სიკვდილის რეპეტიცია
მეღირსა! ჩემმა ქმარმა მანქანა გამოცვალა. ნახმარი „ოპელი“ მე გადმომილოცა, თვითონ „ბეემვეს“ მოახტა. მე რომ მკითხო, ახალბედა მძღოლისთვის ძველი მანქანა მისწრებაა, სინდისი არ მომცემდა უფლებას, ჯერაც ტაოტიან ავტოზე გამომეცადა ჩემი დილეტანტობა, თუმცა არც დათას ჩაბარებია „ბეემვე“ ქალწული. ჩვენამდე მთელი ორი წელი ემსახურებოდა დათასავე კოლეგას, რომელმაც საბანკო კრედიტის დასაფარად ლამის მთელი უძრავ-მოძრავი ქონება გაყიდა და დათას საოცნებო მანქანაც თან მიაყოლა.
ეს, რაც შეეხება მატერიალურ მხარეს. გადავდივარ ემოციურზე.
ჩემგან რომ შუმახერი არ დადგებოდა, ვიცოდი, მაგრამ მანქანის დაძვრაზე თუ ამდენს ვიწვალებდი, ნამდვილად არ მეგონა. ხან პარპრიზს მივეხეთქე შუბლით, ხან საჭეს - მკერდით... აღარაფერს ვამბობ სიჩქარის გადამრთველზე, რომელიც კინაღამ ძირფესვიანად ამოვგლიჯე კოლოფოდან. არა, რა, ველურ მუსტანგს უფრო იოლად გახედნის კაცი, ბოლოს და ბოლოს, შოლტს გადაუჭერ, დასჭყივლებ, ფაფარს დააწიწკნი... ავტომანქანა ტექნიკური რევოლუციის პირმშოა, რომ ჩახვდე მისი მუშაობის პრინციპს, უნდა წარმოიდგინო, რა ხდება შიგნით. წარმოდგენით წარმოვიდგინე, მაგრამ მაინც ვერ გავიგე, რა დატვირთვა აქვს მანქანის მოძრაობაში ე.წ. გიტარებს.
არა, არ მიყვარს ჰუმანიტარები. თუ გნებავთ, ჩემი თამადობით. ბევრს ლაპარაკობენ და ცოტას ფიქრობენ. თუ ფიქრობენ, ყოვლად გაცვეთილი, მესიანური იდეები უტრიალებთ თავში - ნაციონალიზმი, სიონიზი, სეკულარიზმი, ფუნდამენტალიზმი... სინამდვილეში ლურსმნის დაჭედება არ იციან, „კრესტავინაზე“ ხომ ლაპარაკი ზედმეტია.
გამარჯობა, იათამზე მდივანი ვარ. პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალული სახელით მამამ დამაჯილდოვა, დღესაც არ ვიცი, რამ გაახსენა ია და მზე შუაგულ ზამთარში, როცა თქვენი მონა-მორჩილი მოევლინა ქვეყნიერებას.
იმ დილით საკმაოდ გმირულად ჩავუქროლე გმირთა მოედანს. ის იყო, თავი სამშვიდობოს მეგონა, ვარაზისხევის აღმართზე გავიჭედე. ვერც წინ დავძარი, ვერც უკან, უფრო სწორედ დაძვრის მცდელობისას მანქანა რატომღაც უკან მიგორავდა, პირდაპირ თვალებდაყვლეპილი „მერსედესისკენ,“ რომელიც მაინცდამაინც მე ამომიდგა. იმის წარმოდგენაზე, როგორ აკოცებს ჩემი უკანა ბამპერი მის წინას, ხელისგულები გამიოფლიანდა. „მერსმა“ საფრთხე იყნოსა, მკვეთრად აიღო საჭე და ისეთი სისწრაფით ჩამიწუილა, თითქოს შარაგზაზე დაგდებული ხელყუმბარა ვიყავი და არა გერმანული ენის პედაგოგი.
როგორც იქნა, ჭავჭავაძეზე გავივაკე, უფალს მადლობა შევწირე და უსაფრთხოების მიზნით მიკროავტობუსს დავაჯექი კუდზე.
