მეშვიდე ნაწილი
- პირველი თავი ნათლობაა, ნათლობა ბრაიტენშტრასეზე!
ყველაფერი ცხადად აუხდა მადამ პერმანედერს, რაზედაც იმედით აღსავსე დღეებში ოცნებობდა. ყველაფერი! სასადილო ოთახში, მაგიდასთან მოახლე უხმაუროდ საქმიანობს, გვერდით დარბაზში ზეიმს რომ არ შეუშალოს ხელი, და ქაფქაფა შოკოლადით სავსე ფინჯნებში ფრთხილად დებს ათქვეფილ ნაღებს. ნიჟარასავით მომრგვალებულხელიანი ფინჯნები მჭიდროდ ალაგია უზარმაზარ, მრგვალ ლანგარზე. ფარეში ანტონი კოშკივით მაღალ ფხვიერ ტორტს ნაჭრებად ჭრის, მამზელ იუნგმანი კი ვერცხლის ლარნაკებში კანფეტებსა და ახალმოკრეფილ ყვავილებს აწყობს. ხანდახან თავს გვერდზე გადაიგდებს, ორივე ნეკს ფარჩხავს და ნახელავს ამოწმებს.
ცოტაც და, როცა ბატონები სასტუმრო ოთახსა და სალონში დაბრძანდებიან, ყველა ეს მშვენიერება იქით გადაინაცვლებს. იმედია, ტკბილეული ყველას გასწვდება, დღეს ხომ ყველა ახლობელი და ნათესავია აქ შეკრებილი. ოვერდიკების მხრივ ბუდენბროკები კისტენმაკერებსაც ენათესავებიან, ამ უკანასკნელთაგან კი მოლენდორფებს და ასე შემდეგ. ძნელია მათ ნათესაობას კაცმა საზღვარი დაუდოს. ოვერდიკები წვეულებაზე ოჯახის უფროსით არიან წარმოდგენილი. დიახ, აქ ბრძანდება ოთხმოც წელს გადაბიჯებული დოქტორი კასპარ ოვერდიკი, ქალაქის მმართველი გუბერნატორი.
გუბერნატორი კარეტით მობრძანდა, ერთი ხელით თავის მოკაუჭებულ ჯოხს დაეყრდნო, მეორით თომას ბუდენბროკის მკლავს და კიბე ასე ამოათავა. მისი სტუმრობა დღესასწაულს ღირსებასა და პატივს მატებს... ეს ზეიმი კი უეჭველად ღირსია ამ პატივისა.
იქ, დარბაზში, საკურთხევლის მსგავსად შებურვილ, ყვავილებით მორთულ პატარა მაგიდასთან თოვლივით ქათქათა, გახამებული ჟაბოთი ყელდამშვენებული, შავად შემოსილი ახალგაზრდა მღვდელი ღაღადებს. მის წინ წითელ-ყვითლებში მორთული წარმოსადეგი, ნაპატივები დედაკაცი დგას და მსუქანი ხელებით მაქმანებსა და ატლასის ლენტებში ჩაფლული რაღაც არსება უჭირავს.
მემკვიდრე დაიბადა! გვარის გამგრძელებელი, ბუდენბროკი დაიბადა! გესმით, რას ნიშნავს ეს?
გაიგებს კაცი, როგორი რუდუნებით წაიღეს ბრაიტენშტრასედან მენგშტრასეზე პირველი, ფრთხილი, ჯერ კიდევ საეჭვო ცნობა? გაიგებს ვინმე ფრაუ პერმანედერის უსიტყვო ენთუზიაზმს? ანტონიამ ეს ამბავი შეიტყო თუ არა, ჯერ დედას მოეხვია, შემდეგ ძმას და უფრო სათუთად კი რძალი გადაკოცნა.
