საკურორტო განდაგანა
მწველი მზე, მშვიდი ზღვა, ცხელი ქვიშა... ყველაფერი ისეა, როგორც თბილისურ ოცნებაში წარმომედგინა, ეგაა, აღმაფრენას ვერ ვგრძნობ. ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, სამოთხეშიც რომ დასვა, ერთ კვირაში მთქნარებას დაიწყებს. არ ვიცი, ვის როგორი ჰგონია სამოთხე, მაგრამ როცა გაკვეთილებით დაღლილი და „ფერშტაინის“ ძახილით გაბეზრებული თავს ზღვაზე წარმოვიდგენდი, სიმშვიდისა და ბედნიერების განცდა მეუფლებოდა.
იათამზე მდივანი გახლავართ, პროფესიით გერმანული ენის მასწავლებელი, მოწოდებით - ახლართულ-ჩახლართული ამბების რისხვა და გასაღები. ვასწავლი კოლეჯში, მყავს ხუთი კერძო მოწაფე, ერთი ქმარი და საყვარელი დისშვილი მიკა, რომელმაც გადაწყვიტა, შვებულებისთვის განკუთვნილი ორიოდე დღე დაძაბულობაში მამყოფოს და ბათუმში ამეკიდა, მაშინ, როდესაც ჩემი ძვირფასი დაიკო, მეუღლითურთ, აპენინის ნახევარკუნძულის ერთ-ერთ პლაჟზე ირუჯება.
კენჭებმა ბეჭები მატკინა, გაჭირვებით წამოვიმართე და მიკას ძებნაში თვალები გავაცეცე. უნდა ვაღიარო: თექვსმეტი წლის მოზარდის მწყემსვას თექვსმეტი გაკვეთილის ჩატარება მირჩევნია, მაგრამ უარის თქმა მომერიდა. ჩემი საბრალო დაიკო მთელი წელი სამზარეულოშია დაბმული, ძლივს ეღირსა ადამიანური დასვენება... ვიდრე დათა ბათუმში იყო, მიკას მეტ-ნაკლებად ვიმორჩილებდი, ორი დღის წინ კი ჩემს ქმარს შვებულება ამოეწურა და თბილისში გაქუსლა, მე კი ჰუბერტატულ პერიოდში მყოფი მიკა შემრჩა. წუხელ ღამის სამ საათამდე მაყურყუტა სასტუმროს აივანზე, ოთხის წუთებზე კი ნასვამი და სალაპარაკოდ მომართული დაბრუნდა, ძლივს ჩავაგდე ლოგინში.
დღეს პატივი დამდო და ჩემთან ერთად პლაჟზე წამოსვლა იკადრა. გამიხარდა. ვიფიქრე, სანამ ზღვაში ვიქნები, ჩანთას მაინც უყარაულებს-მეთქი. საქმეში ხარ? ორი საათია, მზეზე ვიხრუკები - მიკამ უბნელები აღმოაჩინა და ისეთი სისწრაფით აორთქლდა, გაპროტესტებაც ვერ მოვასწარი.
ნაპირზე ბავშვები ჭყუმპალაობდნენ, ყვავილებიან საბანაოში გამოკვართული ფერხორციანი ქალიშვილი გასაბერ ლეიბზე აძრომას ცდილობდა, ზოლიან ტრუსიანი გამხდარი მამაკაცი ამ რთული მანიპულაციის დაძლევაში ეხმარებოდა. „ორიფლეიმის“ იასამნისფერი ლეიბი ქალიშვილს წარამარა უსხლტებოდა საჯდომიდან, მოუხერხებელი წყვილი კი სიცილით იჭაჭებოდა.
რაღაც მომენტში ქალიშვილმა მოიხედა და მე ნაცნობი ფარმაცევტი ვიცანი. ჩემი სასტუმროს წინ, აფთიაქში მუშაობს. ამას წინათ, ტკივილგამაყუჩებელი ვიყიდე. ერთი წელია მიკა კბილის ტკივილით იტანჯება, მაგრამ სტომატოლოგთან ვიზიტს ინდაურივით წამლების ყლაპვა ურჩევნია. ეს უკვე შიში კი არა, ფობიაში გადაზრდილი აკვიატებაა. მე რომ მკითხო, ამ ბიჭს ჯერ ფსიქოთერაპევტი სჭირდება.
