დაშლა
I’m a fountain of blood
In the shape of a
დგას და დაჰყურებს. ზემოდან. დგას გაუნძრევლად, ისევე გაუნძრევლად, როგორც ის წევს, ვისაც ზემოდან დაჰყურებს. აი, როგორი სუნი ჰქონია სისხლს. ცდილობს, დაიმახსოვროს, ადარებს თავისთვის ნაცნობ ყველა სუნს და იმახსოვრებს. ასე უფრო ადვილია – რაღაცაზე უფრო მომჟავო, რაღაცაზე მოტკბო, და უცებ ხვდება, რომ შედარებას აზრი არა აქვს, ეს სუნი უკვე დაიმახსოვრა, მისი გახსენების ერთადერთი გზა კი ისევ, ხელახლა შეყნოსვაა. მრავალი წელიც რომ გავიდეს, სრულ სიბნელეშიც, სადაც თვალი ვერაფრით დაეხმარება, უცდომელობის გზაზე ვერ დააყენებს და მხოლოდ ყნოსვის იმედად იქნება, უეჭველად მიხვდება, რომ ეს სისხლია. ეს სუნი აღარაფერში აერევა და არა იმიტომ, რომ გონებაში მოხერხებულად დააბინავა, ადგილი მიუჩინა სხვა სუნებს შორის, სახელი დაარქვა; არა, უფრო პირიქით – ვერც ერთ მოტკბო, მომჟავო, უსიამოვნო თუ სასიამოვნო სუნთან ვერ დააწყვილა ის, რასაც ახლა შეიგრძნობდა, გამორჩეულის დამახსოვრება კი იოლია. დგას და დაჰყურებს სხეულს. ლამაზია, ასე ფიქრობს. ვერ აკავებს ამ ფიქრს. ვერც სხვა ფიქრებს, ისე სწრაფად დაქრიან. ყველა თითქმის ერთნაირია, ან სულ ოდნავ განსხვავებული, და ეს მსგავსება ურევს თავგზას, როგორც გერმანული არტიკლები სხვადასხვა ბრუნვაში. ალბათ, თავს მოთოკავდა, ფიქრებს უარყოფდა, ძალიან განსხვავებულები რომ ყოფილიყვნენ, მაგრამ არა – ისე ჰგვანან ერთმანეთს, ისე ახლო-ახლო ჩამწკრივებულან, ვერაფრით გაარჩევ, სად მთავრდება ერთი და სად იწყება მეორე. ხან გაუელვებს, რომ ეს სხეული ლამაზია, ხან მიმზიდველი, ხან მამაკაცური, ხან ჯერ კიდევ ბიჭობაში ჩარჩენილი, მაგრამ მაინც მამაკაცური; თან გუბეზე ფიქრობს, დიდ გუბეზე, არც ისე სუფთა თეთრ ხალიჩაზე რომ გაშლილა წითლად. თეთრი სახიფათო ფერია, ფიქრობს ის, არაფერს მალავს. თითქოს განზრახ დააწვინეს ასე ლამაზად ეს სხეული, განზრახ დაადებინეს თავი ხალიჩაზე, რომ ირგვლივ სისხლის შარავანდედი შემორტყმოდა. არა, შარავანდედი კი არა, ყვავილი, უელავს ახალი ფიქრი. ფეხები ოდნავ მოკეცვია, ცალი ხელი მუცელზე უდევს, მეორე კი განზე გადაუშლია. მზერით უკან და მაღლა იხევს, სცილდება სხეულს, ჰერბარიუმში ახლად ჩაკრული ყვავილია, ფიქრობს და იქვე მომდევნო ფიქრი არ აცდის ამის უარყოფას – ახალმოწყვეტილი ყვავილია, ფერები ჯერ რომ არ გახუნებია. რამდენ წუთში ხუნდება სისხლი? რამდენ ხანში