პირველი ნაწილი
პირველი თავი
- „რომელ არს ესე... რომელ არს ესე“...
- დიახ, ეშმაკმა წაიღოს, c’est la question, ma trés chére demoiselle!
(კითხვაც ეგ გახლავთ, ჩემო ძვირფასო მადმუაზელ (ფრანგ.)) კონსულის მეუღლე, მადამ ბუდენბროკი, დედამთილის გვერდით იჯდა თეთრად გალაქულ, ყვითელ ქსოვილგადაკრულ გრძელ სოფაზე, რომელსაც ლომის მოოქრული თავი ამშვენებდა. მან იქვე, სავარძელში მჯდომ მეუღლეს ესროლა მზერა და თავის პატარა ასულს მიეშველა. გოგონა ფანჯარასთან ბაბუას ესვა მუხლებზე.
- ტონი! - თქვა მან, - „მწამს, მამა ღმერთმა“...
პატარა ანტონიამ, მარმაშა, მოლივლივე აბრეშუმის კაბაში გამოწყობილმა ნაზმა რვა წლის გოგონამ კოხტა, ქერა თავი მოატრიალა, ერთხელ კიდევ გაიმეორა, რომელ არს ესეო და ნელა განაგრძო:
- „მწამს, მამა ღმერთმა, - უცებ სახე გაუნათდა და სწრაფად დაუმატა, - შემქმნა, ვითარცა სულიერი ყოველი“, - გაკვალულ ბილიკზე შემდგარმა, ბედნიერებით სახეგაცისკროვნებულმა ტონიმ კატეხიზმოს მთელი მუხლი სულმოუთქმელად ჩამოარაკრაკა. ეს კატეხიზმო სულ ახლახან, 1835 წელს, დიდად გონიერი უმაღლესი სენატის ნებითა და სურვილით გამოვიდა. „სხაპასხუპით რომ მიაყრი, - ფიქრობდა ტონი, - ასე გგონია, ზამთარია და ძმებთან ერთად „იერუსალიმის მთიდან“ ციგით მოსრიალებ, თითქოს აზრებს თავს ვეღარ უჭერ და ძალიანაც რომ მოინდომო, ვერ შეჩერდები“.
- „მასთან ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, - განაგრძობდა ტონი, - სასმელ-საჭმელი, კარ-მიდამო, ცოლ-შვილი, ყანა და საქონელი“...
ამ სიტყვების გაგონებაზე მოხუცმა მუსიო იოჰან ბუდენბროკმა ვეღარ მოითმინა და გულიანად გადაიხარხარა. მოხუცი ხმამაღლა და დამცინავად ხითხითებდა. ეს სიცილი სწორედ ამ სიტყვებისთვის ჰქონდა საგანგებოდ მომზადებული, უხაროდა, რომ კატეხიზმოს გამასხარავების შემთხვევა მიეცა.
ალბათ, ეს პატარა გამოცდაც მხოლოდ ამისთვის იყო გამიზნული. იოჰან ბუდენბროკმა ტონის გამოჰკითხა, რა ყანა-საქონლის პატრონი ბრძანდები, თითო ტომარა ხორბალში რამდენს ინებებო და გოგონას იქვე შესთავაზა, აღებმიცემობაზე მოვრიგდეთო.
იოჰან ბუდენბროკის მრგვალი, ვარდისფრად აღაჟღაჟებული კეთილი სახე, რომელსაც იგი, ბევრსაც რომ ცდილიყო, ბოროტ გამომეტყველებას ვერ მისცემდა, თოვლისფრად გაპუდრული თმის ჩარჩოში იყო ჩასმული, ხოლო ნაწნავისმაგვარი კიკინა მისი თაგვისფერი სერთუკის განიერ საყელომდე ეშვებოდა. სამოცდაათ წელს მიღწეული ბერიკაცი თავისი ახალგაზრდობის დროინდელ მოდას არ ღალატობდა. სერთუკის ღილებშუა ჩასაყოლებელ სირმასა და დიდ ჯიბეებს კი შელეოდა, მაგრამ გრძელი შარვალი თავის სიცოცხლეში არ ჩაუცვამს. მოხუცის ორმაგი, ფაფუკი ღაბაბი თეთრმაქმანიან ჟაბოზე მშვიდად განისვენებდა.