თუ მიკა დროზე არ გამოჩნდა, მგონი, აქეთ დამჭირდეს ექიმის დახმარება. მცხელა, კეფა მტკივა, გული მიფრიალებს, ყურებში შხუილი გააქვს მსოფლიოს ყველა ნიჟარას ერთად. შორს რამდენიმე ბუზისხელა თავი ჩანს, ვინ იცის, ერთ-ერთი მიკასია... ხომ შეიძლება ფეხი გაუშეშდეს ან მედუზამ დასუსხოს?!
ზღვას ზურგი ვაქციე, ვითომ ვერ ვხედავ. ხალხი ნელ-ნელა ტოვებდა პლაჟს, უფროსებს ძლივს გადაჰქონდათ სიცხისგან დამძიმებული ფეხები, პატარები ყოჩაღად მიკუნტრუშებდნენ - პანამებით, რგოლებით, შლოპანცებით...
უცებ მიკა დავინახე, ბულვარის მხრიდან ამოყვინთა ორ ყმაწვილთან ერთად. გულზე მომეშვა, მაგრამ თავის დაფასება გადავწყვიტე.
- იაკო, ფული მინდა, - ბოდიშის მოხდა არც უფიქრია, მაშინვე რეკეტზე გადმოვიდა.
- დილით არ მოგეცი ათი ლარი? - რბილად შევახსენე.
მიკამ ბიჭებზე მანიშნა.
- გუშინ კი ორმოცი, - გავაგრძელე.
- იაკო...
„უბნის“ თანდასწრებით კონფრონტაციაში შესვლას მოვერიდე და საფულიდან ხუთლარიანი კუპიურა ამოვაფრიალე.
- დამცინი? - მიკა შეურაცხყოფილი მიაჩერდა ხუთლარიანს, თითქოს ხუთ თეთრს ვთავაზობდი.
- შენ მე ბილ გეიტსი ხომ არ გგონივარ?
- ეჰ, მაგის ბედი ვინ მომცა...
- დიდი მადლობა.
- იაკო, მაგარი ნაშა ავაგდე, ხუთ ლარად ტუალეტში დავპატიჟო? - ხმას დაუწია მიკამ.
- ასე თუ გააგრძელე, ორ დღეში შეგვიძლია ბარგი ჩავალაგოთ.
- ოცი ლარი მაიტა და მეტს არ მოგთხოვ.
- მიკა!
- დროზე, სირცხვილია, - მიკამ წარბები შეათამაშა, შემაშინა თავისი ჭკუით.
სხვა რა გზა მქონდა, ოცლარიანი მივაშავე, ოღონდ იმ პირობით, რომ ცოტა ხნით პლაჟზე დატეულიყო და ხელჩანთისთვის ეყარაულა.
პასუხს აღარ დავლოდებივარ, დგაფუნით შევვარდი წყალში, ჩავყვინთე-ამოვყვინთე, როგორც იტყვიან, ხელმეორედ დავიბადე. მზის გულზე წოლით ბოლი უნდა აგივიდეს, რომ წყლისგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღო. ჩავუქროლე იასამნისფერ ლეიბზე ამხედრებულ ფარმაცევტს თავისი თაყვანისმცემლითურთ და ბრასით გავწიე ჰორიზონტისკენ. თურქეთის ტერიტორიულ წყლებში არ გადავსულვარ, მაგრამ გაბრაზებულ გულზე საკმაოდ ღრმად შევცურე, ყოველ შემთხვევაში, როცა მოვიხედე, ნაპირი პრაქტიკულად არ ჩანდა.
მგონი, საკმარისია, თორემ მიკას ჭკუა არ დაუშლის, მიატოვებს დისლოკაციის ადგილს და განაღდებული ოცი ლარით მოკურცხლავს.
ზურგზე დავწექი, თვალები დავხუჭე და ნება-ნება გავსრიალდი ნაპირისკენ. მხოლოდ ფეხის ტერფებს ვამოძრავებდი, ნაკლები ენერგია რომ დამეხარჯა.
ქუთუთოებზე