ახლა კი დადგა გაზაფხული, 61 წლის გაზაფხული, და იგი უკვე აქ არის, ნათლობის წმინდა საიდუმლოებას ეზიარება, ის, ვისზეც ამდენ იმედს ამყარებდნენ, ვისზეც ამდენ ხანს ლაპარაკობდნენ, ვისაც წლების განმავლობაში გულის ფანცქალით ელოდნენ, ვისთვისაც ლოცულობდნენ, ვის გაჩენასაც ღმერთს ევედრებოდნენ და ვისთვისაც ექიმ გრაბოვს ტანჯავდნენ. ის ახლა აქ არის და საკმაოდ უღიმღამოდ გამოიყურება. პაწაწა ხელებით ძიძის ქამარზე შებმულ ოქრომკედის ზონრებს ეთამაშება, არშიამოვლებული ცისფერი ჩაჩით შებურვილი თავი პასტორისკენ მიუბრუნებია. თავი ბალიშზე ოდნავ გვერდზე უდევს. მისი, თითქმის მოხუცივით ჭკვიანი თვალები დარბაზისა და ნათესავებისკენ იმზირებიან. ამ თვალებს ზედა ქუთუთოებზე უზომოდ გრძელი წამწამები აფენია, მამის თვალების ცისფერი და დედისეული მუქი თაფლისფერი გაურკვეველ, სანთლებზე ცვალებად მუქოქროსფრად ქცეულა. ცხვირის ორივე მხარეს ჩაცვენილი უპეები მოლურჯო ჩრდილებით აქვს ამოღამებული. ეს ამ პაწაწინა სახეს დამახასიათებელ გამომეტყველებას აძლევს და მის ოთხი კვირის ასაკს არაფრით არ შეეფერება; მაგრამ ღმერთია მოწყალე, რომ ეს ამბავი ცუდს არაფერს მოასწავებს; დედამისსაც არ აკლია ჯანი, თუმცა თვალებქვეშ მასაც ასეთივე ლურჯი ჩრდილები აფენია... ასეა თუ ისე, ის ცოცხალია და ბიჭის გაჩენამ ოთხი კვირის წინ სიხარული შემოიტანა ბუდენბროკების ოჯახში.
ის ცოცხალია, შეიძლებოდა კი საქმე სხვაგვარად ყოფილიყო. კონსულს არასოდეს დაავიწყდება, როგორ ჩამოართვა დოქტორმა გრაბოვმა ხელი, როცა საშიშროებამ გაიარა და ექიმს ამოსუნთქვის საშუალება მიეცა.
- ღმერთს უმადლოდეთ, ჩემო ძვირფასო მეგობარო, თორემ ცოტაც და...
კონსულმა ვერ გაბედა ექიმის სიტყვები დაესრულებინა. ახლაც ძრწოლით იშორებს თავიდან საშინელ ფიქრს, რომ შეიძლებოდა ამქვეყნად ასე საოცრად, უხმოდ მოვლენილ და ამდენ ხანს გულში ნალოლიავებ პაწაწა არსებას ანტონიას მეორე ქალიშვილის ბედი რგებოდა. მაგრამ ვინ იცის, რომ დედამ და ბავშვმა ოთხი კვირის წინ სახიფათო წუთები გამოიარეს და კონსული ნაზი, ბედნიერი ღიმილით იხრება მეუღლისკენ. გერდას ლაქის ფეხსაცმელებით შემოსილი ფეხები ხავერდის ბალიშზე გადაჯვარედინებულად დაუწყვია და მოხუცი ქალბატონი ბუდენბროკის გვერდით ზის სავარძელში.
რა ფერმკრთალია ჯერ კიდევ გერდა! რა უცხო მშვენებას მატებს ეს სიფითრე ხშირი, მუქი სპილენძისფერი თმითა და იდუმალებით აღსავსე თვალებით შემკულ სახეს. გერდას ფარული დაცინვით აღსავსე მზერა პასტორისთვის მიუპყრია. ეს არის ბატონი ანდრეას პრინგსჰაიმი, pastor marianus.
იგი მოხუცი კოლინგის უეცარი სიკვდილის წყალობით ჯერ კიდევ ახალგაზრდა აღზევებულა მღვდელმთავრის ტახტზე. შეტყუპებული ხელები ზეაწეულ ნიკაპთან მიუტანია. პასტორს ქერა, მოკლედ დაყენებული ხვეული თმა აქვს და გამხდარი, სუფთად გაპარსული სახე. სახეზე ხან ფანატიკური სიმკაცრე ესახება, ხან გაცისკროვნება და ეს ცოტა თეატრალურ იერს ანიჭებს. პასტორი ფრანკონიელია, იქ კათოლიკეებს შორის პატარა, ლუთერანი მრევლი ჰყოლია შემოკრებილი. უზადო და პათეტიკური მეტყველებისკენ სწრაფვას მის