ბუმერანგის პრინციპი
დეკემბრიდან მოყოლებული, გუდაურში წასვლაზე ვოცნებობდი, ნანატრი დღე კი მხოლოდ აპრილში დადგა, როცა თოვლმა დნობა დაიწყო, სამთო-სათხილამურო კურორტს კი უკანასკნელი მოჰიკანებივით შემორჩნენ თავზეხელაღებული სპორტსმენები, სუფთა ჰაერს დახარბებული მოცლილები და მე - წერას ატანილი იათამზე მდივანი. გუდაურში ჩემს ქმარს, დათა მეტრეველს ჩამოვყევი, ის, თავის მხრივ, ექიმთა დახელოვნების საერთაშორისო სემინარს ჩამოჰყვა. რომ გითხრათ, ქართველი და უცხოელი მედიკოსები ოცდაოთხი საათის განმავლობაში „სემინარობდნენ“, მოგატყუებთ, თუმცა, ზრდილობის გულისთვის სამი-ოთხი საათით ოვალურ დარბაზში იკეტებოდნენ და „დახელოვნებაზე“ მეტად მსოფლიო გადანაწილების ახალ წესრიგს განიხილავდნენ. იყო ერთი ყაყანი და აზრთა ფრქვევა.
ვიდრე ისინი „განიხილავდნენ“, მე მდნარ თოვლზე სრიალში ვვარჯიშობდი, რასაც ჩემი ახალთახალი კომბინეზონი შეეწირა - საბაგიროს სკამიდან მოხდენილი სკუპისას ქამრის ბალთა ლურსმანს გამოედო, მე გავიწიე, კომბინეზონმა არ გამიშვა და ისეთ უადგილო ადგილას გაიხა, ზურგზე აწეპებული თხილამურებით შევიძურწე სასტუმროში.
სოფო ვაშაკიძემ მიშველა, ერთი ინგლისელი მედიკოსის ქართველმა თარჯიმანმა, საკუთარი, „გაეროს“ დროშებით მოჩითული კომბინეზონი შემომთავაზა. ლურჯ ფონზე აბრდღვიალებული ოქროსფერი ვარსკვლავებით „ათას ერთი ღამის“ გარემიქსებულ გმირს ვგავდი, მაგრამ იხტიბარი არ გამიტეხავს, გაათმაგებული ენთუზიაზმით შევუდექი მწვერვალის დაპყრობას და ლამის კისერი მოვიტეხე.
არ გადავახტები მოვლენებს, დავიწყებ თანმიმდევრობით, თქვენ კი განსაჯეთ - მე ვეძებ ექსტრიმს (როგორც ზოგიერთები მაბრალებენ), თუ პირიქით - ის მეძებს მე მაშინაც კი, როცა აზრად არ მომსვლია სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა.
რაღა ბევრი გავაგრძელო, სოფოს კომბინეზონში ჩავეკვეხე, ჯოხები აღვმართე და ყოჩაღად გავეშურე დნობაშეპარულ თოვლში რეკორდის დასამყარებლად.
საბაგირო გზა ჯერ ისევ მუშაობდა, ალბათ ჩემსავით ჭყუმპალაობის მოყვარულთათვის, რომლებიც აქა-იქ ეკიდნენ საბაგირო სკამებზე. ერთმა ექსტრავაგანტურმა წყვილმა, რომელიც ახლა წინ მიირწეოდა, ჯერ კიდევ სასტუმროში მიიქცია ჩემი ყურადღება. მარტო ქალის სახელი რად ღირდა - გაბრიელა. ახლა პროფესიას არ იკითხავთ? ექსტრასენსი. ახლა საყვარელს არ შეხედავთ? ორი წვეთი ლეონარდო დიკაპრიო. ბარემ ასაკითაც გაგაოცებთ და მოვრჩეთ გაჭორვას. ქალი, სახელად გაბრიელა, ლამის დედად ეკუთვნოდა ნორჩ „დიკაპრიოს“ . მისი ხაზგასმული გულგრილობა გარშემომყოფთა მიმართ თავდაცვას უფრო ჰგავდა, ვიდრე ხასიათის თავისებურებას. მომნუსხველ შავ თვალებში ისეთი სევდა ბუდობდა, ეჭვი მაქვს, კარმენისეული იმიჯის მიღმა ბარაკში გაზრდილი მკითხავი სუსანა იმალებოდა - უცაბედად გამდიდრებული და სამუდამოდ გაკვირვებული. არ ვიცი, რის ფასად უჯდებოდა „წვეთოვან დიკაპრიოს“ გაბრიელას ბოტოქსით დაბერილი ტუჩების ამბორი, ფაქტი ერთია, ნაბიჯს არ დგამდნენ უერთმანეთოდ.
