თავი მეექვსე თოვლი დღეში ხუთჯერ ისმოდა შვიდივე მაგიდაზე წლევანდელი ზამთრის ერთსულოვანი საყვედურები: მაღალმთიანეთი ზამთარზე დაკისრებულ მოვალეობას ცუდად ასრულებსო, იმ მეტეოროლოგიურ სამკურნალო თვისებებს, რასაც ეს მხარე თავის დიდებას უმადლის, იმ დოზით არ გვთავაზობს, როგორც ეს პროექტში წერია, ან როგორც ამას აქ ხანმოთეულები იყვნენ ჩვეულნი, ახალბედებს კი ხატოვნად წარმოდგენილი ჰქონდათო. მნიშვნელოვან გამაჯანსაღებელ ფაქტორს მოკლებულნი ვართ, ურომლისოდაც გამოჯანსაღება ნამდვილად გვიჭიანურდებაო... და რაც უნდა დაეჭვებულიყო ბატონი სეტემბრინი, ბერგჰოფელი ავადმყოფები გულწრფელად არ ცდილობენ მალე გამოჯანსაღდნენ და „სამშობლოდან“ ბარში მალე დაბრუნდნენო, ერთი რამ ცხადი იყო: ისინი ყველაფერს მოითხოვდნენ, რაც ერგებოდათ, მოითხოვდნენ იმ ხარჯების სრულ ანაზღაურებას, რასაც მათი გულისთვის ეწეოდნენ მათი მშობლები და თანამეცხედრეები და სუფრასთან იქნებოდა ეს, ლიფტსა თუ ვესტიბიულში, გაუთავებლად ბუზღუნებდნენ ხოლმე. თავის მხრივ, დირექცია თავს არ ზოგავდა, რომ მათთვის ზარალი როგორმე აენაზღაურებინა. შეიძინეს „ხელოვნური მთის მზის“ ახალი აპარატი, რადგან ელექტრომზით გაშავების მსურველებს აქამდე არსებული ორი „მზე“ ვეღარ აუდიოდა - ნამზეური ქალებსა და გოგონებს ამშვენიერებდა, მამაკაცთა სამყაროს კი, ცხოვრების ჰორიზონტალური წესის მიუხედავად, სპორტსმენისა და გულთამპყრობლის დიდებულ იერს ანიჭებდა, და ეს იერი თავის ნაყოფსაც იმკიდა: ქალებს მშვენივრად მოეხსენებოდათ, ეს ვაჟკაცური იერი ტექნიკურ-კოსმეტიკური წარმომავლობისა რომ იყო, მაგრამ ჭკუა არ ჰყოფნიდათ, თუ პირიქით, საკმაოდ გამობრძმედილნი იყვნენ და ცრუ გრძნობებს დახარბებულნი, არ ვიცით, მაგრამ ეს კია, რომ ილუზიებით თავს იბრუებდნენ და ქალურ სისუსტეს ნებდებოდნენ ხოლმე.
- ღმერთო ჩემო, - ეუბნებოდა ფრაუ შონფელდი, ჟღალთმიანი, თვალებჩაწითლებული ბერლინელი ქალი, საღამოს ვესტიბიულში თავის გრძელფეხება, მკერდჩავარდნილ კავალერს, რომელსაც სადარბაზო ბარათზე ეწერა „Aviateur diplômé et Enseigne de la Marine allemande
“
(გერმანელთა ფლოტის დიპლომიანი ავიატორი და ლეიტენანტი (ფრანგ.).) და ფერდი კი პნევმოთორაქსით ჰქონდა დამშვენებული. სხვათა შორის, ეს კავალერი სადილზე სმოკინგით ცხადდებოდა, საღამოს კი ტანსაცმელს იცვლიდა, აქაოდა, ფლოტში ასეა მიღებულიო, - ღმერთო ჩემო, - ეუბნებოდა ქალი და თვალებით ჭამდა Enseigne
-ს(ლეიტენანტი (ფრანგ.). )
- რა დიდებულად გაშავებულა ეს ეშმაკი მთის მზეზე! პირდაპირ არწივზე მონადირეს ჰგავს!
- დამაცა, ქალო! - ლიფტში ზედ მის ყურთან დაიჩურჩულა ლეიტენანტმა და ქალს ტანში ჟრუანტელმა დაუარა, - მაგ თვალების ჟუჟუნს განანებთ, იცოდეთ!
