მაკიაჟი მიცვალებულთათვის
თვითმფრინავმა კარგა მანძილი გაირბინა, გიგანტურ თოლიასავით ბღუილით აიჭრა ცაში და დასავლეთისკენ გაუჩინარდა.
შვებით ამოვისუნთქე. არ იფიქროთ, ქმრის მივლინებაში გამგზავრება მიხარია, პირიქით, ზომიერების ფარგლებში გულიც კი მწყდება. სულაც არ მეხალისება შემოდგომის გრძელი საღამოები ტელევიზორის წინ გავატარო, მაგრამ დათას დიდი ხანია უნდოდა ალბიონის მონახულება, ქმრის სურვილი კი ჩემთვის კანონია. ეს ისე, თავის გასამხნევებლად, რაღაცით ხომ უნდა გავამართლო მეუღლის განშორებით გამოწვეული აუხსნელი ფორიაქი.
ერთი ანეკდოტი მახსენდება. მსახიობ ცოლ-ქმარს ეკითხებიან: როგორ მოახერხეთ ამდენი წელი ოჯახის შენარჩუნებაო და მიუგეს, - სულ გასტროლებზე ვიყავით, სად გვქონდა კინკლაობის ფუფუნებაო. დააკვირდით - „ფუფუნება“, რაც იმას ნიშნავს, რომ სრული ჰარმონია ბუნებაში არ არსებობს. კინკლაობა ისეთივე აუცილებელი ნაწილია ცოლქმრული ურთიერთობისა, როგორც კერძისთვის მარილი. მე და ჩემი ქმარი არ ვართ მსახიობები, დათა მეან-გინეკოლოგია, მე - მასწავლებელი, თეატრში იმ იშვიათ შემთხვევაში დავდივართ, როცა მოსაწვევებს გვჩუქნიან, ოპერაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია... ოპერაში ჩემს ბედნიერ ბავშვობაში იმდენი ვიარე, მთელი დარჩენილი ცხოვრება მეყოფა. ალბათ გაინტერესებთ, ვინ არის ეს გაუნათლებელი სუბიექტი, ვინ მისცა უფლება აგდებულად ილაპარაკოს კულტურულ ღონისძიებებზეო? იათამზე მდივანი გახლავარ, აზრის გამოთქმა კი ჩემი კონსტიტუციური უფლებაა, თანაც გულშიც არ გამივლია თეატრალების დაკნინება, პირიქით, მართლა შურით მშურს იმ ოჯახებისა, დიდიან-პატარიანად რომ დაეწყობიან ხოლმე გახმაურებული სპექტაკლის სანახავად. პირადად მე ასეთ ოჯახში გავიზარდე, ბებიაჩემს სუნთქვა არ შეეძლო ოპერის გარეშე, ზეპირად იცოდა ცნობილი არიები. მის თეატრში მსვლელობას წინ უძღოდა რიტუალების მთელი სერია - თანამოაზრეებთან შეთანხმება, კაბის შერჩევა, შლაპისა და კლატჩის შეხამება, საღამოს მაკიაჟი, მძაფრი სუნამო, საგვარეულო სამკაული... ქეთუსია ბებია კაცობრიობას ორ კატეგორიად ჰყოფდა - ოპერის მოყვარულები და დანარჩენები. დანარჩენებს ზევიდან უყურებდა, როგორც უმაღლესი კასტის ბრაჰმანი მდაბიო ქშარტიებს. ქშარტიებში დროგამოშვებით ოჯახის წევრებიც ვხვდებოდით, ისინი, ვინც არ იზიარებდნენ ბებიას შემოქმედებით ენთუზიაზმს. სიის თავში მამაჩემი გახლდათ - ყველაზე მოურჯულებელი ქშარტია, წარმოშობით აზნაური (პრაქტიკულად გლეხი), პროფესიით გეოლოგი, რომელმაც „შეაცდინა“ ქეთუსიას არისტოკრატი (დედის მხრიდან) ქალიშვილი, ანუ დედაჩემი და ბუნტისთავი შვილები შვა (მე და ჩემი და).
