შეშლილი თაფლობის თვე
არა, არ მიყვარს ხალხმრავალი ცერემონიები, ჩემგან ვერც მსახიობი დადგებოდა, ვერც მომღერალი, ვერც პოლიტიკოსი. ამიტომ ის ვარ, რაც ვარ - გერმანული ენის მასწავლებელი. თუმცა, ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში ერთხელ მაინც დგება მომენტი, როცა ყურადღების ცენტრში ყოფნას ვერსად გაექცევა. ბოლოს და ბოლოს, სიკვდილი არავის აგვცდება. როდესაც ჩემს თავს კუბოში, თეთრი იორდასალამებისა და შავოსანი ჭირისუფლის გარემოცვაში წარმოვიდგენ, უცნობი ჯარისკაცის ბედს შევნატრი. არ იფიქროთ, საიქიოს გასაყარიდან ვღაღადებ, არა, ბატონებო, ჯერჯერობით თავს მშვენივრად ვგრძნობ და სულაც არ ვაპირებ მიქელ-გაბრიელთან ჩახუტებას. უბრალოდ, გავთხოვდი.
დიახ, საკუთარ ქორწილზე მოგახსენებთ. მე - 33 წლის იათამზე (ია, იამზე, იკო, ბზიკო) მდივანი გავთხოვდი. ცოლად გავყევი 40 წლის ქვრივს დათა (დავით) მეტრეველს, რომელიც სასაფლაოზე მისი გარდაცვლილი მეუღლის საფლავთან გავიცანი. თუკი რომელიმე თქვენგანმა გალაკტიონის „მესაფლავე“ წარმოიდგინა და რომანტიკულ ნოტზე აეწყო, აქვე ვურჩევ მიწაზე დაშვებას. დათას გაცნობის დღე იყო ყველაზე მძაფრსიუჟეტიანი ჩემს ცხოვრებაში, რომელმაც, კომპენსაციის სახით, დათას თავი მაჩუქა. ვინაიდან ყველაფერი შეუღლებით დაგვირგვინდა, თავს უფლებას მივცემ, ჩემი თავიც საჩუქრად მოვიაზრო, ყოველ შემთხვევაში, დათასთვის.
ჩვენ არ გვქონია ტრადიციული ქართული ქორწილი - მანქანების ესკორტით, სამსართულიანი სუფრით, მჭექარე თამადით, ჭიქაზე ჩანგლის კაკუნითა და საცივში ჩასვენებული თავით... ეს ღირსშესანიშნავი თარიღი ვიწრო, ოჯახურ წრეში აღვნიშნეთ და რომის ნაცვლად დაბა მანგლისში გავემგზავრეთ.
რატომ მანგლისი და არა რომი, როგორც ადრე გვქონდა დაგეგმილი? მიზეზი დათას 18 წლის ქალიშვილის, დეას გერმანიაში გამგზავრება გახლდათ, რომელსაც მოწვევა მოუვიდა ზაარლანდის უნივერსიტეტიდან. ამ ზამთარს დეა უკვე სტუმრობდა გერმანიას კონკურსში გამარჯვებულის სტატუსით და აქედან გამომდინარე, პრაქტიკულად უფასოდ. ამჯერად დამოუკიდებლად მიემგზავრებოდა, თავისი გონებრივი შესაძლებლობებისა და იმ სტიპენდიის იმედზე, რომელსაც უნივერსიტეტი გადაუხდიდა. მივთვალეთ-მოვთვალეთ და მივხვდით - სტიპენდით, დიდი-დიდი, ბინის დაქირავება და დღეში ერთი ჰამბურგერის ჭამა მოახერხოს. ჩემს გინეკოლოგ ქმარს ნამდვილად არ ჰქონდა იმდენი შემოსავალი, რომ ევროპაშიც გაჯეჯილებულიყო ახალშერთულ ცოლთან ერთად და შვილის სწავლა-განათლებაც დაეფინანსებინა. საოჯახო საბჭოზე გადაწყდა - მთელი არსებული და არარსებული ფინანსები დეას სწავლა-განათლებაზე მიგვემართა, ჩვენ კი საქართველოს ფარგლებში დავტეულიყავით. რომის კოლიზეუმს არც ჩვენ გარეშე აკლია დამთვალიერებელი.