ჩემ უკან, საპატიო მანძილზე ირწეოდა აზერბაიჯანელი იმუნოლოგი ამირ ხალილოვი. ეს ამირი დათამ გამაცნო, როგორც ნიჭიერი ექიმი და, უბრალოდ, ჩვენიანი, ანუ დიდი საბჭოთა კავშირის პატარა ანასხლეტი. დათას განსაკუთრებული სიმპათია აქვს მსგავსი „ანასხლეტების“ მიმართ. არასოდეს მოიხსენიებს ისე თბილად ამერიკელ კოლეგას, როგორც, დავუშვათ, უკრაინელს, სომეხს ან ტაჯიკს... ალბათ ენობრივი ბარიერის გამო. ინგლისური რომ ისე ბრწყინვალედ იცოდეს, როგორც რუსული, მისი ინტერნაციონალური გული ალბათ მსოფლიოს ყველა მოქალაქისთვის ფართოდ გაიღებოდა. ან არ გაიღებოდა... საერთო წარსული აახლოებს ადამიანებს, თუკი იმ წარსულში თავი ახალგაზრდა და სიცოცხლით სავსე გახსოვს, პრინციპულად გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, სად იცხოვრე - დემოკრატიის შუქურად წოდებულ ამერიკაში თუ ბოროტების იმპერიად წოდებულ საბჭოეთში. რაც მთავარია, ყოფილ საბჭოელებს, უკლებლივ ყველას, ჩემი დათას ჩათვლით, განათლება მოსკოვში ჰქონდათ მიღებული. მომავალი მეან-გინეკოლოგი კარიერას რომ რუსეთში დაიწყებს, ხომ წარმოსადგენია, რამდენი ექნება გასახსენებელი...
ამჯერად დანიშნულების ადგილზე დავხტი. არც ზევით, არც ქვევით, რაც მთავარია, ნათხოვარი კომბინეზონი არ დავაზარალე და ხალისიანად გავსრიალდი უახლოესი მთისკენ.
ფილტვებში ჟანგბადით გაძეძგილმა ჰაერმა გაიშხუილა, სისხლში - ადრენალინმა, ხოლო როცა ზევიდან გადავხედე წინ გადაშლილ პეიზაჟს, ნეტარებისგან სუნთქვა შემეკრა. თოვლის ქვეშ გატრუნული მთები ისე ბრწყინავდა, ფოტოაპარატი ვინატრე. ძალაუნებურად ჩავაპაჭუნე თვალები, ასე ვთქვათ, კადრები აღვბეჭდე.
გუდაურში იანვარში დავდივარ ხოლმე, როცა ფერდობებსა და ფლატეებს არიან შეფენილნი. ყოველი მხრიდან ისმის - „დამელოდე“, „დამეწიე“, „რიგი დამიკავე“, „აბონემენტი მათხოვე“...
ახლა კი აქ ისეთი აკლდამისებური სიჩუმეა, არწივის გაფრენას გაიგებს კაცი.
თითქოს ჩემს ფიქრებს გამოეხმაურაო, ცაზე არწივი არა, მაგრამ ნამდვილი ორბი დაიხატა. მართალია, ფრთების ტყლაშუნი არ გამიგონია, მაგრამ სიდიადის კიდევ ერთი შემოტევა ვიგრძენი. ორბი ისე ელეგანტურად, ისე გრაციოზულად მიფრინავდა, მის ადგილზე ყოფნა ვინატრე. თხილამურებზე ქროლა რაღაცით ფრენას ჰგავს, იმიტომაც მიყვარს...
ნაცრისფრად შეკრული ცის დანახვაზე ხასიათი წამიხდა. გული მიგრძნობს, ამ სეზონზე ეს ჩემი ბოლო დაშვებაა. ხვალ ამინდი გაფუჭდება.
ის იყო, სტარტისთვის მოვემზადე, რომ ზურგში ძლიერი დარტყმა ვიგრძენი.
თავბრუდამხვევი სისწრაფით დავეშვი დაბლა, წონასწორობა დავკარგე და ცხვირ-პირით თოვლიან გორაკს შევასკდი.
მორჩა, დადგა