ალბათ, პატივისცემის გამო, ოჯახისთავს სიცილში ყველამ აუბა მხარი... მადამ ანტუანეტა ბუდენბროკი, ქალიშვილობაში დიუშანი, მეუღლესავით ახითხითდა. იგი წარმოსადეგი ქალი იყო, ყურებზე ჩამოვარცხნილი თეთრი კულულები, უსამკაულო, შავი, ნაცრისფერზოლიანი კაბა მის სისადავესა და უბრალოებას მოწმობდა. მადამ ანტუანეტას ჯერ კიდევ მშვენიერ, თეთრ ხელებში პატარა ხავერდის ქისა - „პომპადური“ ეჭირა. წლების განმავლობაში მოხუცი ქალბატონი სახის ნაკვთებით მეუღლეს საოცრად დამსგავსებოდა, ისე, რომ მის სანახევროდ რომანულ წარმოშობას მუქი, ცოცხალი თვალების ჭრილიღა ამხელდა. მადამ ბუდენბროკი ჰამბურგში გადასახლებული ფრანგულ-შვეიცარიული ოჯახის ნაშიერი გახლდათ.
მისი რძალი, კონსულის მეუღლე, კროგერების შთამომავალი ელიზაბეტ ბუდენბროკი, კროგერებისებურად იცინოდა, გაურკვეველ ფშვინვიერ ბგერას გამოსცემდა და სიცილის დროს ნიკაპს მკერდზე იბჯენდა. ყველა კროგერის მსგავსად, ისიც ელეგანტურობით გამოირჩეოდა. მზეთუნახავს ვერ ეტყოდით, მაგრამ სუფთა ხმით, სიმშვიდით, სიდინჯითა და სინარნარით თითქოს ყველას ნათელს ჰფენდა და ნდობას უნერგავდა. მის სპილენძისფერ, კეფაზე დაგრაგნილ და ყურებზე ჩამოწეულ მსხვილ, ხელოვნურ კულულებს აქა-იქ გაბნეული პაწაწკინტელა ჭორფლით დაწინწკლული არაჩვეულებრივად ნაზი, რძისფერი პირისკანი მეტისმეტად შვენოდა. ელიზაბეტ ბუდენბროკის მოგრძოცხვირიან, პატარა ტუჩებით შემკულ სახეს კიდევ ერთი რამ ჰქონდა დამახასიათებელი - ნიკაპსა და ქვედა ტუჩს შორის არავითარი ღრმული არ აჩნდა.
ხასხასა ყვავილებით მოჩითულ ჰაეროვანი აბრეშუმის ვიწრო ქვედაკაბაზე შემოცმული ფუშფუშასახელოებიანი მოკლე ჟაკეტი კონსულის მეუღლეს უზადოდ მშვენიერ ყელს უჩენდა... ყელზე შემოჭდობილ პრიალა ატლასის ლენტზე ბრილიანტები უციმციმებდა.
კონსული სავარძელში მოუსვენრად აცმუტდა. მას ღია ყავისფერი, ფართოგადანაკეცებიანი, იდაყვებამდე შემოსხეპილი სერთუკი ეცვა. ფეხზე შემოკვართულ თეთრ შარვალს გვერდებზე შავი ზოლები ჩაუდიოდა, მაღალ, გაშეშებულ საყელოზე შემოსკვნილი აბრეშუმის ფართო ყელსახვევი ჭრელი ჟილეტის გულისპირს მთლიანად უვსებდა. კონსულს მამის ღრმად ჩამჯდარი, ლურჯი, ყურადღებიანი, მაგრამ უფრო მეოცნებე თვალები გამოჰყოლოდა, სახის ნაკვთები კი შედარებით მკაცრი და გამოკვეთილი ჰქონდა, კეხიანი ცხვირი წინ ჯიუტად წამოსწეოდა, ხოლო უფრო გამხდარ ლოყებს ხუჭუჭა, ქერა წვერი სანახევროდ უფარავდა.
მადამ ბუდენბროკი რძალს მიუბრუნდა, მკლავზე ხელი შეავლო, მუხლებზე დააჩერდა და ჩაიხითხითა:
- Mon vieux
(ჩემმა ბერიკაცმა (ფრანგ.).) ყოველთვის ასე იცის, არა, ბეტსი?
სიტყვა „ყოველთვის“ მადამ ანტუანეტამ უცნაურად გამოთქვა.
კონსულის მეუღლეს არაფერი უთქვამს, მხოლოდ მუქარით გააქნია ნაზი ხელი. ოქროს სამაჯურმა წყნარად გაიწკრიალა. ელიზაბეტმა თითები, ჩვეულებისამებრ, ტუჩის კიდიდან შუბლამდე აიცურა, თითქოს