არა, რა... ჩვენსავით დაუმორჩილებელი ერი დედამიწის ზურგზე არ არსებობს! სულ რომ ბუტიკების ქსელებით დაფარონ მიწისქვეშა გადასასვლელები, ქართველი მაინც ქუჩაზე გადადის, ქვეცნობიერი პროტესტი მიაქანებს „დინების საწინააღმდეგოდ“. არის ამაში რაღაც სადომაზოხისტური - მეც მოვკვდები, მაგრამ შენც გაგიყოლებ. მე რომ ქალაქის მერი ვიყო, ყველაზე დიდ ჯარიმას ფეხით მოსიარულეებზე დავაწესებდი.
მშვიდობიანად მივაღწიე კოლეჯამდე. მანქანა ირიბად შევასკუპე ტროტუარზე, კოჭლი ქათამივით, და კმაყოფილმა მივაჭირე სიგნალიზაციის ღილაკს.
სამასწავლებლოში პოლიტიკური დებატები გაემართათ, დერეფანშივე მომესმა წინასამიტინგო გუგუნი.
როცა საქმე აზრთა სხვადასხვაობას ეხება, ჩვენი კდემამოსილი პედაგოგები საოცარ მეტამორფოზას განიცდიან. მაგალითად, მათემატიკოსი ლიანა, რომელიც ჩვეულებრივ ცხოვრებაში ერთი მეოჯახე ქალია, პირსისხლიან ვამპირს ემსგავსება - ქვედა ყბაზე ორი ეშვისმაგვარი წამონაზარდი უელავს, რომელიც სხვა დროს არ შემიმჩნევია. პატივცემული თამარი, რომლის ფართო დიაპაზონის ხმაზე სკოლაში ლეგენდები დადის, ამჯერად სარგადაყლაპულივით ზის, თუმცა აფორაჯებული სახე თავისთავად მეტყველებს - რის ფასად უჯდება ეს სიჩუმე. თამარის სიძეს სამთავრობო სტრუქტურაში მაღალი პოსტი უჭირავს, ხელისუფლების კრიტიკას პირად შეურაცხყოფად აღიქვამს და გულზე სკდება. ხმასაც რომ ვერ იღებს?! მაშინვე ყელში სწვდებიან - პირადი გამორჩენა გალაპარაკებსო. კიდევ კარგი, მის ნაცვლად სხვები იჭაჭებიან. „ქართული“ ისე წიკვინებს, მამასისხლად ჩადგმული პროთეზი ლამის მაგიდაზე გადმოაფურთხოს, „ფიზიკა“ კი ისე ენერგიულად ეთანხმება, მეშინია, თავი არ მოსძვრეს.
დებატებს დალაი ლამას სიმშვიდით ადევნებდნენ თვალს სახელოვან წინაპართა პორტრეტები - შოთა, ილია, აკაკი...
შედარებით ნეიტრალური ადგილისკენ გავემართე, მაგიდის ბოლოში, სადაც თავისთვის ჭორაობდნენ ისტორიის მასწავლებელი მაგდა შათირიშვილი და დაწყებითი კლასების პედაგოგი ნათია გუნია.
- ამდენ ნერვიულობას, გეყიდა ერთი ტესტი და გაიგებდი. - თქვა მაგდამ რომაულპროფილიანმა მკერდსავსე, ძვალმსხვილმა ქალმა.
- გამორიცხულია, ფეხმძიმედ ვიყო, - უპასუხა ნათიამ. - სპეციალური გრაფიკი მაქვს შედგენილი, რომელ დღეებში შეიძლება, რომელში - არა.
- ზევიდან თუ ჩამოგაფურთხეს, არ ვიცი.
- ნუ იცი ხოლმე აგდებული ლაპარაკი, - ეწყინა ნათიას, - ისედაც გახეთქვაზე მაქვს გული. კიდევ ერთი აბორტი რომ ვუხსენო დედაჩემს, ანათემას გადამცემს მეც და ჩემს ქმარსაც.
- დედაშენი რა შუაშია?
- აბა, ვინ მომცემს აბორტის ფულს?
- ქმარი.
- კარგი, რა... გუშინწინ ბაბუამისის მონოგრამიანი საათი გაყიდა და პამპერსი და ჯინსი იყიდა.
- ჯინსი? - გაუკვირდა მაგდას.
- აბა,