შემოდგომა მშრალ ხიდზე ეს ამბავი თორმეტი წლის წინ მოხდა...
ვიცი, რაც იფიქრეთ: რა დროს წარსულის გახსენებაა, ახალ თავგადასავლებს ჩამოდიო. მეც მანდა ვარ, მაგრამ ოქტომბერმა ყოველგვარი ექსცესის გარეშე ჩაიარა. დათა, ჩემი ქმარი, ჩვეულებრისამებრ განაგრძობდა თავის მეან- გინეკოლოგიურ საქმიანობას, შინ მგელივით მშიერი და გლეხივით დაღლილი მოდიოდა, მე ჩვეულებისამებრ დავდიოდი კოლეჯში, გაკვეთილს „Guten morgen, kinder!“-ით ვიწყებდი და „Fershtein, kinder “-ით ვამთავრებდი. ჰო, კიდევ თმას ვიზრდიდი, რომელიც ჩემს დეტექტიურ ვნებებს შეეწირა და ახლა იძულებული ვარ, თავგადახოტრილმა ვიარო.
სწორედ იმ დღეს, როცა გავიფიქრე, მშვიდი ცხოვრება რაღაც საეჭვოდ გამიგრძელდა-მეთქი, ტელეფონმა დარეკა. უცნობმა მამაკაცმა, რომელმაც თავი BMW-ს ცენტრის მენეჯერად გამაცნო, სენსაციური ამბავი მაუწყა: თურმე, ჩემს სახელზე ამერიკის შეერთებული შტატებიდან გამოგზავნილია BMW-ს უახლესი მოდელის ავტომობილი.
- „ბეეე...ემვეე“? - ცხვარივით ავბღავლდი.
- დიახ.
- მე?
- დიახ.
- ვისგან?
- არ ვიცი. საბუთებში მხოლოდ ფირმის დასახელებაა მითითებული, გამომგზავნმა ინკოგნიტოდ დარჩენა არჩია, - იყო პასუხი.
„ინკოგნიტოს“ გაგონებაზე ჩემმა მოდუნებულმა ტვინმა წამიერად იფეთქა და იქვე დაშოშმინდა. არავითარ შემთხვევაში! ვიდრე თმა არ გამეზრდება, ტაიმ-აუტი მაქვს აღებული. როდემდე შეიძლება კდემამოსილმა პედაგოგმა ქალმა თავზეხელაღებული პოლიციელივით სდიოს დამნაშავეებს, ცოტა სამართალდამცავებიც გაინძრნენ, რა?!
გონების თვალი გადავავლე ჩემს ამერიკელ ნაცნობებს. ოკეანის გადაღმა ერთი ცალი საბურავის გამომგზავნიც არ მეგულება, არათუ გასრიალებული ავტომობილის ოთხი საბურავითა და ჯერაც მაზუთიანი მოტორით. Das ist fantastisch!
- ქალბატონო, „ბე-ემ-ვეს“ ცენტრში მობრძანდით და აქ გავარკვევთ ყველაფერს. მანქანის სალონში რაღაც ამანათია...
„ამანათზე“ ხომ საერთოდაც დავკარგე მეტყველების უნარი. ეს უსაფრთხო სიტყვა სახიფათო რეაქციაში შევიდა ზემოხსენებულ „ინკოგნიტოსთან“ და ჩემს ისედაც დაზარალებულ თავის ქალას აფეთქებით დაემუქრა.
- იქნებ ვიღაცაში ვეშლები? - როგორც იქნა, ამოვღერღე.
- შეუძლებელია. მართალია, საბუთებში თქვენი ძველი მისამართი წერია - ფალიაშვილის ქუჩა, მაგრამ ჩვენ ყველაფერი გადავამოწმეთ და, როგორც იქნა, მოგაგენით.
წარმოუდგენელია, ერთ ქალაქში ცხოვრობდეს ორი იათამზე მდივანი, ერთსა და იმავე დროს დაბადებული, ერთსა და იმავე მისამართზე მცხოვრები...
გამახსენდა ქართული ფილმი „ჭრიჭინა“, სადაც ორ სოფლელ ქალს ერთნაირი სივი აქვს და სულ რაღაც გაუგებრობაში ხვდებიან. აბა, დელი, დელი, დელი, დელაააა... აა... ააა...
