაშინ, როცა ჰანსი შავწინდებიანი გრძელი ფეხებით ასე მოქნილად და რიტმულად დააბიჯებდა...
ტონიო ხმას არ იღებდა. გულდაწყვეტილი იყო. ამ დროს იგი დაშვებულ წარბებს კიდევ უფრო ჭმუხნიდა, ტუჩებს თითქოს სასტვენად ამობურცავდა და თავგადახრილი შორს, სივრცეს მიაპყრობდა მზერას. თავის ამგვარად დაჭერა და სახის ასეთი გამომეტყველება ხშირად სჩვეოდა.
უცებ ჰანსმა ტონიოს ხელი გაუყარა და გვერდულად ამოხედა, რადგან მშვენივრად ხვდებოდა მეგობრის დაღონების მიზეზს. ტონიოსაც ერთბაშად მოეშვა გულზე, თუმცა გზას მაინც დუმილით განაგრძობდა.
- ისე, რომ იცოდე, მე არ დამვიწყებია, ტონიო, - უთხრა ჰანსმა და ტროტუარს დააჩერდა, - უბრალოდ, გავიფიქრე, დღეს გაგვიჭირდებოდა გასეირნება, რადგან ასეთი თოვლ-ჭყაპი და ქარია. მაგრამ, არა უშავს, გამიხარდა, რომ მაინც მელოდებოდი. არადა, მეგონა, უკვე შინ წახვედი და ცოტათი კიდევაც ვბრაზობდი...
ამ სიტყვებმა ტონიოს ერთბაშად ყველა წყენა დაავიწყა, მთელ სხეულში სიხარულის ჟრუანტელმა დაუარა.
- ჰოდა, მოდი, ნანგრევებზე წავიდეთ! - წამოიძახა მკვირცხლად, - მიულენვალისა და ჰოლსტენვალის გავლით სახლამდე მიგაცილებ, ჰანს... რა უშავს, მერე მარტო თუ გავუყვები შინისკენ გზას! ოღონდ დაიმახსოვრე, სხვა დროს შენ გამაცილებ, კარგი?
კაცმა რომ თქვას, ბოლომდე მაინც არ სჯეროდა მეგობრის სიტყვების და მშვენივრადაც გრძნობდა, რომ ჰანსისთვის ბევრად ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა ერთად გასეირნებას, ვიდრე მისთვის. მაგრამ, იმასაც ამჩნევდა, ჰანსი რომ ნანობდა თავის გულმავიწყობას