ბინდდებოდა, როცა აეროპორტის შენობა დავტოვე. სუსხიანმა ნიავმა შარფი სახესთან ამიფრიალა. ასე იცის თბილისში, უცებ აცივდება ხოლმე, საშემოდგომო სეზონის სრული პაკეტი კი უქმად მიკიდია კარადაში. განსაკუთრებით, ერთი პიჯაკის ჩაუცმელობა მაღელვებს, ამ ზაფხულს დედამ ჩამომიტანა მოსკოვიდან. ცოტა მყვირალა ფერისაა - ნარინჯისფერი, სამაგიეროდ, სადაფის ღილები აქვს და „ვალენტინოს“ ბირკა არტყია. კოლეჯში პიჯაკის გამომზეურება დამენანა, ლონდონში არავინ მეპატიჟება, ის დროა, ცხონებულ ბებიას მივბაძო და თეატრს ვესტუმრო.
ავტოსადგომზე იდგა ჩემი შპაკლიანი „ოპელი“. ავტოფარეხში შესვლისას მანძილი ვერ გავთვალე და უკანა ბამპერი ბეტონის პარაპეტს გავუსვი. იმავე დღეს გავიქეცი ხელოსანთან, დავაშპაკვლინე, მაგრამ შეღებვას ვერ დავაყენე საშველი. ამ დღეებში უსათუოდ მოვიცლი.
ცხადია, იმ მომენტში წარმოდგენა არ მქონდა, თუ რა მელოდა „ამ დღეებში...“
ძრავა ჩავრთე, ფარები ავანთე და ჩავფიქრდი. შინ წავიდე თუ ლელასთან, ჩემს უფროს დასთან, რომელსაც ყოველთვის მოეპოვება ცხელ-ცხელი საოჯახო ჭორები და ადამიანური საჭმელი, ისიც ცხელი. გაზქურასთან ტრიალის არც დრო მაქვს, არც სურვილი, მით უმეტეს, მთავარი მჭამელი თვითმფრინავში მეგულება. გადაწყდა, ლელასთან მივდივარ.
უცებ გვერდითა კარი გაიღო და სალონში ვიღაც ქალიშვილმა შემოიჭყიტა.
- საღამო მშვიდობისა.
- საღამო მშვიდობისა, - გაკვირვებულმა შევათვალიერე. აშკარად პირველად ვხედავდი.
- ქალაქში მიდიხართ?
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
- დაგემგზავრებით, რა? სადმე ცენტრში ჩამომსვით.
შევყოყმანდი. თუ ეჩქარება, რატომ ტაქსით არ წავა? სულ რამდენიმე მეტრში ტაქსების გრძელი რიგი დგას, კლიენტს ჩასაფრებული მძღოლებითურთ. რაღა ჩემს დაშპაკლულ მერანს მოადგა?!
- იცით, საფულე მომპარეს, კიდევ კარგი, მობილური ჯიბეში მქონდა, - ამიხსნა სხაპასხუპით და უკან მიიხედა, თითქოს ვიღაც მოსდევდა, - ძალიან გთხოვთ, წამიყვანეთ, თუ საჭიროა, ფულს მერე გადაგიხდით, ადგილზე.
ავიქოჩრე. ამას ჭიჭიკო ხომ არ ვგონივარ?!
- დაჯექი, დაჯექი, არ მჭირდება შენი ფული, - კისერწაგრძელებულმა შევიჭყიტე სარკეში. მაკიაჟი გამეცრიცა, თმა ამეწეწა, მაგრამ მაინც არ ვგავარ ჭიჭიკოს.
ქალიშვილი უკანა სალონში შემოხტა, როგორც ტაქსიში. თავი აღარ გამომიდვია, მანქანა დავძარი და ნელი სვლით დავტოვე აეროპორტის ტერიტორია. ტრასაზე სიჩქარეს მოვუმატე, მაგრამ მგზავრზე სათანადო ეფექტი ვერ მოვახდინე, ჩემთვის არ ეცალა, გამწარებული აწკაპუნებდა მობილურის კლავიშებს - მესიჯს თუ გზავნიდა. შემოდგომის პირობაზე შილიფად ეცვა - ხელოვნური ბეწვით მოქობილი წითელი ჟაკეტი და კუბოკრული ქვედაკაბა. ფეხსაცმელი ვერ დავინახე, სკამის საზურგე ეფარებოდა. სამაგიეროდ, დავინახე მის თხელ მაჯას ხელბორკილივით შემოსალტული ოქროს მასიური სამაჯური. სამაჯურს ძოწის