ცოტა დამაკლდა, ტელეფონში წავიღიღინე და ვიდრე გახალისებული რამე სისულელეს ჩავიდენდი, მენეჯერს დავემშვიდობე და მისვლას დავპირდი.
საკუთარი მანქანა - ჩემი ბავშვობის თუ არა, მთელი შეგნებული ახალგაზრდობის ოცნებაა, მაგრამ როგორ მივიღო ძვირად ღირებული საჩუქარი ინკოგნიტო ქველმოქმედისგან? ჯანი გავარდეს, მე მივიღებ, აი, დათა კი ფაფარს აიშლის - ვინ არის, რატომ, როდის...
„იქნებ ავანსია?“ გულში ამბიციურმა ფიქრმა გამკრა. დავუშვათ, ვიღაცას ჩემი დახმარება სჭირდება და წინასწარ მომთაფლა. სარკესთან შევდექი, შევიფერესავით. აბა, დელი, დელი, დელი, დელაააა... აა... ააა...
არა, სისულელეა. თავის მოტყუების უბადრუკი მცდელობა.
რომელი პედრო ალმადოვარი მე ვარ, წინასწარ ჩამიჯიბონ ავანსი.
ამანათი!
აი, რამ შეიძლება მოჰფინოს ნათელი ამ საქმეს!
ნახევარ საათში „ბე-ემ-ვეს“ ცენტრში ვიყავი და ნეფესავით გამოწკეპილ მენეჯერს ვემუსაიფებოდი. ის დროა, ჩემი „პატარძალი“ მაჩვენოს, ის სადღაც აქ არის, გამომწვევად ალაპლაპებული ავტომობილების რიგში და მე მელოდება. მე! მართალია, ჯერ ვერ ვხედავ, მაგრამ კანის რეცეპტორებით ვგრძნობ მის სიახლოვეს. ვგრძნობ და ვიზაფრები. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, საჩუქარი თუ დამზაფრავდა.
- ესეც თქვენი მერანი! - წკიპინა მენეჯერი ღია მელნისფერ „ბე-ემ-ვე“-სთან შედგა.
სუნთქვაშეკრული მივუახლოვდი. ასეთ „მერანზე“ არც მიოცნებია (როგორ გავბედავდი?!) ასეთები მხოლოდ სარეკლამო რგოლებში მინახავს.
მენეჯერმა კარი გამოაღო, საჭესთან მიმიპატიჟა, მაგრამ მე უკანა სალონში შევყვინთე, სადაც იდო ამანათი - მართკუთხედი მუყაოს ბრტყელი კოლოფი, ასე 50-70 სანტიმეტრზე.
- შეიძლება გავხსნა?
- რა თქმა უნდა, - მენეჯერი ტაქტიანად გაჩოჩდა დარბაზის სიღრმეში, მე ამანათს დავეძგერე.
ხუთიოდე წუთი სკოჩის აძრობას მოვანდომე. თითებით რომ ვერ მოვახერხე, საქმეში კბილებიც გავუშვი. პირველად სპეციფიკური სუნი მომხვდა ცხვირში - თუ არ ვცდები, ზეთის საღებავის, მერე ჩარჩო დავინახე, ბოლოს ნახატიც ამოვაძვრინე.
გაოგნებული მივაშტერდი. ღმერთო ჩემო, ეს მე ვარ - გრძელი თმა, მოკლე წინამო, მომწვანო თვალებში ჩაქსოვილი რომანტიკა, ბალახისფერი პლაშჩი... დღეს არც გრძელი თმა მაქვს, არც წინამოს ვატარებ, რომანტიკული მზერა კი გაცვდა და გახუნდა იმ პლაშჩთან ერთად, რომლითაც ერთ დროს ძალიანაც მომქონდა თავი. ასეთ იათამზეს ათი-თორმეტი წლის წინ დავემშვიდობე. მე კი დავემშვიდობე, მაგრამ ვიღაცას, ეტყობა, არ დავიწყებია. მეტიც, ტილოზე გადაუტანია (ან