ჰოდა, ეს ეშმაკი და არწივზე მონადირე აივნებზე, მინის ტიხრებშუა მიძვრებოდა და ქალისკენ მიმავალ გზას მშვენივრად იგნებდა...
ხელოვნურ მთის მზეს ბევრი აკლდა იქამდე, რომ წლევანდელი დანაკლისი აენაზღაურებინა და ნამდვილი მზის შუქის მაგივრობა გაეწია. თვეში ორი ან სამი ჩახჩახა, მზიანი დღე თუ გამოერეოდა, აი, ისეთი, ქათქათა მწვერვალებს უკან ხავერდივით ჩამუქებული ლაჟვარდი რომ მოჩანდა, თოვლი ალმასივით ციმციმებდა, მზე კი რუხ ნისლსა და ჩამოწოლილ ღრუბლებს ჯაბნიდა, სხივებს დიდებულად აფრქვევდა და ადამიანებს სახესა და კეფაზე აცხუნებდა - კვირების მანძილზე ორი თუ სამი ასეთი დღე სულაც არ კმაროდა იმ ხალხის გუნება-განწყობის გამოსაკეთებლად, ვისთვისაც ბედს თავის დასაშოშმინებლად უჩვეულო პრეტენზიების უფლება მიენიჭებინა, ისინი სულის სიღრმეში დიდ გულზე იყვნენ, ბარის საზოგადოებაში რომ არ ვურევივართ, მის სიხარულსა და ტკივილს მოკლებულნი რომ ვართ, სამაგიეროდ, თუნდაც უსიცოცხლო, მაგრამ იოლი და საამური ცხოვრება უნდა მოგვენიჭოს, იმდენად უზრუნველი და კეთილმოწყობილი, რომ დროის კატეგორია ჩვენთვის აღარ არსებობდესო. ამაოდ მოაგონებდა ჰოფრატი თავის მრევლს, რაც უნდა იყოს, ბერგჰოფში ყოფნა კატორღასა და ციმბირის მაღაროებში ყოფნას მაინც არ ნიშნავსო, ახლა აქაურ ჰაერს აღარ იკითხავთ, გაიშვიათებული და მჩატე რომ არის, ლამის კოსმოსურ, დაცლილ ეთერს ჰგავს, მიწიერი, არც კეთილი და არც ბოროტი, შიგ არაფერი ურევია, თუნდაც მზე არ ანათებდეს, ეს ჰაერი ბარის კვამლსა და ოხშივარს მაინც სჯობიაო. უკმაყოფილება და პროტესტი მაინც იზრდებოდა, ბევრი იმუქრებოდა, უნებართვოდ წავალო და მიდიოდა კიდეც, არად დაგიდევდნენ, წინ თვალსაჩინო მაგალითად რომ ედოთ ფრაუ ზალომონის ამასწინანდელი ტრაგიკული დაბრუნება. წინათ ფრაუ ზალომონს, მართალია, ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდებოდა, მაგრამ მძიმე ავადმყოფი არ ეთქმოდა, ახლა კი, ნესტიან და ქარიან ამსტერდამში თვითნებურად ყოფნის წყალობით მისი სნეულება განუკურნებელი გამხდარიყო...
სამაგიეროდ, მზის ნაცვლად იყო თოვლი, თოვლის უზარმაზარი მთები, იმდენი თოვლი, ჰანს კასტორპს თავის სიცოცხლეში რომ არ ენახა. ამ მხრივ თავი არც შარშანდელ ზამთარს შეურცხვენია, მაგრამ ამ დიდთოვლობასთან შედარებით მისი მიღწევები სათვალავში ჩასაგდები არ იყო. ზამთრის უსაზღვრო, არაჩვეულებრივი ძალა ავანტიურიზმისა და ექსცენტრიკულობის გუნებაზე გაყენებდა. თოვდა დღედაღამ, გადაუღებლად თოვდა, ხან მეჩხრად, ხან ბარდნიდა, მაგრამ თოვდა და თოვდა. რამდენიმე გაკვალული ბილიკიც ხეობებს დაემსგავსა, რადგან კაცზე მაღალ კედლებს შორის აღმოჩნდნენ მოქცეულნი,