კარგავს სუნს? ხომ არ დავდგები და დაველოდები? საიდან მოდის ეს უაზრო შედარებები? თავს ვერ ერევა, ფიქრები დაურბიან – მსგავსიდან მსგავსისკენ. ლამაზია სხეული, რომელიც კვდება, ლამაზია სისხლის გუბე, შემზარავ სიჩუმეში სისხლი მოჟონავს გატეხილი შუბლიდან და ხალიჩაზე ლაქა ძლივს შესამჩნევად ფართოვდება, ფართოვდება. თვალები ღია აქვს, არადა, ეგონა, ასე მხოლოდ კინოში კვდებოდნენ, რომ მაყურებელს მსახიობის მეტყველი თვალები ახლო ხედით დაენახა, რომ შეყვარებულს ან მეგობარს აკანკალებული ხელით დაეხუჭა მკვდარი გმირისთვის გაშეშებული მზერა და თითქოს ბოდიში მოეხადა, ვერაფრით დაგეხმარეო. თურმე არა, თურმე მართლა ასე ყოფილა. თვალღია კვდება სხეული. რა უცნაურია, ფიქრობს ის, ადამიანად ვერ აღვიქვამ, ლამაზი სურათია, რომელსაც სუნი ასდის, ახალმოწყვეტილ ყვავილს ჰგავს, ფერი აქვს, ფორმაც, და არ მოძრაობს. უკვე მოკვდა? სად, როდის, ზუსტად რომელ წამს? უკანასკნელ სუნთქვას ამოაყოლა სული – აი, კიდევ ერთი ბანალურობა, ფიქრობს და ლამაზ სხეულს თვალს ჩააყოლებს – შუბლიდან ცხვირისკენ, ცხვირიდან ტუჩებისკენ. არა, პირი არ დარჩენია ღია, ტუჩები მკაცრად მოუკუმავს, ნიკაპი მაღლა აუშვერია. ხორხი. ადამის ვაშლი. იხრება, სახეს ყელთან მიუტანს, ისე ახლოს, რომ იქ, სადაც ყელი მარცხენა ყბას უერთდება, სამართებელს გადარჩენილ სამ ღერ თმას ამჩნევს. რა შეუსაბამობაა, ეს ღერები აქ არ უნდა იყოს, ასე ფიქრობს და სანამ ამ ფიქრს თავადვე შეეწინააღმდეგებოდეს, ისევ ახლისკენ გაურბის გონება. ლოსიონის სუნი ასდის, ახლოდან სისხლის სუნზე უფრო მძაფრია. არა, არ უნდა იყოს ასე, ეს სუნი ხელს უშლის. აჰა, ტუჩების სიახლოვეს სიგარეტის სუნიც ტრიალებს. წამით ეჩვენება, რომ სინამდვილეში ეს თავისივე სუნია და სახე ისე ახლოს მიუტანა, რომ საკუთარს უკვე მკვდარს მიაწერს. შეშდება. შეახოს ხელი? შეამოწმოს, დარჩა თუ არა სხეულში სითბო? არა, არა. ლამაზია, ლამაზია, ლამაზია, იმეორებს და შეშინებული უკან დაიხევს. ისევ ზემოდან დასცქერის. რისი შეეშინდა? მკვდარმა რა უნდა დაუშავოს? რა შეუძლია? სუნი რომ ასდის, სიცოცხლის ნიშანია? იცის, რომ სუნი მხოლოდ ჰაერში გაფანტული მოლეკულებია და ადრე თუ გვიან განიავდება, ფანჯრიდან შემოსული სუფთა ჰაერი მოერევა. ამ მოლეკულებს ვყლაპავ, ცხვირში და ყელში გადამდის. თუ სისხლი იყნოსე, ჩათვალე, დაგილევია კიდეც, ფიქრობს ის. აქ ფიქრი წყდება, აღარ ხტება სხვა, მსგავს ფიქრზე.