ასე და ამგვარად, გაცნობის წლისთავზე მე და დათა აღმოვჩნდით დაბა მანგლისში, დათას ახლობლის, თემო მუსერიძის აგარაკზე, სადაც უნდა გაგვეტარებინა დაუვიწყარი თაფლობის თვე.
არ ვიცი, ვის რამდენად ახსოვს საკუთარი თაფლობის თვე, მაგრამ მე ის არასოდეს დამავიწყდება. თუ ვინმე ინტიმური დეტალების მოსასმენად მოემზადა, აქაც იმედგაცრუება ელის. რომ გითხრათ, პირველი ღამის წარმოდგენისას სასიამოვნოდ მეკუმშებოდა დიაფრაგმა, მოგატყუებთ. არც მე გახლავარ უმწიკვლო ქალწული, არც დათა - ჰიპერსექსუალური ვამპირი. ჩვენი ურთიერთობის გაოფიციალურებას წინ უძღოდა არა ერთი თეთრად გათენებული ღამე, როცა ორივე ერთად და თითოეული ცალ-ცალკე მისხალ-მისხალ ვწონიდით ამ კავშირის დადებით და უარყოფით მხარეებს. ცხადია, შიგადაშიგ სიყვარულს ვეძლეოდით - ჩემმა მტერმა ათიოს მთელი ღამე სჯა-ბაასით.
თბილისი-მანგლისის გზაზე ჯაყჯაყმა გალახულ სირაქლემას დამამსგავსა. გასავათებულმა შევაღე რკინის ჭიშკარი და დიდსა და ლამაზ, თუმცა მოუვლელ ეზოში შევაბიჯე.
სიღრმეში იდგა მყარად ნაშენი, არაფრით გამორჩეული აგურის ორსართულიანი სახლი. ასეთ უსახურ სახლებს თვალის ასახვევად გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში აშენებდნენ კომპარტიის მესვეურები. ორიგინალური ექსტერიერი მაშინ მექრთამეობასა და დამპალ კაპიტალიზმთან ასოცირდებოდა.
დათამ ბარგი ეზოში შემოზიდა, მაგრამ დაბინავება დაეზარა და იქვე, მწვანედ აბიბინებულ კოინდარზე სულის მოსათქმელად გაიშოტა. მეც მივუწექი. ზევით - კრიალა ცა, გარშემო - ტყე, გვერდით - საყვარელი ადამიანი... მეტი რა უნდა ნორმალურ ადამიანს სრული ბედნიერებისთვის? - არც არაფერი!
რას წარმოვიდგენდი, რომ სულ რამდენიმე საათში „სრული ბედნიერების“ განცდა ისევე შორს იქნებოდა ჩემგან, როგორც... როგორც საოცნებო რომის კოლიზეუმი.
დავიწყებ თავიდან და ვეცდები, ვიყო თანმიმდევრული...
ჩემი და აწ უკვე ჩემი მეუღლის ბალახოთერაპია დიდხანს არ გაგრძელებულა. მთელი დღეც ვიწვებოდი სასიამოვნოდ გამომათაყვანებელ ტრანსში, მაგრამ ყოფითმა პრობლემებმა თავი შემახსენა, მე კი დათას შევახსენე, რომ ჭიშკართან დაგდებული მანქანა ეზოში შემოყვანას საჭიროებდა, საბარგულში მოთავსებული პროდუქტი - დახარისხებას, სახლი - საფუძვლიან დალაგებას. ეს ყველაფერი დაღამებამდე უნდა მომესწრო, რომ მერე დამშვიდებული სინდისით გავსულიყავი ტყეში ფილტვების გასახალისებლად.
„სინდისის დამშვიდება“ მხოლოდ ღამის ორ საათზე მოვახერხე, ისიც ნაწილობრივ. სახლი იმდენად იყო მიშვებული, რომ ნახევარი დღე მარტო სამზარეულოს ხეხვას მოვუნდი. მერე ფანჯრებს მივადექი, მერე იატაკს, ბოლოს ისე დავიღალე, ძლივს მივიტანე ფეხები საძინებელ ოთახამდე, სადაც პატარძლის მოლოდინში სიძეს პატიოსნად ჩასძინებოდა. მოშიშვლებულ მკერდზე